სამბისტები მსოფლიოს პირველობას ოპტიმიზმით ხვდებიან

AutoSharing Option
13-16 ოქტომბერს ლატვიის დედაქალ რიგაში ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს პირველობა ტარდება. ჩვენი გუნდები ამ შეჯიბრებისთვის თბილისში, სამბოს დარბაზში ემზადებოდნენ, სადაც დღეს ბოლო, ღია ვარჯიში გამართეს.

მას სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი, იმავდროულად, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი თემურ გიორგაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავა, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელები - ემილ რაში და კობა ედიშერაშვილი ესწრებოდნენ.

ემილ რაშის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდების ტურნირში საქართველოს ღირსებას ლევან ბერძენიშვილი (48), გივი ნადარეიშვილი (52), ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), თორნიკე თათარაშვილი (62), ზვიად
კაპანაძე (68), გიორგი პაპუნაშვილი (74), ლაშა ზურაბიანი (82), გიორგი ნოზაძე (90), მიხეილ ნარიმანიძე (100) და სლავა რეზესიძე (+100) დაიცავენ, ედიშერაშვილმა კი ჭაბუკთა ნაკრებში ამ შემადგენლობას უხმო: ლერი ბედინაძე (48), აბესალომ ვაშაყმაძე (52), თორნიკე მუზაშვილი (56), ოთარ გაბუნია (60), ბექა ტუღუში (65), მიხეილ მეზურნიშვილი (70), გიორგი ბიწაძე (75), რევაზ წულუკიძე (81), ალექსანდრე მილდიანი (87), გაგა ჯიხვაძე (+87). ერთი მონაწილე გვეყოლება გოგონებში - ახალგაზრდებში შორენა შარაძე (64) იჭიდავებს.

მოსალოდნელ ჩემპიონატს ოპტიმისტურად ხვდება თემურ გიორგაძე: "დარწმუნებული ვარ, რიგაში წარმატებით გამოვალთ. შედეგი აუცილებლად იქნება და მედლების ხარისხიც მაღალი უნდა იყოს, თუმცა ამაზე წინასწარ დაკონკრეტება ძნელია. მთავარია, ბიჭებმა მოსამზადებელი ეტაპი უმაღლეს დონეზე გაიარეს და განწყობაც კარგია.

ყველა წონაში გვყავს ისეთი ხალხი, ვისაც მედლის მოპოვება შეუძლია. რაც მთავარია, ტრავმა არავის აწუხებს. წარმატების პრეტენზია გუნდურ პირველობაშიც გვექნება. განსაკუთრებით - ახალგაზრდებში, სადაც ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი გაგვაჩნია. საამისოდ რუსეთის უძლიერეს გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება, რაც, იმედია, ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება".

ოპტიმიზმთან ერთად, გალდავამ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ამ ბიჭების უმეტესობა სპორტში ქართული ჭიდაობიდან მოვიდა.

"ეს ახალგაზრდა სპორტსმენები სამბოში ქართული ჭიდაობიდან მოვიდნენ და საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებითაც გამოდიან. მჯერა, ახლაც ასე იქნება, თუმცა მათგან მედლებით განებივრებულნი ვართ და ქომაგთა ამბიციის დაკმაყოფილება ცოტა ძნელი იქნება. თუმცა მთავარი ისაა, რომ ორივე ნაკრებმა კარგად გაიარა მოსამზადებელი ციკლი და მზად არიან ამ ჩემპიონატისთვის".

გუნდები ხვალ დაამთავრებენ შეკრებას და საღამოს ლატვიაში გაფრინდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული