საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
18-19 ნოემბერს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ერთა თასს მასპინძლობს გუნდურ შეჯიბრში.

ტურნირის პირველ დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ, 19 ნოემბერს კი მედლებისათვის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ.

ერთა თასის პირველივე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 5:3 დაამარცხა უკრაინა, ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი მასპინძელი რუმინეთის ნაკრებს დაეჭიდება და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში იასპარეზებს.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ევროპის ერთა თასზე, საქართველოს გარდა, შემდეგი ნაკრებები მონაწილეობენ: რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი
და უკრაინა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში კი ხალიჩაზე ქართველი, რუსი, რუმინელი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი და თურქი სპორტსმენები გავლენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რუმინეთში ოპტიმალური შემადგენლობით გაემგზავრა. განაცხადში არიან რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) და ბრინჯაოსპრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125 კგ), აღსანიშნავია, რომ მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა სატურნირო განაცხადში სულ 14 მოჭიდავე შეიყვანა, მათ შორის, რიო 2016-ზე ნამყოფი გუნდის ექვსივე წევრი.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ბეგი დარჩიას განაცხადში 10 მოჭიდავეა, მათ შორის, ევროპის მოქმედი ჩემპიონი - ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ), რომელიც ახალ წონით კატეგორიაში - 80 კილოგრამში გამოდის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ერთა თასზე:

თავისუფალი ჭიდაობა
57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი და ოთარ გოგავა
61 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ბექა ლომთაძე
65 კგ - ზურაბ იაკობაშვილი და კონსტანტინე ხაბალაშვილი
70 კგ - დავით ტლაშაძე
74 კგ - იაკობ მაქარაშვილი და ზურაბ ერბოწონაშვილი
86 კგ - სანდრო ამინაშვილი და ირაკლი მწითური
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ - გენო პეტრიაშვილი და გიორგი მეშვილდიშვილი
მთ. მწვრთნელი: რევაზ მინდორაშვილი

ბერძნულ-რომაული
59 კგ - ირაკლი შავაძე
66 კგ - შმაგი ბოლქვაძე
71 კგ - მინდია წულუკიძე
75 კგ - გიორგი დათუნაშვილი და გელა ბოლქვაძე
80 კგ - ზურაბ დათუნაშვილი და ნიკოლოზ კელასოვი
85 კგ - რობერტ კობლიაშვილი
98 კგ - კუკური კირცხალია
130 კგ - იაკობ ქაჯაია
მთ. მწვრთნელი: ბეგი დარჩია

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული