ქართველი მოციგურავეები ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ

AutoSharing Option
ზაგრები (ხორვატია) 22-დან 27 იანვრამდე ფიგურულად მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში ქართველი სპორტსმენებიც ჩაებმებიან.

23 იანვარს სპორტულ ცეკვებში ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა იასპარეზებენ, ორი დღის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი ელენე გედევანიშვილი გამოვა ყინულზე მოკლე პროგრამით.

ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის მზადების შესახებ 17 იანვარს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტ მაკა გიორგობიანს ვესაუბრეთ.

- ახალი სეზონის სტარტი ელენე გედევანიშვილმა შარშან იაპონიაში აიღო, სადაც მასპინძლების, ევროპისა და ამერიკის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს.

ელენე ევროპის ნაკრებში გამოდიოდა ევგენი პლუშჩენკოს და ალიონა ლეონოვასთან ერთად. ქართველმა
მოციგურავემ გრანპრის ეტაპებზეც მოსინჯა ძალები კანადასა და იაპონიაში.

ბრაიან ორსერის ხელმძღვანელობით გედევანიშვილმა ამ ჩემპიონატისთვის ახალი მოკლე (ჯონ უილიამსის "შინდლერის სია") და თავისუფალი (ლეონ მინკუსის "დონ კიხოტი") პროგრამები მოამზადა, რამაც საერთაშორისო ტურნირებში გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა.

ზაგრებში იასპარეზებს ჩვენი მოცეკვავეთა წყვილიც. 2011 წლის მარტში მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ოთარ ჯაფარიძისა და ელისონ რიდის დუეტი დაიშალა.

ოთარმა თავის მწვრთნელთან - ოლიმპიურ ჩემპიონ ოლეგ პლატოვთან დაიწყო მუშაობა ნიუ ჯერსის შტატის ნიუ ვარკში.

2012 წლის მაისში პლატოვისვე ინიციატივით ყინულზე ცეკვებში ოთარ ჯაფარიძეს ანგელინა ტელეგინა შეუწყვილდა. შარშან წლის ბოლოს მათ ბრატისლავას და ზაგრების სალიცენზიო ტურნირებში იასპარეზეს და ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად სარეიტინგო ქულები მოაგროვეს...

საგულისხმოა, რომ კონტინენტის პირველობაზე მსაჯად არის მიწვეული ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი სალომე ჩიგოგიძე.

იგი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია ერთეულებში, 1998-1999 წლებში ევროპის ჩემპიონატებზეც იასპარეზა.

აქტიურ სპორტთან განშორების შემდეგ მსაჯობა დაიწყო. 2003 წლიდან საერთაშორისო კატეგორიის არბიტრია, გრანპრის ტურნირებსა და სხვადასხვა შეჯიბრებაში უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა, ბოლო წლებში საერთაშორისო არბიტრის უმაღლესი კატეგორია მიენიჭა როგორც სპორტულ ცეკვებში (2009), ისე ქალ-ვაჟთა და წყვილთა სრიალში (2011), რითაც ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში მსაჯობის უფლებაც მიიღო. დებიუტი შარშან ჰქონდა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე. წლეულს მეორედ მიიწვიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული