საქართველოს ქალთა ნაკრები პოლონელთა ძლიერ გუნდს დაუპირისპირდა, რომელმაც პირველ ტურში მსოფლიოს ჩემპიონი უკრაინის ნაკრები გაანადგურა - 3,5:0,5, მეორე ტურში აშშ-ს დაუზავდა. ჩვენი გუნდიდან მერი არაბიძე ისვენებდა.
ბელა ხოტენაშვილი თეთრებით მონიკა სოჩკოს 51-ე სვლაზე დაუზავდა. ლელა ჯავახიშვილი შავებით იოლანტა ზავადსკას 38-ე სვლაზე შეუთანხმდა ყაიმზე. მარტა ბერტელმა და სალომე მელიამ მსგავსი შედეგის მისაღწევად 25 სვლა იკმარეს.
საქართველოს ნაკრებს გამარჯვების ქულა ნინო ბაციაშვილმა მოუტანა, რომელმაც კარინა შჟეპკოვსკა-ჰოროვსკას 45-ე სვლაზე გააჩერებინა
ჩემპიონატზე, ცხადია, ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა ჩინეთის ნაკრები, იმის მიუხედავად, ჩენდუში სათამაშოდ არ ჩავიდნენ ჰოუ იფანი და ჟაო სიუე. ეტყობა, ცზიუ ვენძიუნი ვერ სწევს ლიდერობას.
მაგალითად გუშინდელი შეხვედრაც გამოდგება - ჩინელმა რუსებთან პაექრობისას თეთრი ფიგურებით ალექსანდრა კოსტენიუკთან წააგო. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების გუნდიდან მეორე გამარჯვება ოლგა გირიამ მოიპოვა - თინგი ლეის სძლია. ნატალია პოგონინა და ალექსანდრა გორიაჩკინა, შესაბამისად, თან ჟონსა და შენ იანს დაუზავდნენ. რუსებმა ერთის წილ სამი ქულა აართვეს ჩინელებს - 1:3.
დანარჩენი სამი შეხვედრა ასე დამთავრდა: სომხეთი-ეგვიპტე 3:1, უკრაინა-ინდოეთი 2:2, აშშ-ყაზახეთი 2:2.
სამი ტურის შემდეგ: საქართველო-5 (8,5), რუსეთი, აშშ - 4-4 (7-7), პოლონეთი-3 (7), სომხეთი, ჩინეთი, უკრაინა - 3-3 (6-6), ყაზახეთი - 3 (5), ინდოეთი-2 (5,5), ეგვიპტე - 0 (2).
22 აპრილს მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართება: ინდოეთი-რუსეთი, ეგვიპტე-ჩინეთი, პოლონეთი-სომხეთი, ყაზახეთი-საქართველო, უკრაინა-აშშ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"