TimeLine: ვიციგურაოთ?! მოედანი არ არის?

AutoSharing Option
შეკითხვით დავიწყოთ: რომელია საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი მწვერვალი? თუ მყინვარწვერი გგონიათ, ცდებით: ყაზბეგის მთის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 5033.8 მეტრზეა, სვანეთის მთა შხარა კი 5068 მეტრის სიმაღლეზეა.

შხარაცა და მყინვარწვერიც ისევე დახედავდნენ ხორვატიის უმაღლეს მთას, როგორც საბონისი - მარადონას. ხორვატიაში მდებარე მწვერვალი დინარა ზღვის დონიდან 1831 მეტრს აღწევს.

ახლა თქვენს ძახილისნიშნიან კითხვას მოვისმენ: ან მწვერვალები და სპორტული გაზეთი რა კავშირშია, ან საქართველო და ხორვატია?!

საქმე ისაა, რომ ხორვატიის ქალაქ ზაგრებში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი მოციგურავეთა შორის. პირველ დღეს საქართველოს სახელით
ოთარ ჯაფარიძე
და ანგელინა ტელეგინა გამოვიდნენ, ხოლო 25-იდან შეჯიბრებაში ელენე გედევანიშვილი ჩაერთო.

მოკლედ, ქართველებს უმაღლესი დონის ორი მოციგურავე გვყავს - ჯაფარიძე და გედევანიშვილი (ოთარის მეწყვილე ტელეგინა რუსია).

შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ორი მოციგურავე ევროპის ჩემპიონატზე ცოტაა, საქართველო ხომ მაღალმთიანი ქვეყანაა და რაც უფრო ზემოთ ადიხარ, მით უფრო ცივა, მეტი თოვლი და მეტი ყინულია. ამიტომ სპორტის ზამთრის სახეობებში მეტი მაღალი დონის სპორტსმენი უნდა გვყავდეს.

ან რატომ არ უნდა იმართებოდეს მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში? აკი ვთქვით, რომ საამისოდ ჩვენთან უკეთესი პირობებია, ვიდრე ხორვატიაში.

Sportall.Geსწორედ ახლა მივადექით მთავარს: რომელ პირობებზეა მსჯელობა? ბუნებრივი პირობები მართლაც არის, მაგრამ საკითხავია, სპორტსმენებს თუ აქვთ სათანადო მოსამზადებელი პირობები?

ამას წინათ "კვირის პალიტრის" საიტისთვის მოვამზადე სტატია მოციგურავეებზე, მოციგავეებსა და მოთხილამურეებზე (იხილეთ ვრცლად). როგორც აღმოჩნდა, საქართველოში არ არსებობს საციგაო ტრასა.

1972 წელს აგებული სპეციალური ტრასა 90-იან წლებში განადგურდა. ამიტომ მოციგავეებს, ძირითადად, უცხოეთში უწევთ ვარჯიშების ჩატარება (თუმცა არც იმის აღუნიშნაობა ეგების, რომ ახალი ტრასის მშენებლობის დაწყება გაზაფხულზე იგეგმება).

საოცარია, მაგრამ ფაქტია - საერთაშორისო ზომების საციგურაო მოედანი საქართველოში მხოლოდ ბათუმშია. ისიც ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანეს და დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედოდ იყო. თვენახევარია, რაც გაიხსნა...

თბილისში არათუ საერთაშორისო სტანდარტების, მცირე ყინულის მოედანიც არ არის და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები, რომელთა უმეტესობა თბილისელია, ბათუმში ცხოვრობს.

ასეთ პირობებში მოციგურავეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოსპრიზიორის ყოლა პარადოქსულადაც შეიძლება მოჩანდეს.

ელენე გედევანიშვილისგან წლეულსაც ველოდით მაღალ შედეგს. გამოგიტყდებით, მისი თავისუფალი პროგრამით სრიალი ძალიან მომეწონა, მაგრამ სპეციალისტების შეფასებით, ორი პროგრამის ჯამში მე-14 ადგილი დაიკავა.

ოთარ ჯაფარიძისა და ანგელინა ტელეგინას დუეტმა კი ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი მე-20 ადგილით აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ აქამდე ოთარი ამერიკელ ელისონ რიდთან ერთად ციგურაობდა, მაგრამ გასულ წელს წყვილი დაიშალა...

ზემოთ კი ვთქვით, თბილისში ყინულის მოედანი არ არისო, მაგრამ უნდა დაგვეკონკრეტებინა: ყინულის მოედანი პროფესიონალებისთვის არ არის, თორემ ჩემთვის, სხვა მოყვარულებისთვისა და ციგურაობას მოწყურებული ბავშვებისთვის არის - გლდანის პარკში. გუშინაც ვიდექი ყინულზე (ახლობელ ბავშვს გავყევი), მაგრამ ჩემი ზომის ციგურები არ იყო, ორი ზომით პატარა მერგო და ახლაც კოჭლობით დავდივარ.

ეს მოედანი ჩემი ფანჯრიდან კარგად ჩანს და მისი გახსნის დღიდან (დეკემბრის ბოლოდან) ყურადღებით ვაკვირდები ციგურაობაში მომავალ ევროპის პრიზიორებს. სკოლებში სწავლა 21 იანვრიდან დაიწყო. მანამდე გლდანში ციგურაობის ბუმი იყო. მოედანზე შესვლისთვის იანვრის ყინვაში მოზარდებს ლოდინი 3-4 საათიც (არ ვამეტებ) კი უწევდათ.

ეს იმას ნიშნავს, რომ სპორტის ეს ეგზოტიკური (არადა, ინფრასტრუქტურა აწყობილი რომ იყოს, ეგზოტიკური სულაც არ იქნებოდა) სახეობა ქართველ ახალგაზრდებს ძალიან მოსწონთ. მეტიც: ერთი და იგივე ბავშვი რამდენიმეჯერ შემხვდა. თუ პირველი ნახვისას ისიც ჩემსავით ბორძიკობდა, ბოლო შეხვედრისას პროფესიონალი მოციგურავესავით ტრიალებდა.

ამდენი იმიტომ დავწერე, რომ ბოლოს მეთქვა - საქართველოში პატარებს სათანადო პირობების შექმნა სჭირდებათ. თუ ევროპის ჩემპიონები ვერ გახდებიან, სპორტულად, ჯანმრთელად ხომ მაინც იცხოვრებენ?! თბილისში ვინმეს შვილის ციგურაობაზე შეყვანა რომ დასჭირდეს, რა უნდა ქნას? ჩემს რაიონში ბავშვები მაღალი აღმართიდან ციგებით რომ ეშვებიან, ერთ რამედ ღირს მათი ყურება, მაგრამ რად გინდა, მათგან თითქმის არავინ იცის, რომ არსებობს სპორტის სახეობა, რომელსაც ციგაობა ეწოდება.

ასევე იხილეთ:
ელენე გედევანიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე მე-14 ადგილი დაიკავა [VIDEO]
ოთარ ჯაფარიძისა და ანგელინა ტელეგინას წყვილს მე-20 ადგილი ერგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველა წუწუნებს ეს მისახედია ის მისახედია.
რა სახსრებით გამაგებინეთ. მე ვარ ჩვეულებრი გადამხდელი, რომელის შემოსავალიც 800 ლარს არ აღწევს, მაგრამ ყველა ტიპის გადასახადს ვიხდი რაც მევალება. ჰოდა მე არ მინდა რომ ჩემი გადასახადების ხარჯზე ვინმე ამერიკაში დატრაშუნობდეს მე კი ოჟახის წევრი ავად რომ გამიხდეს ფაქტიურად გაკოტრებული ვიყო. ნება იბოძონ და განვითარდნენ რენტაბელური სახეობები და მინიმალური დაწოლა ბიუჯეტზე... ყველა ფულს ითხოვს ბიუჯეტიდან თითქოს იქ ციდან ცვივა ფული, ჰოდა იმ ფულში ჩემი წილიც დევს და არ მინდა ვიღაცას მუქთაზე შეხვდეს. თუ აახევთ მაჭავარიან/კეზერაშვილებს და იმას გამოიყენებთ მაშინ თანახმა ვარ მიხედეთ...
gadamrevt_xalxo
17:50 01-02-2013
0
თბილისში არსებობდა საუკეთესო საციგურაო დარბაზი სადაც მრავალი ბავშვი ....
ვარჯიშობდა და ჯანმრთელობას იკაჟებდა 3 წლის ასაკიდანაც კი სწორედ ამ გამორჩეული სპორცმენებმა პირველი ნაბიჯები იქ აიდგეს სამარცხვინო და სავალალოა ბატონი ირაკლი ჯაფარიძის დიდი ენთუზიაზმით და კეთილი ნებით იყო შენარჩუნებული ალბათ ბოლო წამამდე საკეთილდღეო საქმე რომელიც დღეს წარსულს ჩაბარდა იქნებ გულისხმიერმა ბიზნესის წარმომადგენლებმა ან ჯანსაღი მომავლის მსურველებმა შესზლონ და შესცვალონ არსებული ვითარება და გაჯანსაღონ თავიანთი შვილები შვილიშვილები ან უბრალოდ კარგი სამე გააკეთონ ...
გვესაშველოს
14:38 01-02-2013
0

სიახლეები პოპულარული