ზაგრების გრან-პრი. წილისყრა: მამლუქები ქართველთა წინააღმდეგ

AutoSharing Option
30 აპრილს გაიმართა ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" წილისყრა, რომელიც დღეიდან კვირის ჩათვლით, ზაგრებში ტარდება. იქ ჩვენი ვაჟთა ნაკრები შესუსტებული და გადახალისებული გუნდით გამოვა - ორ წონაში, 60-სა და მძიმეში მონაწილე არ გვეყოლება, ისვენებს ლიდერთა უმეტესობა.

ვერ ვიტყვი, რომ ჩვენებს დიდად არ გაუმართლათ, თუმცა თორნიკე თათარაშვილი (66) გამონაკლისია - მაინცდამაინც უკრაინელთა ქართველის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას ჯგუფში მოხვდა. ერთი ეგაა, მას მეოთხედფინალამდე არ შეხვდება, იქ კი რომც წააგოს, სანუგეშოში გადავა.

თუმცა იქამდეც უნდა მივიდეს, საამისოდ კი ჯერ არუბას წარმომადგენელი ხაიმე
მატაა დასამარცხებელი, მერე კი ავსტრიელ ანდრეას ტიფგრაბერის, სლოვენიელ იერებ სასოსა და ბელგიელ იესპერ ლეფევერეს სამეულში უმჯობესი. თუმცა ზანთარაიას მხარე ბევრად ძლიერია.

ამავე წონაში ვაჟა მარგველაშვილი პირველ შეხვედრას მეორე წრეში ჩაატარებს გერმანელ სებასტიან საიდლისთან. მერვედფინალში არც ისე ძლიერი მეტოქე ეყოლება - უნგრელ ბენცე ზამბორს, პოლონელ მიხალ ბარტუსიკსა და რუმინელ რემუს ლაზეას შორის უმჯობესი.

73-ში ლაშა შავდათუაშვილი პირველსავე წრეში ალბანელ იგლი რამოსაკაის დაეჭიდება, ამათში მოგებულს კი ჰოლანდიელი სამ ვან ტ ვესტენდე ელოდება. ამბარიერსაც თუ გაივლის, მერე შესაძლოა, არაბული საემიროების მოლდოველი მსოფლიოს პრიზიორი ვიქტორ სკვორტოვი შეხვდეს, ვისთანაც შარშან ბუდაპეშტის "დიდი პრიზის" ფინალში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.

ფრიდონ გიგანი ხორვატ დენის ბეჩიჩს დაეჭიდება, მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში კი ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოს შეხვდება.

81-ში ზებედა რეხვიაშვილი კანადელ მსოფლიოს ფინალისტსა და ოლიმპიურ პრიზიორ ანტუან ვალოის-ფორტიესთან მოხვდა ჯგუფში, თუმცა მასთან შეხვედრამდე ჯერ ისვენებს, მერე კი ჰოლანდიელ ნაელ ვან დე კამერსა და ავსტრალიელ ეუნ ჩუგლანს შორის მოგებულს დაეჭიდება.

გიორგი პაპუნაშვილს პირველივე წრეში ესპანეთში გადასული თანამემამულე შალვა ყალაბეგაშვილი ერგო.

ზვიად გოგოჭური (90) თავიდან გერმანელ აარონ ჰოლდებრანდს ხვდება, მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში კი ურთიერთობას რუს მაგომედ მაგომედოვისა და ავსტრიელ ლაურინ ბოლერს შორის მოგებულთან გაარკვევს.

ალექსანდრე ზაალიშვილი (100) მეორე წრეშია დაშვებული, სადაც ჰოლანდიელი მიხაელ კორელი ელოდება, ალექსანდრე მსხალაძე კი მეორე უიღბლოა ჩვენი გუნდიდან - ისიც მეორე წრეშია დაშვებული, თუმცა იქ მეტოქედ გერმანელი მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი დმიტრი პეტერსი ერგო. თან მსხალაძემ მასთან ორჯერ წააგო და ორივეჯერ თბილისში. ბოლოს ეს წლეულს მოხდა, ჩვენი ტურნირის ნახევარფინალში.

ქალებში ესტერ სტამი (70) პირველ შეხვედრას კანადელ კელიტა ზურანჩიჩთან გამართავს. ამავე ჯგუფშია მეორე ჰოლანდიელი ლინდა ბოლდერი, ვინც ისრაელის სახელით გამოდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული