საშემოდგომო გამოცდა ბალტიისპირეთში

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, საქართველოს სამბოს სამყაროში ახლახანს ცვლილებები მოხდა. სპორტის ეს სახეობა მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან დაინერგა საქართველოში და იმთავითვე საჩვენო ორთაბრძოლა გახდა.

ქართული ჭიდაობის შვილებმა უამრავი გამარჯვება მოიპოვეს სამბოს საერთაშორისო სარბიელზე. აღარაფერს ვამბობთ აწ უკვე ისტორიად ქცეულ სსრკ-ს პირველობებზე მოპოვებულ მედლებზე.

რა ხდება დღეს ჩვენს სამბისტთა დიდ ოჯახში? თბილისში სამბოს ცენტრალურ დარბაზში (ძიუდოს ყოფილი სასახლე) ნაკრებმა გუნდმა რამდენიმე დღეა განაახლა წვრთნა. აგვისტოს პირველ ნახევარში მათ ქობულეთში გაიარეს საწვრთნელი შეკრება - ფიზიკურ მომზადებაში.

ოქტომბრის მეორე ნახევრიდან კი სამკვირიან შემაჯამებელ შეკრებას გამართავენ
ჯერ დუშეთში, მერე თბილისში - მსოფლიოს ჩემპიონატის წინ.

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში მსოფლიოს 35-ე ჩემპიონატი სამბოში 10-14 ნოემბერს გაიმართება. სწორედ ამ საიუბილეო და უმთავრესი ასპარეზობისათვის ემზადება ჩვენი ნაკრები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით.

მსოფლიოს პირველობისთვის ემზადებიან აგრეთვე საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდა სამბისტთა ნაკრები გუნდის წევრები. მათ ერთი თვით ადრე 13-17 ოქტომბერს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში ელით პლანეტის პირველობა თანატოლთა შორის.

დასკვნით საწვრთნელ მოსამზადებელ შეკრებას ჭაბუკები და ახალგაზრდები 28 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე გაივლიან თბილისში. ასე რომ, საქართველოს სამბოს რჩეულებს დიდი საშემოდგომო გამოცდა ელით ბალტიისპირეთში.

რაც შეეხება საშინაო ტურნირებს, წლეულს დარჩენილია მხოლოდ ერთადერთი შეჯიბრება. თანაც, საქართველოს 2011 წლის ჩემპიონატი, რომელიც დიდი ხნის შემდეგ პირველად იმართება თბილისის გარეთ - ქუთაისში.
23-24-25 სექტემბერს, ქუთაისის მშვენიერი სპორტის სასახლე იწვევს ყველა სამბისტს და არამარტო სამბისტს, ძიუდოისტს, ქართულის და თავისუფალის მოჭიდავეებსაც კი, მათ ქომაგებთან ერთად.

ლიტვაში მსოფლიოს 35-ე ჩემპიონატზე გამოვლენ ძირითადად საქართველოს 2011 წლის ჩემპიონები. ამიტომ ქუთაისში გასამართი ჩვენი ქვეყნის სამბისტთა ჩემპიონატი სავარაუდოდ გამორჩეული იქნება. მოპაექრეთა სიმრავლით და უკომპრომისო ორთაბრძოლებით.

ამ შეჯიბრებისათვის საგანგებოდ ემზადება საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია, ქუთაისის მერია და სამბოს მსაჯები (მთავარი მსაჯი გივი სარდანაძე), მწვრთნელები.

ჩემპიონატში ზუსტად იქნება დაცული სამბოს საერთაშორისო წესები, რეგლამენტი და ბოლოდროინდელი სიახლეები.

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული