ჯამბულ ქურდიანი რიგაში ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

AutoSharing Option
15-16 წლის ასაკის სამბისტთა, ანუ კადეტთა ევროპის ღია პირველობას შარშან ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ტალინში (ესტონეთი) ჩატარდა. წლევანდელ პირველობას კი რიგამ (ლატვია) უმასპინძლა.

ქალაქის ოლიმპიური ცენტრის სარბიელზე, ძველი კონტინენტის გარდა, წლეულს აშშ-ის, ს. კორეის, მონღოლეთის და ყირგიზეთის წარმომადგენლებიც ჭიდაობდნენ. ამაში უცნაური არაფერია: სამბოს საერთაშორისო ფედერაცია FIAS-ი გაისად კადეტ სამბისტთა შორის პირველ მსოფლიო პირველობის ჩატარებას გეგმავს.

ჩვენმა ბიჭებმა ათივე წონით კატეგორიაში იასპარეზეს. სხვათა შორის, მათი გამგზავრება ევროპის ღია პირველობაზე ადგილობრივი რაიონებისა და ქალაქების მუნიციპალიტეტებმა და მერიებმა უზრუნველყვეს. რიგაში ჩვენი ორი გოგონას დებიუტიც
შედგა, მაგრამ ისინი, როგორც მოსალოდნელი იყო, სამეულში ვერ მოხვდნენ...

ერთი გამონაკლისის გარდა, ძირითადად, ჩვენი ბიჭებიც დებიუტანტები იყვნენ. გამონაკლისში ვგულისხმობთ შარშანდელ ევროპის ჩემპიონს კადეტებში, ქუთაისელ ჯამბულ ქურდიანს (მწვრთნელი ვეფხია ბალხამიშვილი), რომელმაც ზედიზედ მეორედ დაიმშვენა მკერდი ოქროს მედლით. შარშან თუ 50 კგ-ში იპირველა, ახლა 55 კგ-ში აჯობა ყველას.

თანაც, შარშანაც და წლეულსაც ფინალურ დაპირისპირებაში ბულგარელ ბოჟიდა ტემელკოვს კვლავ 6:0 მოუგო...

საგარეჯოელმა ბექა ტერტერაშვილმა (60 კგ) ფინალურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, ჭიდაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მოწონება დაიმსახურა ყველაზე მჩატე წონის გიორგი ნიაზაშვილმა (42 კგ), რომელიც მეორე ადგილს დაეუფლა. მეორე ადგილები მოიპოვეს აგრეთვე ხაშურელმა ვახტანგ მეტივიშვილმა (46 კგ) და ქარელელმა დავით იმერლიშვილმა (84 კგ).

მესამე პრიზიორები გახდნენ: დუშელი ვანო ხუბაშვილი (50 კგ), გურჯაანელი გოგა ქევხიშვილი (72) და ქარელელი გიორგი მულაძე (78 კგ).

გუნდმა, რომელსაც ერთი საწვრთნელი შეკრებაც არ გაუვლია, 8 სხვადასხვა სინჯის მედალი და ღია პირველობაზე 20 ქვეყნის ნაკრებს შორის გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა (კადეტთა ნაკრების მწვრთნელები - დავით ხაჩიძე და ემინ რაში).

გუნდური: 1. რუსეთი 50 ქ, 2. საქართველო 38, 3. ბელორუსი 34,5.

კადეტმა სამბისტებმა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. ჯერი მათ მომდევნო თაობაზეა. ოქტომბრის შუა რიცხვებში ბერძნულ ქ. სალონიკში ჩვენი ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა ნაკრები გუნდები მსოფლიოს პირველობაში ჩაერთვებიან.

ფოტოზე: საქართველოს კადეტ სამბისტთა ნაკრები. მარცხნიდან: პირველ რიგში - ვახტანგ მეტივიშვილი, გიორგი ნიაზაშვილი, ჯამბულ ქურდიანი, ვანო ხუბაშვილი; მეორე რიგში - დავით იმერლიშვილი, ბექა ტერტერაშვილი, ბექა უდესიანი, დავით რაზმაძე, გიორგი მულაძე და გოგა ქევხიშვილი.

გაბრიელ ბარჯაძე (ავტორის ფოტო)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული