სამბო - ქართული ჭიდაობის მადლით

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში მსოფლიოს ჭაბუკთა და ახალგაზრდული პირველობიდან დაბრუნებულმა სამბისტებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიორგაძე უძღვებოდა. შეხვედრას ფედერაციის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გალდავაც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ რიგაში დამთავრებულ ზემოაღნიშნულ ტურნირში ქართულმა დელეგაციამ 5 ოქრო და 4-4 ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვა. აქედან 1 ბრინჯაო გოგონების მონაგარია, დანარჩენი - ბიჭებისა. იმათგან ეს მედლები ასე ნაწილდება - ახალგაზრდებმა 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს, ჭაბუკებმა - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და
2 ბრინჯაო. ბიჭების ორივე ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორეზე გავიდა.

ახალგაზრდებიდან ჩემპიონები გიორგი ნოზაძე (90) და სლავა რეზესიძე (+100) გახდნენ, ვახტანგ ჩიდრაშვილი (52), თორნიკე თათარაშვილი (62) და ლაშა ზურაბიანი (82) მეორეზე გავიდნენ, ზვიად კაპანაძე (68) - მესამეზე. ჭაბუკებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მიხეილ მეზურნიშვილი (70), გიორგი ბიწაძე (75) და ალექსანდრე მილდიანი (87) ავიდნენ, ბექა ტუღუშს (65) ვერცხლი ერგო, ბრინჯაო აბესალომ ვაშაყმაძემ (520 და გაგა ჯიხვაძემ (+87) მოიპოვეს. გოგოებში ერთადერთი მონაწილე გვყავდა - შორენა შარაძე (64), რომელიც ახალგაზრდებში მესამეზე გავიდა.

თემურ გიორგაძისთვის ეს შეჯიბრება პირველი ოფიციალური ტურნირი იყო ფედერაციის პრეზიდენტის რანგში. პარალელურად, ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობასაც ითავსებს, თუმცა რიგაში მთელ რიგ შეხვედრებში ამათაც მწვრთნელად ეჯდა. ლატვიაში მოპოვებული წარმატება მან მწვრთნელებისა და სპორტსმენების შემართების გარდა, იმ დახმარების დამსახურებადაც მიიჩნია, რომელიც გუნდებს მოსამზადებელ პერიოდში სპორტის სამინისტრომ გაუწია.

"ასეთი მაჩვენებელი ჩემპიონატამდე განვლილი შეკრებების დამსახურებაა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებ შეკრებების დიდ მნიშვნელობას და სამომავლოდ ყველა გუნდი აუცილებლად გაივლის მას. დახმარებისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას. ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას იმიტომ დავთანხმდი, რომ მათგან მაქსიმალური დახმარების იმედი მქონდა, თორემ ჩემი სამსახურის გამო, აქ სამუშაოდ დიდი დრო ნამდვილად არ მრჩება. თუმცა ხელმძღვანელობამ სრული მხარდაჭერა აღმითქვა, რასაც ასრულებს კიდეც".

შეკრების მნიშვნელობის გარდა, გიორგაძემ ხაზი მსაჯთა ფაქტორსაც გაუსვა. ჩემპიონატზე ამჯერად ორი არბიტრი გვყავდა - ოთარ ყურაშვილი და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ემილ რაში, რომელიც საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია. ცალკეული საკამათო ეპიზოდების მიუხედავად, გიორგაძე მაინც კმაყოფილია მსაჯობით, ჩვენდამი არბიტრებისა თუ საერთოდ, სამბოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელთა დამოკიდებულებით და მსაჯობას ობიექტურად მიიჩნევს. მან საერთაშორისო შეჯიბრებებში მსაჯთა როლზეც ილაპარაკა და ამ კუთხით ჩვენი წარმომადგენლობის გაზრდის აუცილებლობაც არაერთხელ აღნიშნა. მისი თქმით, საამისოდ ფედერაცია მომავალშიც იმუშავებს.

გიორგაძემ გულისტკივილი რაზეც გამოთქვა, ეს ჭაბუკთა ნაკრების გამოსვლას უკავშირდებოდა, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა გუნდურ პირველობაში გამარჯვებამდე. თუმცა ვიმეორებთ - ეს მხოლოდ სინანული იყო, ასე ცოტა რომ დააკლდათ უმაღლეს შედეგამდე, და არა გუნდის კრიტიკა.

მილოცვისა და შექების გარდა, გიორგი გალდავა ქართულ საჭიდაო სახეობებში დღეისათვის პრობლემად და საკამათოდ ქცეულ ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ამ ბიჭების წარმატება ქართული ჭიდაობის დამსახურებაა და ამაზე ყურადღების გამახვილება ჟურნალისტებს საგანგებოდ გვთხოვა. მიზეზთა გამო, დღეს ქართულ ჭიდაობასთან ყველაზე ახლოს სამბო დარჩა, ყველაზე ახლო კავშირი ჭიდაობის ამ ორ სახეობას აქვს, ვიდრე - ძიუდოს და მით უფრო, ბერძნულ-რომაულსა და "თავისუფალს".

სიმბოლურია, რომ თემურ გიორგაძე სამბომდე საქართველოს ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტადაც აირჩიეს და იმ პოსტს ახლაც ინარჩუნებს. ეს საჭირბოროტო თემა მოგვიანებით ოთარ ყურაშვილმაც განავრცო, რომელმაც ნოზაძეზე და ბიწაძეზე პირდაპირ თქვა, მათ ქართული ჭიდაობა რომ არ სცოდნოდათ, რუსებთან აუცილებლად წააგებდნენო.

გალდავამ ისიც აღნიშნა, რომ სამბოში ქართული ჭიდაობის ილეთებიც მრავლადაა, რადგან ის ყოფილი საბჭოთა კავშირის დროსაა შექმნილი და მასში იმ სახელმწიფოში შემავალი ყველა ხალხის ნაციონალური ჭიდაობაა გაერთიანებული. ამდენად, სამბო სულაც არაა მხოლოდ რუსული ჭიდაობა, როგორც ეს გავრცელებული აზრიაო, თქვა გალდავამ.

პრესკონფერენციაზე ფედერაციასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეც გაგვაცნეს - სავარაუდოდ, უკვე მომავალ კვირაშივე ამოქმედდება ფედერაციის საიტი: www.sambo.ge. ეს ძალზე მნიშვნელოვანი სიახლეა - სამწუხაროდ, ამგვარი საიტით ბევრი ქართული ფედერაცია ვერ დაიკვეხნის, სამბოში კი ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სპორტის ამ სახეობაში ვერც რუსული, ვერც საერთაშორისო, ევროპული თუ წამყვანი ქვეყნების ფედერაციების ვებ-გვერდები მოიწონებენ თავს გამართული მუშაობით. მათ საიტებზე ოპერატიული ინფორმაციები, პრაქტიკულად, არ ქვეყნდება და ისევ ფორუმების იმედად ვართ.

ცხადია, არ გვაქვს ილუზია, რომ ქართული საიტი ოპერატიულობის პრობლემას მოგვიხსნის, მაგრამ ვიმედოვნებთ, რადგან ამ ნაბიჯზე წავიდნენ და საამისოდ თანხაც დახარჯეს, კოორდინაცია ფედერაციასა და შეჯიბრებაზე წასულ ნაკრებებს შორის ბევრად გაუმჯობესდება. შედეგად მთლიანად ტურნირზე თუ არა, უშუალოდ ჩვენი სამბისტების შესახებ მაინც მივიღებთ დაწვრილებით ინფორმაციას. ბოლო-ბოლო, ვინ რომელ ადგილზე გავიდა, ამას მაინც შევიტყობთ დროულად, თორემ ამ პირობებში ხშირად ესეც პრობლემა იყო. თუნდაც რიგის შეჯიბრებაზე პირველ დღეს ბიწაძის ფინალში გასვლა კი შევიტყვეთ, მაგრამ მოგება და ჩემპიონობა - ვერა. ამის დადგენა მხოლოდ მეორე დღეს შევძელით, როგორც - კაპანაძის მედლისა.

შეხვედრაზე 10-14 ნოემბერს ვილნიუსში გასამართ უფროსთა მსოფლიოს ჩემპიონაზეც ითქვა. ამ მნიშვნელოვანი ტურნირისთვის მზადებას ჩვენი ნაკრები უკვე შეუდგა - დუშეთში გადიან შეკრებას. ლიტვაში წამსვლელი გუნდის ძირითადი ბირთვიც ცნობილია, თუმცა ჯერ გასარკვევია სამი წონის ლიდერის საკითხი - 52, 90 და მძიმე წონებში შეკრების დასასრულს საკონტროლო შეხვედრები ჩატარდება, მანამდე კი შემადგენლობის დასახელებისგან მწვრთნელები თავს იკავებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული