დღეს გედევანიშვილისა და რიდი-ჯაფარიძის დუეტის ჯერია

AutoSharing Option
დღეს მოსკოვში ფიგურისტთა მსოფლიოს პირველობაზე ჩვენებურები იასპარეზებენ - ყინულზე ჯერ ელენე გედევანიშვილი გავა, რომელიც ერთეულთა მოკლე პროგრამას შეასრულებს, შემდეგ კი ქართულ წყვილს ვიხილავთ ყინულზე ცეკვებში, ასევე მოკლე პროგრამაში.

ქალთა ასპარეზობა ჩვენი დროით ნაშუადღევს, 2-ის ნახევარზე იწყება. სულ 30 მონაწილეა, რომელთაგან ტურნირის დასკვნითი სეგმენტის, თავისუფალი პროგრამის შესასრულებლად 24 რჩეული დარჩება. 21 წლის ქართველი მეექვსედ გამოდის მსოფლიოს ჩემპიონატზე და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ დასკვნით ნაწილში არ გასულიყო - მისი საუკეთესო შედეგი მე-10 ადგილია (2009 წ.), უარესი კი - მე-20 (2008 წ.).

გუშინ კენჭისყრა გაიმართა და 30 მონაწილე 5 ჯგუფში გაერთიანდა. ბუნებრივია, რეიტინგის მიხედვით მოხდა ყველაფერი და უფრო ძლიერები ბოლო ორ ჯგუფში ისრიალებენ. ჩვენებური სწორედ ბოლოსწინა ჯგუფის ბოლო მონაწილეა 16 წლის იაპონელი კანაკო მურაკამის, კანადელი სინტია ფანოფის და რუსი ალიონა ლეონოვას, იტალიელი კაროლინა კოსტნერისა და კიდევ ერთი მასპინძლის, ქსენია მაკაროვას შემდეგ. აქვე გეტყვით ბოლო ჯგუფის მონაწილეებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით: მიკი ანდო (იაპონია), ალისა შჩისნი (აშშ), კიირა კორპი (ფინეთი), რაკელ ფლეტი (აშშ), მაო ასადა (იაპონია) და იუნა კიმი (კორეა).

საღამოს 7-ის ნახევარზე ყინულზე ცეკვების მოკლე პროგრამა იწყება. 25 მონაწილე წყვილი 5 ჯგუფად არის განთესილი. ჩვენებურები, ელისონ რიდი და ოთარ ჯაფარიძე პირველივე ჯგუფში მესამე ნომრები არიან ებრაული და ესპანური დუეტის შემდეგ. შემდეგ სეგმენტზე 20 საუკეთესო წყვილი გადადის, ქართველთა მიზანიც ჯერჯერობით ესაა - ოცეულში მოხვედრა. შარშან, მათთვის სადებიუტო ჩემპიონატზე, ელისონსა და ოთარს სულ ცოტა დააკლდათ, 21-ე ადგილზე გავიდნენ. მოკლედ, ჩვენებმა სულ მცირე 5 დუეტს უნდა აჯობონ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული