საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული "ლომჭაბუკი" გახდა

AutoSharing Option
დამთავრდა საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატი საკლუბო ძიუდოში, რომელმაც ისტორიაში პირველად სტარტი გაზაფხულზე აიღო.

მაშინ შესარჩევ ეტაპზე გამოვლინდა ოთხი გუნდი, რომლებმაც ფინალურ ტურნირში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. ესენია: გორის "ლომჭაბუკი" (მწვრთნელი: ქართლოს პავლიაშვილი), თბილისის "მებრძოლი-2015" (გოჩა ბერაძე), ასევე დედაქალაქური "ლიდერი" (ალექსანდრე მამუკიშვილი) და ქარელის "დურმიშხანი" (გიორგი ბერუაშვილი).

ფინალური ტურნირი 26 დეკემბერს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში გაიმართა, ნახევარფინალის მონაწილენი კი წილისყრით გამოვლინდნენ. კენჭისყრამ ეს კვარტეტი ასე დააწყვილა - "ლიდერი"-"მებრძოლი" და "მზეჭაბუკი"-"დურმიშხანი".

როგორც ვხედავთ, თბილისური და რაიონების გუნდები დაწყვილდნენ, ჩვენ კი შევნიშნავთ, რომ შესარჩევი ეტაპი სწორედ
თბილისურმა დუეტმა მოიგო. მათი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ბოლომდე "მებრძოლმა" იბრძოლა და 4:3 მოიგო. ფინალის მეორე საგზური "ლომჭაბუკმა" გაინაღდა, სძლია რა "დურმიშხანს" 5:2.

გორელებს ვერც ფინალში დაუდგათ ვინმე და იქაც 5:2 მოიგეს "მებრძოლთან", მესამეზე კი "დურმიშხანი" გავიდა - გადამწყვეტ პაექრობაში "ლიდერს" 4:3 აჯობა.

ჩემპიონმა ჯილდოდ 70 000 ლარი მიიღო, ვიცე-ჩემპიონმა - 50 000, მესამეპრიზიორმა - 30 000 ლარი. პრემია გადაეცა "ლიდერსაც" - 10 000 ლარი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული