ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: "ოქროს ლიგის" ოთხეული გაირკვა

AutoSharing Option
დამთავრდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი ძიუდოში და გაირკვა ის ოთხი კლუბი, რომელიც შემოდგომაზე "ოქროს ლიგაში" იასპარეზებს. ესენია თბილისური დუეტი: "მებრძოლი-2015", "ლიდერი", გორის "ლომჭაბუკი" და ქარელის "დურმიშხანი".

დასკვნითი, V და VI ტურის შეხვედრები ძიუდოს აკადემიაში 18 ივნისს გაიმართა. ამ ტურით ყველაზე მეტად "ლომჭაბუკმა" იხეირა, ვინც ორივე შეხვედრა მოიგო - "დურმიშხანი" 6:1 დაამარცხა, თანაქალაქელი "ვიპ-ძიუდო" - 5:2 და გალიდერდა. არადა, ამ ტურამდე მეხუთე ადგილზე იყო. როგორც წინა წერილში ვივარაუდეთ, "ვიპ-ძიუდოს" მონაწილეობით ორივე შეხვედრა საინტერესო და საკვანძოც კი გამოდგა.

ანზორ თენაძისა და ნიკო ბიბილაშვილის
გაწვრთნილებმა შაბათს თავდაპირველად თბილისის "გლადიატორი" დაამარცხეს დაძაბულ ორთაბრძოლაში - 3:4, თუმცა ეს მოგება მათთვის "ვატერლოოს ბრძოლა" გამოდგა, რადგან ამით იოტისოდენადაც ვერ იხეირეს და ბოლო ადგილზე დარჩნენ. სამაგიეროდ, "გლადიატორებს" გაუფუჭეს საქმე. მართალია, მეორე შეხვედრაში მათ "შევარდენს" 4:3 კი მოუგეს, მაგრამ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილიდან ერთი საფეხურით უკან დაიხიეს.

ამ ტურში ყველაზე გამორჩეული თბილისური დერბი აღმოჩნდა ცხრილის ფავორიტებს - "ლიდერსა" და "მებრძოლს" შორის, სადაც უფრო მედგრად გოჩა ბერაძის შეგირდებმა იბრძოლეს - "მებრძოლმა" 5:2 მოუგო "ლიდერს" და იქნებ ერთპიროვნულადაც გალიდერებულიყო, მაგრამ მეორე შეხვედრა 2:5 წააგო "ლომჭაბუკთან". ამ მოგებით გორელებმა ისარგებლეს და ცხრილში "მებრძოლს" გაუთანაბრდნენ.

"ლიდერმა" მომდევნო პაექრობაში "შევარდენს" აჯობა, რითაც შეინარჩუნა ადგილი საუკეთესო ოთხეულში. "დურმიშხანმაც" ბოლო ტურში "ვიპ-ძიუდოსთან" 5:2 მოგებით გაინაღდა ადგილი მოწინავე კვარტეტში, თორემ წინა შეხვედრაში მისთვისაც დიდი დარტყმა იყო "ლომჭაბუკთან" 1:6 მარცხი.

საბოლოო ცხრილს ქვევით გაეცნობით, მანამ კი კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ "ოქროს ლიგა" ამ ოთხი კლუბის მონაწილეობით შემოდგომაზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საკლუბო ჩემპიონატი წლეულს პირველად ჩატარდა, რაც საეტაპო მოვლენაა არა მხოლოდ ძიუდოში, ზოგადად - ქართულ სპორტში, რადგან საკლუბო პირველობა ჩვენთვის ჯერაც "აქილევსის ქუსლია". ამ ტურნირით ძალიან დიდი სატურნირო პრაქტიკა მიიღეს ნაკრების სათადარიგო წევრებმა და ახალგაზრდებმაც, თუმცა ამასთან ერთად, მათ გვარიანი ფინანსური პრემიაც მიიღეს - ყოველ მოგებულ შეხვედრაზე კლუბი ჯილდოდ 1.000 ლარს იღებდა, საერთო თანხის 35% კი რჩება საკუთრივ მოგებულ ათლეტს, 5% - მწვრთნელს, დანარჩენი კი თანაბრად ნაწილდება სპორტსმენებზეც (მოგებულ-წაგებულის მიუხედავად) და მწვრთნელებზეც.

საბოლოო ცხრილი
შეხვედრა მოგება წაგება
ლომჭაბუკი 42 24 18
მებრძოლი-2015 42 24 18
ლიდერი 42 22 20
დურმიშხანი 42 22 20
გლადიატორი 42 20 22
შევარდენი-2005 42 19 23
ვიპ-ძიუდო 42 16 26

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული