ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: ახალი ტურნირის დასაწყისი

AutoSharing Option
კვირას ძიუდოს აკადემიაში ოფიციალურად დაიწყო ახალი ტურნირი ძიუდოში - ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატი უფროსთა შორის.

მასში შვიდი გუნდი გამოდის, რომელთაგანაც უმეტესობა - 3 კლუბი თბილისურია: "შევარდენი 2005", "მებრძოლი-2015" და "ლიდერი". ორი კლუბითაა წარმოდგენილი ძიუდოს ერთ-ერთი უმძლავრესი ცენტრი გორი - "ლომჭაბუკი" და "ვიპ-ძიუდო", თითო გუნდი კი გურჯაანსა ("გლადიატორი") და ქარელს ("დურმიშხანი") ჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ ეს კლუბები საქართველოს პირველი (ანუ ეროვნული) და მეორე დონის (ეგრეთ წოდებული წაგებულთა ჩემპიონატის) შედეგებით დაკომპლექტდა: ეროვნული პირველობის 4 მედალოსანს მეორე დონის პირველობის 3 საუკეთესოც დაემატა და ასე გამოვლინდა
7-7 კაცი შვიდივე წონაში, კლუბების სახელწოდებები და მწვრთნელ-მენეჯერები კი ჭაბუკთა ლიგის შედეგებით გაირკვნენ.

საკლუბო პირველობა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ერთ-ერთი ახალი ნოვაციაა, რომელიც მიზნად ისახავს სათადარიგო ფალავნებისთვის რაც შეიძლება მეტი სტარტის მიცემას და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან ყოველ მოგებულ შეხვედრაზე საპრიზო ფონდია დაწესებული. მაგალითად, ყოველ მატჩზე გამოყოფილია 7 000 ლარი, გუნდი კი ყოველ მოგებულ შეხვედრაზე მიიღებს 1 000 ლარს. ეს თანხა განაწილდება გუნდის ყველა წევრზე, მწვრთნელ-მენეჯერზე, თუმცა, რა თქმა უნდა, მოგებულს მეტი ერგება.

თუმცა ერთი კი ცხადია - საპრემიო თანხა ნამდვილად გააუმჯობესებს ცალკეულ სპორტსმენთა მატერიალურ მდგომარეობას. ეს განსაკუთრებით საშურია სარეზერვო ფალავნებისთვის, რომლებსაც კომერციულ და პირველხარისხოვან შეჯიბრებებში მონაწილეობის საშუალება არ ეძლევათ. ამასთან, მათ სატურნირო პრაქტიკაც მიეცემათ, ანუ ნაკრებში მოხვედრის შანსიც გაუჩნდებათ. ეს ნაკრების მწვრთნელებისთვისაც კარგია, რადგან რეზერვზე დაკვირვების ბევრად მეტი საშუალებაც ეძლევათ.

საკლუბო პირველობა ორ ეტაპად ჩატარდება - ახლანდელი შეჯიბრების შემდეგ გამოვლინდება საუკეთესო ოთხეული, რომელიც შემოდგომაზე ფინალურ ტურნირს გაითამაშებს.

საკლუბო ტურნირში ნაკრების წევრებიც გამოდიან და, შესაბამისად, შეჯიბრებაც ძლიერია. ყველაზე ტიტულოვანი ფალავანი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ამირან პაპინაშვილია (60), თუმცა ანგარიშგასაწევი ფალავანი ყველა კლუბს ჰყავს. ნაკრების სხვა ლიდერები იმიტომ ვერ მოხვდნენ, რომ საქართველოს ჩემპიონატში არ უასპარეზიათ, საპრიზო ფონდი კი, იმედია, მათაც დააინტერესებს და მომავალში თვითონვე იქნებიან დაინტერესებულნი, ქვეყნის ჩემპიონატში იჭიდაონ.

საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 307 ათასი ლარია, თუმცა გაისად ნავარაუდევია მისი გაზრდა 500 ათას ლარამდე.

განზრახულია, რომ საკლუბო ჩემპიონატში ყოველ თვეში 2-2 შეხვედრა გაიმართება. გუშინაც ყველა კლუბმა 2-2 პაექრობა ჩაატარა, რომელშიც მაქსიმალურ შედეგს "მებრძოლმა" მიაღწია - ორივე შეხვედრა მოიგო.

გოჩა ბერაძის შეგირდებმა ჯერ "ვიპ-ძიუდოს" მოუგეს 5:2, მერე კი "შევარდენი" 4:3 დაამარცხეს. მის შემადგენლობაში ივანე ჯავახიშვილი (60), გელა კელიხაშვილი (66), თენგიზ პაპოშვილი (73), გიორგი ქურდიანი (81), ვახტანგ სარაჯიშვილი (90), ლაშა გურული (100) და გიორგი ლაზუაშვილი (+100) გამოდიან.

ორი შეხვედრა მოიგო "ლიდერმაც", თუმცა მათ ანგარიშზე 8 მოგებული პაექრობაა: "ლომჭაბუკსაც" და "დურმიშხანსაც" 4:3 სძლიეს. "ლიდერის" მწვრთნელობა ალექსანდრე მამუკიშვილს ერგო, გუნდში კი შემდეგი ფალავნები გამოდიან: ილია შუბითიძე (60), ლევან კირკიტაშვილი (66), ფრიდონ გიგანი (73), ზებედა რეხვიაშვილი (81), თორნიკე ჯუღელი (90), ალექსანდრე ზაალიშვილი (100) და გუგა კიბორძალიძე (+100).

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, "შევარდენმა" ორივე პაექრობა წააგო. არადა, სწორედ ამ გუნდში გამოდის პაპინაშვილი, თუმცა მის გარდა ბექა შავდათუაშვილი (66), გიორგი პაპუნაშვილი (81), ნოდარ ბერიანი (90) და სხვებიც ჰყავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაკარგულია ისეთი საჭიდაო სკოლები როგორიც არი კასპის საგარეჯოს და რა თქმაუნდა ახმეტის სკოლებია.
Vakhtangi
14:37 11-04-2016
0
ჩემი აზრით ნაკრების მოჭიდავეები უნდა დაეშვათ მაინც. სპონსორებსაც მეტს მოიზიდავდა და მაყურებელსაც. თან გამოცდილებასაც მეტს მიიღებდნენ სარეზერვოები
Vakhtangi
14:34 11-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული