ლევან გორგაძემ კომუსუბის ტიტული სამი წლის მერე დაიბრუნა

AutoSharing Option
31 აგვისტოს სუმოს ასოციაციამ ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე იაპონურად) გამოსცა, რომელშიც დადასტურდა ის, რაც უკვე ვიცოდით - ნაგოიას ბაშოზე წარმატებული ასპარეზობა დაუფასდა ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) და მას სუმოს იერარქიაში მე-4 რანგის ტიტული - კომუსუბის რანგი მიანიჭეს.

ჩვენებური აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა იყო, მან ნაგოიაში 8-7 ბალანსი დააგროვა და აღმოსავლეთის კომუსუბი გახდა. მის წინ ახლა რეიტინგში მხოლოდ 9 სუმოისტია: 3 იოკოძუნა (ჰაკუჰო, კაკურიუ, ჰარუმაფუჯი), 4 ოძეკი (ტერუნოფუჯი, კისენოსატო, გოეიდო, კოტოშოგიკუ) და 2 სეკივაკე (ტოჩიოძანი, ოკინოუმი). აქვე ვიტყვით, რომ ტოჩინოშინის გარდა, კომუსუბის ტიტული ოკინოუმიმ
მიიღო.

27 წლის მცხეთელი სპორტსმენი კომუსუბის მეხუთედ შესწვდა - პირველად მან 2010 წლის ბაშოზე იასპარეზა ამ რანგში, შემდეგ იმავე წლის ნოემბერში, 2011 წლის ივლისში და 2012 წლის სექტემბერში.

ამასთან, ოთხივე შემთხვევაში ის დასავლეთის კომუსუბი იყო, აღმოსავლეთი კი მასზე ნახევარი საფეხურით (უხეშად რომ ვთქვათ) წინ ითვლება. როგორც ხედავთ, ლევანმა ჯერ ვერც ერთხელ ვერ შეინარჩუნა ტიტული. ახლა ამას სექტემბრის ბაშოზე ცდის - აკი ბაშო ტოკიოში 13-27 სექტემბერს გაიმართება.

თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ივლისის ბაშოზე წარუმატებლად იჭიდავა - 6-9, რაც მის რეიტინგს შეეტყო - დასავლეთის მე-6 მაეგაშირა აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირად ჩამოქვეითდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული