ელენესთვის წარუმატებელი ბერნი

AutoSharing Option

შვეიცარიის ქალაქ ბერნში გამართულმა ევროპის ჩემპიონატმა ფიგურულ ციგურაობაში გაწბილებულები დაგვტოვა, ჩვენმა იმედმა ელენე გედევანიშვილმა მე-8 ადგილი იკმარა, არადა შარშან მან საქართველოს ისტორიული მედალი მოუპოვა, - პირველი ზამთრის სახეობებში.


მოგეხსენებათ, მთავარი თავისუფალ დისციპლინაში გამოსვლაა, მოკლე პროგრამის შემდეგ ელენე მე-5 ადგილზე იყო და მედლის მოპოვების მცირე შანსს ინარჩუნებდა. შარშან ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი ჩვენებურმა სწორედ თავისუფალში კარგი გამოსვლით მოიპოვა. მაშინ მან 103,72 ქულა მიიღო, რაც ელენესთვის რეკორდულ მაჩვენებლად რჩება. ახლა კი გედევანიშვილმა ტექნიკურ კომპონენტებში სულ რაღაც 43,52 ქულა მიიღო (მხოლოდ მე-14 შედეგი

24 მონაწილეს შორის), პროგრამულში - 51,76, 1 ქულა წაქცევისთვის დააკლეს და ჯამში 94,28 ქულა დაუგრუვდა. ეს კი მე-8 შედეგია როგორც თავისუფალ პროგრამაში, ასევე - საერთო ჯამში. 21 წლის გედევანიშვილის კარიერაში ეს მე-6 ევროპის ჩემპიონატი იყო, ქრონოლოგიურად მისი შედეგები ასეთია: მე-5 (2006); მე-8 (2007), მე-7 (2008), 25-ე (2009), მე-3 (2010) და მე-8 (2011).

თავისუფალი პროგრამა ყველაზე კარგად იტალიელმა კაროლინა კოსტნერმა შეასრულა, მაგრამ ის ვერ გახდა ევროპის 4-გზის ჩემპიონი, შვეიცარიელმა სარა მაიერმა გაცილებით სტაბილურად ისრიალა და ორი დისციპლინის ჯამში ყველას აჯობა - 26 წლის მასპინძელი პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი. პირველი დღის ლიდერი კიირა კორპი კი ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა.


ევროპის ჩემპიონატი. ქალები

1. სარა მაიერი (შვეიცარია) 170,60
2. კაროლინა კოსტნერი (იტალია) 168,54
3. კიირა კორპი (ფინეთი) 166,40
4. ქსენია მაკაროვა (რუსეთი) 162,04
5. ალიონა ლეონოვა (რუსეთი) 154,31
6. ვიქტორია ჰელგესონი (შვედეთი) 151,66
7. ირა ვანუ (ბელგია) 150,66
8. ელენე გედევანიშვილი (საქართველო) 147,96
9. მაე მეიტე (საფრანგეთი) 138,74
10. ვალენტინა მარკეი (იტალია) 137,44.

 

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული