ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: მძიმე დასასრული [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი
წერილის სათაური იქიდან გამომდინარე შევარჩიეთ, რომ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენგან ბოლო წარმატებას მძიმეწონოსანმა ფალავანმა მიაღწია, თუმცა ტურნირში ჩვენი ნაკრების გამოსვლაც მძიმეა და არასახარბიელო. იქ მხოლოდ ორი ბრინჯაო ვირგუნეთ, რაც ვალერი ლიპარტელიანმა (90) და ადამ ოქრუაშვილმა (+100) დაიმსახურეს, რაც ძალზე მცირეა მსოფლიოს მოწინავე ნაკრებისთვის.

თუმცა თანდათან ამ ტიტულსაც ვთმობთ და პოზიციებსაც - ასტანაში პირადი პირველობის გარდა, წარმატების მოპოვება გუნდურშიც გაგვიჭირდა; ევროპულ თამაშებში თუ ფინალში წავაგეთ, ამჯერად სეზონის უმთავრეს ტურნირში ბრინჯაოს დავჯერდით, ანუ წლეულს ორივე მთავარი
შეჯიბრება დავთმეთ.

ბოლო ორ დღეს ასტანაში ბრინჯაოსთვის ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა წევრმა - ბექა ღვინიაშვილმა (90) იჭიდავა, მაგრამ ლიპარტელიანთან დამარცხდა. დანარჩენებიდან მეხუთეზე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გავიდა. სამწუხაროდ, სხვებს მედალთან მიახლოების შანსიც არ ჰქონიათ.

გუნდის გამოსვლაშიც ყველაზე ცუდი ესაა - ჭიდაობის არადამაკმაყოფილებელი ხარისხი, ნაკრები წლის მთავარ შეჯიბრებას პიკში ვერ შეხვდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი ფიზიკური მოუმზადებლობა იყო, ეს დეფექტი კი ბევრ ხარვეზს განაპირობებდა თუნდაც ტექნიკის კუთხით. გუნდი თითქოს გადაღლილი იყო, თითქოს აკლდა დასვენება და ვერც ცალკეული მოჭიდავეების პროგრესი დავინახეთ - გამოსწორების ნაცვლად ისევ იგივე შეცდომები.

ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე მოშვებულ-მოდუნებული და ტრავმებით გათანგული გუნდი ვიხილეთ, რომელიც შესაძლებლობების ნახევარსაც ვერ ავლენს.

არადა, ერთი წელიწადი არც ისე დიდი დროა, თვალის დახამხამებაში გაირბენს, ჩვენ კი ერთი წუთის დაკარგვის უფლებაც არ გვაქვს, თორემ რიო დე ჟანეიროში ასტანური შედეგიც სანატრელი გაგვიხდება. თვით მედალოსნები და მედალზე ნაჭიდავები ხალხიც კი შორს იყო თავისი საუკეთესო ფორმისგან.

ბრინჯაო ოქროსგან
ადამ ოქრუაშვილმა ამ სეზონში უკვე მეორედ გააოცა ქომაგები, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამჯერად კიდევ უფრო დაიკლო წონაში, ახლანდელი მედალი იმდენად დიდი სიურპრიზი არ იყო, როგორც ბაქოში, პირველ ევროპულ თამაშებზე გამარჯვება.

მას კვლავაც მეტი აქვს რეზერვი, ოღონდ საამისოდ ჯერ კიდევ უნდა დაიკლოს წონაში. მაშინ მოძრაობა-კოორდინაცია კიდევ უფრო გაუუმჯობესდება და ილეთებსაც უფრო თავისუფლად გააკეთებს, თუმცა ამ კომპონენტებში ამჯერადაც არ გამოიყურებოდა ურიგოდ. მან ყველა შეხვედრაში მაღალი სინჯის გდებები გააკეთა - 5-დან ორი პაექრობა იპონით მოიგო, ორი - ვაზარით, ერთში კი დამარცხდა. თან რამდენიმე სახის ილეთი გამოიყენა, ანუ საკმაოდ მრავალფეროვნად იჭიდავა.

ის პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორეში პოლონელი მაციეჟ სარნაცკი გაშლილი ხელით კარგად დაითრია და მოგვერდით ვაზარზე მოიყოლა; ჩეხი მიხალ ჰორაკი ჯერ ვარდნაში ვაზარზე გამოცერა, მერე კი კისრულის გაკეთება არ დაანება და იპონზე გადაჩეხა. მეოთხედფინალში გერმანელ სვენ ჰაილეს დაუცველ წელში კარგად შეუვარდა და თავს უკან გადაისროლა, ოღონდ ადრინდელისგან განსხვავებით, ამჯერად ეს ტექნიკურად ცოტა უფრო სხვანაირად გააკეთა.

ერთადერთი შეხვედრა ოქრუაშვილმა ნახევარფინალში წააგო იაპონელ რიუ სიჩინოესთან, რასაც წინ მსაჯის ცოტა საეჭვო გაფრთხილებები უძღოდა - სამჯერ დასაჯა ჩვენებური, რომელთა მართებულობა მართლაც რომ საკამათოა. მართალია, მეტოქე ოდნავ უფრო აქტიური იყო, ყოველ შემთხვევაში, იმიტაციას ნამდვილად ქმნიდა, თუმცა აშკარად პასიური არც ქართველი ყოფილა. თან იაპონელი უკანაც ბევრჯერ წავიდა. მართალია, ორჯერ ისიც გააფრთხილეს, მაგრამ ბოლო წამებზე უპირატესობა მაინც მის მხარეს იყო, ოქრუაშვილს კი ვა-ბანკზე წასვლის მეტი არაფერი დარჩენოდა და იპონზე მოჰყვა.

ვფიქრობთ, ჩვენებურს ტვირთად აწვა იაპონელთან ზედიზედ წაგებული წინა სამი შეხვედრა (თუმცა იმათგან ერთში ტრავმის გამო ვერ იჭიდავა) და არ რისკავდა.

ოქრუაშვილი წონის დაკლების შემთხვევაში სისწრაფესაც დაიბრუნებს, ძველ ილეთებსაც და ცოტა აგრესიულად თუ ეჭიდავება (ცხადია, სწორი ტაქტიკის თანხლებით), სიჩინოე ნამდვილად არაა ფრანგი ტედი რინერივით დაუმარცხებელი, ვინც მერვედ (!) გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ოქრუაშვილმა ამოსმულით მეოთხედ მოუგო ევროპის გერმანელ პრიზიორ ანდრე ბრაიტბარტს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯერჯერობით, ვიდრე არ დამთავრებულა მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობასა და სხვა სახეობებში, ადამ ოქრუაშვილი წლის საუკეთესო სპორტსმენია - ევროპის ჩემპიონატთან გათანაბრებულ ევროპულ თამაშებში გაიმარჯვა, ხოლო მსოფლიოზე ბრინჯაო მოიპოვა.

90-ის დუეტი
ასტანაში მომზადების და ჭიდაობის შედარებით კარგი დონე 90 კილოგრამის ფალავნებმა - ლიპარტელიანმა და ღვინიაშვილმა აჩვენეს, თუმცა მათაც დაეტყოთ საერთო სენი - ფიზიკურად ვერ იყვნენ მომზადებულები.

დასაწყისში ეს ხარვეზი უფრო ლიპარტელიანს ეტყობოდა, ღვინიაშვილი კი შედარებით უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა ბოლოსკენ ორივესთან თვალშისაცემი გახდა - ვერ გაუძლეს სატურნირო დისტანციას და მეორე ნახევარში მოუკლეს. თან ბოლოსკენ კიდევ ერთი ნაკლი გამოავლინეს - თავიდან მთელ შეხვედრას თუ მეტ-ნაკლებად თანაბრად, ერთ დონეზე ატარებდნენ, მერე და მერე გამოჩნდა, რომ სამი წუთის შემდეგ საგრძნობლად იღლებოდნენ, არ ჰყოფნიდათ ძალა, სუნთქვა, გამძლეობა და ისევ ის ნაკრები ვიხილეთ, რასაც წინა ოლიმპიურ ციკლში ვხედავდით.

თავიდან ორივემ ძალისმიერი სტილი აირჩია - ღვინიაშვილმა შებოჭვებით გაიარა სამი წრე (უკრაინელ ქუანჯაუ ნჰაბალისთან, პოლონელ პატრიკ ცირჩენიცთან და სერბ ალექსანდრ კუკოლისთან), ლიპარტელიანმა კი იმავე ეტაპზე ორი შებოჭა - მიხაილ მარჩიტანი არაბული საემიროებიდან და ფრანგი ალექსანდერ იდირი, თუმცა შუალედში იმ ერთ შეხვედრაშიც ამერიკელ იაკობ ლარსენთან ამოსმული შუაკაურით ორი ვაზარი მოიპოვა.

ღვინიაშვილი მეოთხე შეხვედრაშიც იაპონელ მაშუ ბაკერთან მომგებიან იუკოს შებოჭვის ხარჯზე გამორჩა, რომელიც ბოლომდე ვერ მიიყვანა, მაგრამ ქულა კი მოიპოვა. მან 30 აგვისტოს გუნდურშიც კიდევ რამდენიმე პაექრობა მოიგო ამგვარად.

ოღონდ მათგან ასეთი სტილი არაა დიდად გასაკვირი. განსაკუთრებით - ღვინიაშვილისგან, რომელიც ძირითადად ისედაც ასე გადის ფონს, აი, ლიპარტელიანი კი ხშირად ამჯობინებს დგომში ჭიდაობას. თუმცა გვახსოვს წლევანდელი დიუსელდორფის ტურნირი, რომელიც სწორედ ასეთ სტილში, შებოჭვებით მოიგო.

მათ ჩოქბჯენში ჭიდაობის გაკვეთილი ჩაუტარეს იმ თანაგუნდელებს, რომლებიც ამას სხვადასხვა მიზეზით თავს არიდებენ. არადა, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) ხომ რამდენჯერმე გააფრთხილეს, როცა მეტოქეს ჩოქბჯენში არ ჩაჰყვა, შაბათს მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილიც დიდწილად ამას შეეწირა.

არადა, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად (მაგალითად, ლიპარტელიანს მარჩიტანთანაც შეეტყო "ფიზიკის" ნაკლი, ღვინიაშვილმა ბრუნიდან ვერ გადააგდო ნჰაბალი), თავიდან ერთ რამედ ღირდა მათი ჭიდაობის ცქერა, რადგან ყველა შეხვედრაში გდებებს აკეთებდნენ, ილეთებით იგებდნენ. იმ შებოჭვებით მოგებასაც ისე ნუ გავიგებთ, თითქოს ბღლარძუნით ჩააგდეს დაბლა მეტოქე და ისე შებოჭეს - არა, ყველა შემთხვევაში, მინიმუმ, სავაზარე გდება მაინც გააკეთეს.

ლიპარტელიანმა დასამახსოვრებელი პაექრობა იდირთან მოიგო, ვისთანაც 2 გაფრთხილებას და იუკოს აგებდა. დროც იწურებოდა, მაგრამ დასრულებამდე 26 წამით ადრე წამოიწყო შეტევა, რითაც მეტოქე შებოჭვაზე დაიჭირა.

ღვინიაშვილმა ასეთი ეპოქალური მოგება ბაკერთან მოიპოვა, თუმცა ბოლო წამებზე აშკარად გაექცა ბრძოლას. იმდენად აშკარად, მსაჯს მეოთხე გაფრთხილებით რომ მოეხსნა, საყვედურს ვერავინ ვიტყოდით. არადა, არ ჩამოუვარდებოდა ძლიერ მეტოქეს და არაფერი ჰქონდა ასე გასაქცევი. კიდევ ერთხელ გვიწევს იმის გამეორება, რომ ანგარიშის შენარჩუნება არ ნიშნავს გაქცევას და ჭიდაობის ჩაშლა გაცილებით უფრო ეფექტურადაც შეიძლება.

ლიპარტელიანი მეოთხედფინალში სამხრეთკორეელთა მომავალ ჩემპიონ დონ ჰან გვაკთან დამარცხდა, როცა თავისივე წამოწყებულ ილეთზე მეტოქემ კონტრშეტევა დაუპირისპირა, რითაც იუკო მოიპოვა. ღვინიაშვილი ნახევარფინალში რუს კირილ დენისოვთან დამარცხდა - გამოცდილმა მეტოქემ იოლად ჩაახშო მისი ახალგაზრდული სიფიცხე. ლიპარტელიანმა დამამშვიდებელში გერმანელ აარონ ჰილდებრანდთან და კვირას გუნდურში რუს კირილ ვოპროსოვთან დაამტკიცა, რამდენად ჭკვიანი მოჭიდავეა, იმდენად ეფექტურად დააიპონა ორივე.

ღვინიაშვილის გამოუცდელობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ლიპარტელიანთან, როცა ორი გდება გაუკეთა და წმინდად მოუგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ღვინიაშვილი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჯერ წონის ლიდერებთან საჭიდაოდ მზად არაა. თან მის ჭიდაობაში არც სიახლე იგრძნობა. არადა, სასურველია.

ბოლო დღეებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის კიდევ ორი წარმომადგენელი გამოვიდა. ლევან მატიაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა კუბელ ალექს გარსია მენდოსასთან გაფრთხილებებით 2:3-ზე. გასაგებია, რომ არ მიჰყვებოდა ჩოქბჯენში ჭიდაობაში (არადა, გუშინ გუნდურში კარგად აკეთებდა ამას), მაგრამ მსაჯმაც იჩქარა რამდენიმეჯერ. ამასთან, კუბელი ამისი მეორე გაფრთხილების შემდეგ 6-ჯერ (!) ჩაწვა, მაგრამ არა და არ გააფრთხილა. იმათგან ყველა არა, მაგრამ რამდენიმე ჩავარდნა კი ნამდვილად ჰგავდა ფალ-სტარტს.

თუმცა ეს სულაც არ ამართლებს მატიაშვილს, ვისაც წონაც მეტი აქვს და ერთ დროს წონის რისხვა ფალავნიდან დღეს საშუალო დონის ძიუდოისტად მოგვევლინა.

ქალთა ტურნირში ერთადერთი მონაწილე გვყავდა - ესტერ სტამი (70), ვინც პირველ შეხვედრაში მაროკოელი ასმაა ნიანგი გაფრთხილებებით დაამარცხა, მაგრამ იაპონელმა ჩიზურუ არაიმ შებოჭა.

გუნდური ბრინჯაო
პირად პირველობაში წარუმატებლობის შემდეგ ჩვენებმა გუნდურში ბრინჯაო მოიპოვეს. მათ პირველ წრეში 4:1 მოუგეს ტუნისს, ნახევარფინალში გასასვლელი შეხვედრა კი 2:3 დათმეს მონღოლეთთან. დამამშვიდებელში კი 3:2 მოუგეს რუსეთს (აქ 2:2-ზე მატიაშვილმა მოგვაგებინა, რომელმაც ორი ვაზარით დაამარცხა ასლან კამბიევი), ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი 4:1 აჯობეს გერმანიას.

იხილეთ ვიდეო
რუსი და ქართველი ძიუდოისტის შელაპარაკება მსოფლიოს ჩემპიონატზე
Sportall.Ge
კვარცხლბეკი
ვაჟები
90 კგ
1. დონ ჰან გვაკი (იაპონია)
2. კირილ დენისოვი (რუსეთი)
3. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო), მაშუ ბაკერი (იაპონია).
5. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

100 კგ
1. რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია)
2. კარლ-ჰაინც ფრეი (გერმანია)
3. ტომა ნიკიფოროვი (ბელგია), დიმიტრი პეტერსი (გერმანია).

+100 კგ
1. ტედი რინერი (საფრანგეთი)
2. რიუ სიჩინოე (იაპონია)
3. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო), იაკივ ხამო (უკრაინა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
სად უნდა დააყენო ... როცა მისი დასაყენებლი ადგილი აქამდე არ არსებობდა (დარბაზს ვგულისხმობ) და მედლები პანტა-პუნტით მოდიოდა ყველა მხრიდან? ... დაყენებინე ფეხბურთელებს და პირში წყლი გამოივლე კარგად როცა ჩვენზე საუბრობ. მართლა ....დააყენე ვიღაცა ხარ
lopo-s
12:33 01-09-2015
0
აუგის თქმა რა თქმა უნდა ყველა შემთხვევაში დაუმსახურებელი და უსამართლო იქნება, თუმცა როცა უყურებ და ხვდები და იმის ნახევარს ვერ აკეთებს რაც შეუძლია და რისი იმდეიც გქონდა, ბუნებრივად იწყებ მიზეზის ძებნას თუ რატომ მოხდა ასე, სად იქნა შეცდომა დაშვებული. როცა ლიპოსნაირ სტაბილურ სპორტსმენს უყურებ, რომელსაც კვლავ ერთი ნაბიჯი დააკლდა ოქრომდე, არ შეიძლება გული არ დაგწყდეს და უმაყოფილება არ გამოთქვა, მეტია სა ჭირო, უფრო მეტი. ფედერაციის მხრიდანაც, მწვრთნელების მხრიდანაც, ექიმების მხრიდანაც და თავად ბიჭების მხრიდანაც. იმედი მაქვს ოლიმპიადის შემდეგაც აღარ მოვისმენთ ასეთ მიზეზებს რომ თურმე პიკში ვერ შევხვდით. სამწვრთნელო შტაბის პირველი მოვალეობა ზუსტად ესაა, გუნდი ისე უნდა მოამზადო რომ ფორმის პიკში შეხვდეს მთავარ შეჯიბრებას. ასე რომ იმუშავეთ და შედეგიც იქნება
fraternity
11:30 01-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული