დავით ქევხიშვილი: ყველამ უნდა დაანებოს თავი ამ თემას, რაც უნდა მოხდეს!

AutoSharing Option
ასტანაში ჩატარებულ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე აზრის გაზიარება ამჯერად საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს ვთხოვეთ.


ვფიქრობთ, მკითხველსაც დააინტერესებს, როგორ აფასებს სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას, რომელიც არასახარბიელოდ ჩავატარეთ.

- რას ელოდით ამ ჩემპიონატისგან, რამდენად დარჩით კმაყოფილი?
- ამ გამოსვლის ერთნიშნად შეფასება შეუძლებელია, რადგან მას რამდენიმე მხარე აქვს და თითოეულზე ცალ-ცალკე შემიძლია შეფასების გაკეთება - შედეგზე; იმაზე, თუ რამდენი შეგვიძლია და რა
გავაკეთეთ; რა დავინახეთ დადებითი და უარყოფითი...

შედეგის კუთხით ჩემთვის ნაწილობრივ დადებითია, რომ პირადში ორი მედალი მოვიპოვეთ, ხოლო გუნდურში შევინარჩუნეთ საპრიზო ადგილი, თუმცა მეტიც შეგვეძლო. ცხადია, უკმაყოფილო ვარ იმითაც, რომ ჩემპიონი არ გვყავს. არადა, გუნდის პოტენციალიდან გამომდინარე, ეს ნამდვილად შეგვეძლო.

მესმის, რომ ეს რთულია და მთელი 7 წლის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონი არ გვყოლია, ვიდრე შარშან ჭრიკიშვილი არ გახდა, მაგრამ ამ გუნდს ნამდვილად შეუძლია გაცილებით მეტი შედეგის ჩვენება. იმ ქვეყნებს შორის ვართ, ვინც მსოფლიოზე ორი მედალი მოიპოვა; 2009-10 წლებისგან განსხვავებით ჯილდოები წამოვიღეთ, ხოლო 2011-ის მაჩვენებელს ვაჯობეთ, ეს კარგია, მაგრამ ხარვეზებიც იყო. მათ მეტი შეუძლიათ და თუ ეს პრობლემები კარგად გაანალიზდება და აღმოიფხვრება, ეს შედეგი ოლიმპიადაზე წარმატების საფუძველიც შეიძლება გახდეს, მაგრამ თუ საფუძვლიანად არ მიხედეს და დეტალურად არ შეისწავლეს, რა იყო სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები, მაშინ უფრო სავალალოც შეიძლება გამოდგეს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, დღევანდელი გადასახედიდან შედეგი არაა კატასტროფული, რომელიც გაანალიზების შემთხვევაში საოლიმპიადოდ ძალიან კარგის მომცემიც გახდება, ვერგაანალიზებისას კი - ძალიან ცუდის.

- და რატომ ვერ აჩვენა ახლა გუნდმა თავისი შესაძლებლობები, რამ შეუშალა ხელი?
- ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პირობები შევუქმენით და მწვრთნელთა მოთხოვნები 100 პროცენტით დავაკმაყოფილეთ - ყველანაირი შეკრება, გაფართოებული თუ ვიწრო შემადგენლობისა როგორც შინ, ასევე - უცხოეთში, ყველანაირი შეჯიბრება მოვუწყვეთ, არანაირი პრობლემა არ ყოფილა.

ასეთი შედეგი განაპირობა როგორც ობიექტურმა, ისე სუბიექტურმა ფაქტორმა. ობიექტურია ევროპის ჩემპიონატის ჩაშლა და ბაქოს თამაშების ჩასმა კალენდარში, რაც ძალიან ახლოს იყო მსოფლიოს პირველობასთან, თუმცა იქაც შეიძლებოდა სხვანაირი მიდგომა.

ახლა ძნელია თქმა, ლიდერები არ უნდა გამოგვეყვანა-მეთქი, მაგრამ უკვე მერამდენედ ვაყენებ საკითხს, რომ ოლიმპიადამე ერთხელ მაინც უნდა გვეცადა ევროპის ჩემპიონატზე ლიდერების დასვენება და წელიწადში ერთ ოფიციალურ შეჯიბრებას შევხვედროდით პიკში, სხვა შემთხვევაში კი ყოფილიყვნენ მომზადების პროცესში.

ბაქოსთან მიმართებაში გამიჭირდება ამის თქმა, რადგან თავისი პიარით, ხარისხით, მასშტაბით ის მაღალ დონეზე ჩატარდა და მიახლოებული იყო მსოფლიოს ჩემპიონატთან, ევროპის ჩემპიონატი კი ვერ მივა ამ დონემე. იქ მოპოვებული ჩემპიონობა არანაკლებ გაუხარდა ქვეყანას და არანაკლები გამოხმაურება მოჰყვა.

ოლიმპიადამდე ერთხელ მაინც რომ გაგვეკეთებინა ისე, როგორც ზემოთ ვთქვი, მომხრე ვიყავი, თუმცა მაინც იმ პოზიციამ გაიმარჯვა, რაც უშუალოდ მწვრთნელებს და სპორტსმენებს ჰქონდათ, რასაც არ შევეწინააღმდეგე.

სამაგიეროდ, ოლიმპიადაზე მივდივართ ისე, რომ არ გვაქვს ერთხელ პიკში შესვლაზე მუშაობის გამოცდილება.

- თუმცა იყო კი გუნდი ბაქოში პიკზე?

- არ მიმაჩნია ასე, თუმცა არ მიმაჩნია, რომ ქართველ სპორტსმენს თავისი გამოცდილებიდან, ისტორიიდან, ხასიათიდან გამომდინარეც შეუძლია პიკში ყოფნის გარეშე მაღალი შედეგის მოპოვება, წარმატების მოპოვება კი არ ნიშნავს პიკში ყოფნას. თუმცა ეს კარგიცაა, რადგან უფრო მაღალი დონის შეჯიბრებისთვის უფრო მეტის მოთხოვნა, წინ წასვლაც შეიძლება.

- წელიწადში ორჯერ პიკზე გასვლა გაუმართლებელია და რატომ არ ერეოდა ამაში ფედერაცია, მისი აღმასკომი, მწვრთნელთა კომიტეტი? მწვრთნელთა საბჭო ხომ ანგარიშვალდებულია მათ წინაშე?
- სამწუხაროდ, აღმასკომზე ნათქვამი რჩება მხოლოდ რჩევად, მისი გათვალისწინება კი თითქმის არ ხდება. მწვრთნელებმა ითხოვეს, რომ მათ ჰქონოდათ ხელშეუხებლობა. განსაკუთრებით - წლეულს. მანამ მეც აქტიურად ვიყავი ჩართული მომზადებაში რეკომენდაციებით და რჩევებით, მაგრამ წლეულს ითხოვეს, რომ არც მე და არც არავინ მათ საქმეში არ ჩარეულიყო, მათ დაეგეგმათ ყველაფერი.

- თქვენ როგორ აფასებთ, იყო თუ არა გუნდი გადაღლილი?
- გუნდი მართლაც გადაღლილი იყო, ეს ფაქტია. მიზეზი ბაქოს შეჯიბრებაა, მაგრამ, ვფიქრობ, იმის შემდეგ დატვირთვის ფორმა სხვანაირი და სხვა ადგილას უნდა ყოფილიყო.

მეც ვფიქრობ, რომ ბოლო შეკრება იაპონიაში სხვანაირად შეიძლებოდა წარმართულიყო. მაგალითად, ის წაადგებოდა ადამ ოქრუაშვილს, რომელიც წონას არ იკლებს, თან იმ ჩავარდნის მერე ეს დატვირთვები კარგად წაადგებოდა, მაგრამ იმავე ჭრიკიშვილს ისედაც დიდი პრობლემა აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, რაც იაპონიაში უფრო რთულდება, რადგან სათანადოდ ვერ იკვებება, მეც მგონია, რომ იმ კონკრეტულ მომენტში მისთვის ეს ზედმეტი იყო.

უფრო მეტი ინდივიდუალური მიდგომა რომ ყოფილიყო, გაცილებით უკეთ შეიძლებოდა მათი დაზოგვა და შენახვა მსოფლიოსთვის. თუმცა კიდევ ერთხელ დავამატებ, ამ მაგალითს კარგად თუ გამოვიყენებთ და მომავალში არ იქნება ასე ზოგადი მიდგომა მთელ გუნდზე, აჯობებს. ამით დავინახეთ, ამგვარმა მიდგომამ რა შედეგი გამოიღო - ორი მედლის მოპოვების მიუხედავად, ჩვენების ჭიდაობის ხარისხი მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არ იყო სათანადო დონეზე.

- მსაჯების ფაქტორზე რას იტყვით? ფაქტია რომ წლეულს ბევრად გაუარესდა.
- მოვისმინე ინტერვიუები და ბიჭების განწყობაც ვიცი, მაგრამ ყველამ უნდა დაანებოს თავი ამ თემას, რაც უნდა მოხდეს. არ მახსოვს, ჩემი სპორტსმენობისას მსაჯი დამედანაშაულებინოს გარკვეული საბაბის მიუხედავად. ახლა რაც ხდება, ეს მეტისმეტია.

მესმის, რთულია, როცა თანაბარ ვითარებაში ვიღაცას ანიჭებენ უპირატესობას. მით უფრო, სამწუხაროდ, დღევანდელი წესებით მსაჯთა კომიტეტს მანევრირების ბერკეტი აქვს, თუმცა ამაზე აქცენტის გაკეთება რაელურ პრობლემებზე თვალის დახუჭვას ნიშნავს.

მსაჯთა ფაქტორზე ვმუშაობთ და ვერაფრით დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს არაფერს ვაკეთებთ - თუნდაც მცირე შემთხვევაზეც კი მივდივართ და ვინტერესდებით, რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ. მაგალითად, ტატალაშვილზე მივედი და მსაჯთა კომისიის თავმჯდომარე ბარკოსს მიზეზი ვკითხე, მიპასუხა, რომ სამი მსაჯიდან არც ერთისგან არ წამოვიდა გაფრთხილების სურვილი და მე ვერ ჩავერიეო.

ოქრუაშვილისა და სიჩინოეს შეხვედრაზეც მივედი და იქ მართლაც შეიძლებოდა, თანაბრად მიეშვათ ორივე, ეს რომ საქართველოში ყოფილიყო ან მსოფლიოს ჩემპიონატი არ ყოფილიყო, მაგრამ რინერი-სიჩინოეს ფინალისგან რაღაც შოუ შექმნეს. როგორც კი საამისოდ პატარა შანსი მიეცათ - თუნდაც მოგონილი, გააკეთეს ეს.

ამიტომ უნდა ვიდგეთ ამაზე ცოტა მაღლა, მსაჯზე კი არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, არამედ მეტად უნდა შევძლოთ ჩვენი საქმის გაკეთება, თორემ მსაჯები ყოველთვის სცოდავდნენ და მომავალშიც ასე იქნება.

- თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ წლეულს ძალიან გაუარესდა. ხომ არ უკავშირდება ეს ესპანელი ხუან ბარკოსის ფაქტორს? წინა წლებში, როცა იქ ძირითადად ჰოლანდიელი იან სნაიდერსი წყვეტდა ყველაფერს, ბევრად კარგი მსაჯობა იყო.
- გეთანხმებით, რომ წინა წლებში ნორმალური მსაჯობა იყო, წლეულს კი თითქოს უფრო მეტი შეცდომები იყო. მაგალითად, შავდათუაშვილთან შეეძლოთ, არ მიეღოთ ის გადაწყვეტილება და ამაზე ვერავინ შეედავებოდა, მაგრამ როცა მიდიხარ, გეუბნებიან, აი, იქ პატარაზე მოუხვდა ფეხიო და ძნელია, ამაზე შეეკამათო. ამიტომ ვამბობ, მსგავსი შემთხვევებისგან მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი.

სნაიდერსის ფაქტორს რაც შეეხება, ქალებში, 63 კილოგრამის ნახევარფინალში სლოვენიელ ტინა ტრსტენიაკს ზუსტად ჭრიკიშვილის იდენტურ ვითარებაში მოუსხნეს ჰოლანდიელი ხუულ სტევენსი.

ახსნა მითხარით, როცა ჰოლანდიელი მოუხსნეს ჰოლანდიელ მსაჯს. ასევე ერთხელ საკამათო ვითარებაში გერმანელი მოხსნეს. არადა, გერმანელ ბერდ ახილევსს საერთაშორისო ფედერაციაში დიდი გავლენა აქვს.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ინდივიდუალურადაც არ იყო ნამუშევარი კონკრეტულ მეტოქეებზე?
- როცა ერთი კაცი ხუთზეა პასუხიმგებელი, იქ კონკრეტული პასუხისმგებლობა არ დადგება. ასეთი რამე დადგება მაშინ, როცა ჩაბარებული გყავს ერთი კონკრეტული სპორტსმენი ან წონა. მაშინ პასუხიმგებლობაც იზარდება, რადგან მასთან უნდა იყო გამუდმებით და თავისით მოგივა ინიციატივა, რომ განიხილო რამე კონკრეტული თემა. ხუთ კაცში, როცა იცი, რომ თან ხარ პასუხისმგებელი, მაგრამ ისიც იცი, რომ მარტო შენ არ გევალება ეს, ამას ნაკლებად აქცევ ყურადღებას. ინდივიდუალური მუშაობა არ ნიშნავს, რომ სადმე მიჰყვე, არბენინო და სხვა.

ისევ და ისევ კურატორთა საკითხამდე მივდივართ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თანდათან ვრწმუნდები მის უპირატესობაში. მაგალითად, ასეა იაპონიისა და კორეის გუნდებში, რომლებსაც ჯამში 5 ჩემპიონი გაუხდათ.

ერთი საინტერესო მაგალითიც კორეის ნაკრებიდან: მძიმე წონიდან 100-ში ჩამოსულ გუჰამ ჩოუს სავარჯიშოდ გაჰყვა 60-ის ფალავანი, რადგან ის ძალიან კარგად აკეთებდა ჩახტომით კისრულს და ავარჯიშებდა იმას. იმავე იაპონიაში 73 კილოგრამამდე სულ სხვა ადამიანია ჩართული მზადებაში, შუა წონებში - სხვაა, მძიმეებში საერთოდ სხვა ვინმეა და კიდევ იყო ერთი სპორტსმენი, ვისაც ცალკე ავარჯიშებდა საერთოდ ახალი მწვრთნელი.

ძიუდო ფრიად ინდივიდუალური სპორტია, მიდგომაც ასეთივე უნდა და ეს არ ნიშნავს გუნდურობის პრინციპის დარღვევას. უბრალოდ, ვიღაცებს არ უნდათ ზედმეტად თავის შეწუხება. ახლანდელი მოდელით მთავარი მწვრთნელი უფრო კომფორტულ სიტუაციაშია, თორემ ახალი მიდგომით მას შეუძლია, არა მარტო კურატორ მწვრთნელთან გაიაროს კონსულტაცია, არამედ პირად მწვრთნელსაც დაუძახოს და მისი აზრიც მოისმინოს.

- ჩვენს გუნდში ლიდერების გამოყოფა ფრიად პირობითია, მაგრამ გამორჩეულ ფავორიტებს როგორ შეაფასებთ?
- ყველაზე გულსატკენიც ისაა, ტურნირზე წასვლისას აქცენტს იმაზე ვაკეთებთ, რომ ყველას შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონობა. რის გამოც ადრე აგებდნენ, ისევ იმავე მიზეზით წააგეს. მაგალითად, ლიპარტელიანმა, პაპინაშვილმა. თან ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი.

ამ მხრივ ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში უკვე დავიწყეთ მუშაობა და შეგიძლიათ ჰკითხოთ, რამდენად წაადგათ ეს, ეროვნულ ნაკრებში კი ვერ მოხდა ამის დანერგვა, თითქოს ცოტა ზედმეტად უყურებენ ამას. პაპინაშვილზე ვერ ვიტყვი, რომ ფიზიკურად ცუდად იყო მომზადებული და ნახეთ, როგორ მოუგო ჰოლანდიელს, ყაზახსაც უგებდა, თუმცა ორი წუთის მერე სულ სხვა მოჭიდავე დავინახე. არა იმიტომ, რომ ფიზიკურად გაუჭირდა და დაიღალა, არამედ ფსიქოლოგიური მომენტის გამო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული