საჭადრაკო ოლიმპიადა: ბაქომ ესტაფეტა ბათუმს გადააბარა

AutoSharing Option
აზერბაიჯანის დედაქალაქში 13 სექტემბერს დამთავრდა 42-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც ვაჟთა 180 და ქალთა 141 გუნდი მონაწილეობდა.

ჩვენმა დიდოსტატებმა ბოლო ტურებში ფხა ვერ გამოიჩინეს და მათთვის შეუფერებელ ადგილებზე აღმოჩნდნენ. ვაჟთა ნაკრები 9 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზე იყო და მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებდა.

წინა ტურში, როგორც ვწერდით, ჩვენები ამერიკელებთან დამარცხდნენ, გუშინ კი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან წააგო: პირველ დაფაზე ბაადურ ჯობავა შავი ფიგურებით დრაგან სოლაკს დაუზავდა. მესამე დაფაზე ლევან ფანცულაიამ მუსტაფა იილმაზს აჯობა, ხოლო მეორე და მეოთხე დაფებზე მიხეილ მჭედლიშვილმა და თამაზ გელაშვილმა, შესაბამისად, ალექსანდრ იპატოვსა და ემრე ქენთან წააგეს.

ამ მარცხის შემდეგ (1.5:2.5) საქართველოს ნაკრები 14 გუნდური ქულით (საერთო მონაგარი 26.5 ქულა) 24-ე ადგილს დასჯერდა.

20 ქულით ჩემპიონობა ამერიკელებმა მოიპოვეს. ამდენივე ქულას მოუყარეს თავი უკრაინელებმა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლს დასჯერდნენ.

XI ტური
თურქეთი-საქართველო 1.5:2.5
აშშ-კანადა 2.5:1.5
რუსეთი-იტალია 3:1
თურქმენეთი-აზერბაიჯანი (1) 1:3
ინდოეთი-ნორვეგია 2:2
პერუ-ინგლისი 2:2

საბოლოო შედეგები: I. აშშ-20 (31.5), II. უკრაინა-20 (31), III. რუსეთი-18 (32), IV. ინდოეთი-16 (27.5), V. ნორვეგია-16 (26.5), VI. თურქეთი-16 (30), VII. პოლონეთი-16 (29.5), VIII. საფრანგეთი-16 (30), IX. ინგლისი-16 (26.5), X. პერუ-16 (26.5)... XXIV. საქართველო-14 (ბაადურ ჯობავა-8 ქულა (10 პარტიიდან), მიხეილ მჭედლიშვილი-4.5 (9), ლევან ფანცულაია-6.5 (10), თამაზ გელაშვილი-4 (9), თორნიკე სანიკიძე-3.5 (6), სულ - 25.6).

გუშინ შეჯიბრების ბოლო ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა ავსტრიელები დაამარცხა: პირველ დაფაზე ლელა ჯავახიშვილმა ითამაშა და რეგინა პოკორნას გააჩერებინა საათი, ნინო ბაციაშვილმა ვერონიკა ექსლერს მოუგო, ხოლო ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია, შესაბამისად, კატერინა ნევრკლასა და ელიზაბეტ ჰაპალას შეუთანხმდნენ ყაიმზე.

XI ტური
საქართველო-ავსტრია 3:1
ჩინეთი-რუსეთი 2.5:1.5
უნგრეთი-პოლონეთი 0.5:3.5
უკრაინა-ბულგარეთი 3:1
აზერბაიჯანი (1)-მალაიზია 3:1
აშშ-ინდოეთი 2:2

საბოლოო შედეგები: I. ჩინეთი-20 (31), II. პოლონეთი-17 (33), III. უკრაინა-17 (30.5), IV. რუსეთი-16 (29), V. ინდოეთი-16 (28), VI. აშშ-16 (27), VII. ვიეტნამი-16 (27.5), VIII. აზერბაიჯანი (1)-16 (25.5), IX. ისრაელი-16 (26.5), X. საქართველო-14 (ნანა ძაგნიძე-5.5 (9), ლელა ჯავახიშვილი-6.5 (10), ბელა ხოტენაშვილი-7 (10), ნინო ბაციაშვილი-9 (10), სალომე მელია-2.5 (5), სულ - 30.5).

ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ მოჭადრაკეები დაფების მიხედვით მცირე მედლებით დაჯილდოვდნენ. პირველ დაფაზე ოქროს ჯილდო ბაადურ ჯობავას ერგო. მეორე-მესამე ადგილებზე რეინიერ დომინგესი (კუბა) და ფაბიანო კარუანა (აშშ) გავიდნენ.

ქალებში მცირე ვერცხლის მედალი ხვდა მეოთხე დაფაზე ნინო ბაციაშვილს, რომელმაც 10 შეხვედრიდან ცხრა მოიგო და მხოლოდ ერთი პარტია დათმო. მას ჩინელმა თან ჟონმა აჯობა. მესამე ადგილი კლაუდია კულონმა (პოლონეთი) დაიკავა.

გუშინ, შეჯიბრების საზეიმო დახურვისას, ბაქომ ესტაფეტა ბათუმს გადასცა. მოგეხსენებათ, 2018 წელს 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას აჭარის დედაქალაქი უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბადურ გამიხარდა შენი ოქრო,ნინოსაც ვულოცავ მარა საჭიროა ქალების ნაკრების გადახალისება.
baTumeli
19:26 14-09-2016
0

სიახლეები პოპულარული