კარგი დასასრული მოსკოვში

AutoSharing Option
პირველი საშეჯიბრო დღის ჩაგდების შემდეგ, 21 წლის ელენე გედევანიშვილმა მაქსიმუმს მიაღწია, რისი მიღწევაც კიდევ შეიძლებოდა - თავისუფალ პროგრამაში ბრწყინვალედ ისრიალა და მე-15 ადგილიდან მეათეზე გადაინაცვლა. ელენემ მოსკოვის მსოფლიოს ჩემპიონატი საუკეთესო ათეულში დაასრულა, რაც მისი მიღწევის გამეორებაა - ორი წლის წინათ, ლოს ანჯელესშიც ჩვენებური მეათე იყო. ელენეს თავისუფალ პროგრამაში მცირე სასწაული დასჭირდა.

სასიხარულოა ისიც, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა გედევანიშვილი მოკლე პროგრამაში ყოჩაღობდა, მაგრამ უმთავრეს სეგმენტში, თავისუფალ პროგრამაში კარგავდა პოზიციებს. ამჯერად, სწორედაც პირიქით მოხდა. ჩვენებურმა მსაჯებისგან 104,63 ქულა დაიმსახურა ეს
კი თითქმის ქულით სჯობს მის აქამდელ პერსონალურ რეკორდს. არადა, მას დაცემისთვის ქულა ჩამოაკლდა. ასეთმა კარგმა პროგრამამ კი მას ერთბაშად ხუთი ადგილით დაწინაურების შანსი მისცა.

თავისუფალი პროგრამა საუკეთესოდ იაპონელმა მიკი ანდომ შეასრულა, მან 130,21 ქულა მოაგროვა. ეს კი თითქმის 2 ქულით უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე მოკლე პროგრამის შემდეგ დაწინაურებული ოლიმპიური ჩემპიონის, კორეელი იუნა კიმის შედეგი. ვინაიდან, გოგონებს შორის სხვაობა უმცირესი იყო, მსოფლიოს ჩემპიონი ანდო გახდა. ახლა იაპონელი უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, 23 წლის სპორტსმენი პირველად 2007 წელს გახდა პლანეტის საუკეთესო მოციგურავე.

თავისუფალი პროგრამა დიდებულად შეასრულა კაროლინა კოსტნერმა, იტალიელმა 124,93 ქულა მიიღო, რისი წყალობითაც მსოფლიოს პოდიუმზე ავიდა. 24 წლის კოსტნერი ევროპის 3-გზის ჩემპიონია, მსოფლიოს ჩემპიონატებში ერთხელ მეორე იყო, ორჯერ კი - მესამე.

ელენემ ჯამში 156,24 ქულა დააგროვა, თუმცა სულ რომ პირადი რეკორდი გაემეორებინა (164,54 ქულა), მეტით ვერ დაწინაურდებოდა, რადგან მე-9 ადგილზე გასულ კიირა კორპის 8 ქულაზე მეტით ჩამორჩა. შეგახსენებთ, რომ ორივე სეგმენტის ჯამში საუკეთესო შედეგი გედევანიშვილმა შარშან იანვარში საქართველოსთვის ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა, მაშინ ტალინში ჩვენებურმა ზამთრის სახეობებში ქვეყანას ისტორიაში პირველი მედალი მოუტანა - ევროპული ბრინჯაო.

ქალები
1. მიკი ანდო იაპონია 195,79
2. იუნა კიმი კორეა 194,50
3. კაროლინა კოსტნერი იტალია 184,68
4. ალიონა ლეონოვა რუსეთი 183,92
5. ალისა შჩისნი აშშ 182,25
6. მაო ასადა იაპონია 172,79
7. ქსენია მაკაროვა რუსეთი 167,22
8. კანაკო მურაკამი იაპონია 167,10
9. კიირა კორპი ფინეთი 164,80
10. ელენე გედევანიშვილი საქართველო 156,24


ელისონისა და ოთარის რეკორდი
ქალთა შორის მედლების გათამაშების შემდეგ მოსკოვის ყინულზე მოცეკვავე წყვილებში დასრულდა შეჯიბრება. მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები გამოვლინდნენ თავისუფალი ცეკვების შემდეგ. აქაც კარგად იასპარეზეს ქართველებმა - ელისონ რიდისა და ოთარ ჯაფარიძის წყვილმა.

ბუნებრივია, ჩვენი დუეტი მედლებისთვის არ იბრძოდა - ის პირველად გავიდა ფინალურ სეგმენტზე და სულ, რომ ბოლო ადგილი დაეკავებინა, მაინც საუკეთესო შედეგი იქნებოდა ჩვენთვის. მაგრამ ელისონმა და ოთარმა ცოტა მეტსაც მიაღწიეს. მე-19 ნომრებად შესულებმა პროგრამაში კიდევ ერთ წყვილს აჯობეს.

თავისუფალ ცეკვებში ჩვენებურებმა მსაჯებისგან 70,67 ქულა დაიმსახურეს, ანუ თავიანთივე რეკორდი თითქმის 3 ქულით გააუმჯობესეს. ამან კი ელისონსა და ოთარს იტალიური დუეტის გადასწრების საშუალება მისცა, ბრიტანელებს კი ისინი ისედაც უსწრებდნენ. ასე გავიდნენ ქართველები საბოლოოდ მე-18 ადგილზე. ჩვენებურებს მომავალში წინსვლის კარგი პერსპექტივა აქვთ, ოთარი 23 წლისაა, ხოლო ელისონი სულაც 16-ის.

ყინულზე ცეკვებში მსოფლიოს ჩემპიონები ამერიკელები გახდნენ - მერილ დევისმა და ჩარლი უაითმა ჯამში 185,27 ქულას მოუყარეს თავი. ჩვენი დუეტის ჯამური მაჩვენებელი კი 120,11 ქულაა (ესეც მათი ახალი რეკორდია). აღსანიშნავია, რომ ელისონ რიდის და-ძმამ, იაპონიის სახელით მოასპარეზე კეტი და კრის რიდებმა საბოლოოდ მე-13 ადგილი დაიკავეს 133,33 ქულით.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მიყვარს ეს სპორტი, არც ერთ გრან–პრის და ჩემპიონატს არ ვტოვებ, მინდა ავღნიშნო რომ ძალიან კარგი სტატიაა, უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება იქნებ ინტერვიუებიც აიღოთ ხოლმე ელენესგან და ტარი/ელისონისგან ძალიან მაინტერესებს მე პირადად...
წარმატებები მომავალ სეზონში
თაკო
14:10 02-05-2011
0

სიახლეები პოპულარული