გიორგი გიორგაძე: მედლების შანსს ვინარჩუნებთ

AutoSharing Option
ბაქოში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე 7 სექტემბერი დასვენების დღე იყო. შეჯიბრების მონაწილეებმა აზერბაიჯანის დედაქალაქისა და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობანი დაათვალიერეს. ქართველებმა აქტიურად გამოიყენეს უქმე დღე.

გუშინ ინტერვიუსთვის ბაქოში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს შევეხმიანეთ.

- ბატონო გიორგი, ტურნირზე სარეკორდო რაოდენობის გუნდებმა მოიყარეს თავი. მასპინძლები საჭადრაკო ოლიმპიადას თავს როგორ ართმევენ?
- ყველანი ველოდით, რომ ბაქოში ოლიმპიადა მაღალ დონეზე იქნებოდა ორგანიზებული. ტურნირის თითქმის ნახევარი მიილია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვიმყოფებით! ამას ყველა დელეგაცია აღიარებს. მთელი ქვეყანაა დაინტერესებული, რომ ეს
ფესტივალი მაღალ დონეზე ჩატარდეს. შეჯიბრება ქვეყნის პირველმა პირმა - ილხამ ალიევმა გახსნა და საპატიო პირველი სვლაც მან გააკეთა. ჩვენ ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ მეზობლებს არ ჩამოვრჩეთ და ბათუმის 2018 წლის ოლიმპიადის სტუმრებს თავი დავამახსოვროთ.

- განვლილ ხუთ ტურში ჩვენი და ოლიმპიადის ფავორიტი ქალ-ვაჟთა გუნდების თამაშს როგორ შეაფასებთ?
- ჩვეულებრივ, საჭადრაკო ოლიმპიადაზე, რომელიც შვეიცარიული სისტემით ტარდება, გადამწყვეტი მოვლენები ბოლო სამ ტურში ვითარდება, როდესაც კონკურენტები უპირისპირდებიან ერთმანეთს.

სამწუხაროდ, დასაწყისში უსიამოვნო სიურპრიზს ვერ ავცდით - საქართველოს ქალთა გუნდი შედარებით სუსტ მეტოქესთან დამარცხდა, რაც ოლიმპიადის ერთ-ერთ სენსაციად მოინათლა. ეს ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, თუმცა მსგავსი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა. აი, ავიღოთ თუნდაც ჩინელთა ფრე მესამე ტურში ვიეტნამელებთან. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ლატვიელთა გუნდის პირველ დაფაზე ამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრს, ქალთა დიდოსტატ დანა რიეზნიცე-ოზოლას თუ ვიხილავდით, რომელმაც მე-4 ტურში თვით ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი დაამარცხა. მინისტრს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და ბალტიისპირელები 1.5:2.5 დამარცხდნენ.

მეორე ტურში წაგების მიუხედავად, საქართველოს ქალთა ნაკრებს ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი არ დაუკარგავს. 2-2 ქულით მხოლოდ რუსეთი და უკრაინა გვისწრებენ. ისინი მე-6 ტურში ხვდებიან ერთმანეთს და, ცხადია, ერთ-ერთი ან ორივე დაკარგავს ქულას. თითო ქულით არიან წინ რუმინეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი. დღეს კარპატელები აზიელებს გაუწევენ მეტოქეობას, ჩვენ კი მასპინძლებს შევხვდებით.

გვახარებს ვაჟთა ნაკრების წარმატება. გამოვყოფდი ბაადურ ჯობავას შესანიშნავ თამაშს, განსაკუთრებით, მსოფლიოს ექსჩემპიონ ვესელინ ტოპალოვსა და ესპანეთის ლიდერ ვალეხოსთან გამარჯვებებს, თვით ნაკრების დამაჯერებელ მოგებას ბულგარეთისა და ესპანეთის ძლიერ გუნდებთან. სასიამოვნოა, რომ ჩვენი გუნდი მეწინავეთა შორისაა. თუმცა, მთავარი მაინც დღეიდან იწყება.

- ჩვენი მოჭადრაკეები და მწვრთნელები როგორ განწყობაზე არიან?
- საქართველოს ნაკრებ გუნდებში განწყობა საქმიანი და საბრძოლოა. დასვენების დღე აქტიურად გამოვიყენეთ და განტვირთვისთვის ქართულ რესტორანს ვეწვიეთ. სადილის შემდეგ მე-6 ტურის მეტოქეების წინააღმდეგ მზადება დავიწყეთ. როგორც გითხარით, დღეიდან უფრო მძიმე პაექრობები დაიწყება, ფინიშისკენ დაძაბულობა გაიზრდება, რაც დამატებით ენერგიას მოითხოვს. გაიმარჯვებს ის, ვისაც მეტი ჟინი, ძალა და გამძლეობა შერჩება.

- მეექვსე ტურში ჩვენს მეტოქეებზე რას იტყვით?
- ჩეხეთის ნაკრები, ტრადიციულად, ძლიერი მოჭადრაკეებითაა დაკომპლექტებული. ახლაც ასეა. დასტურად ისიც გამოდგება, რომ ჩეხებმა მე-4 ტურში ამერიკის სუპერნაკრებთან ოთხივე დაფაზე ყაიმს მიაღწიეს და შეხვედრა ფრედ დაამთავრეს. ასე რომ, სერიოზულ მეტოქესთან მოგვიწევს დაპირისპირება. თუმცა აწი ყველა მოწინააღმდეგე ძლიერი იქნება. სხვაგვარად წარმატებას ვერ მიაღწევ.

ქალთა გუნდი, მოგეხსენებათ, მასპინძელთა პირველ ნაკრებთან გაარკვევს ურთიერთობას. აზერბაიჯანელი გოგონები ამ ტურნირზე საოცრად კარგად თამაშობენ. ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ. ძალიან დაძაბული მატჩი იქნება.

- ეს ოლიმპიადა ჩვენთვის იმითაც არის საინტერესო, რომ 2018 წელს მსგავსი შეჯიბრება ბათუმში გაიმართება. თქვენ, როგორც იმ ტურნირის მასპინძელი, რას გაითვალისწინებდით?
- უკვე შევიძინეთ დიდი გამოცდილება. აზერბაიჯანელი კოლეგები მზადყოფნას გამოთქვამენ, 2018 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხებში დაგვეხმარონ. მეგობრების ამ რესურსს, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული