დოპინგი: წელს ყველაფერს გავიგებთ?

AutoSharing Option
კანადელმა იურისტმა რიჩარდ მაკლარენმა განაცხადა, რომ რუსული დოპინგის შესახებ საქმის გამოძიება 2016 წელს დასრულდება. ამასთან, მან უარი განაცხადა დოპინგთან დაკავშირებულ მაქინაციებში გარეული სპორტსმენების გვარების დასახელებაზე.

"ზუსტ თარიღს არ ვიტყვი, მაგრამ გამოძიება 2016 წელს დასრულდება. რუსი ათლეტების გვარები, რომლებიც სოჭში დოპინგ-სინჯების მაქინაციებში იყვნენ გარეულნი? მე დამოუკიდებელი მხარე ვარ და ამ სპორტსმენების გვარებს არასოდეს დაგისახელებთ.

იმ სპორტსმენების სიას, რომლებიც ჩემს ანგარიშში იქნებიან მოხსენიებულნი, სპორტულ ფედერაციებს მივაწვდი, რადგან ათლეტები სწორედ მათ იურისდიქციაში ხვდებიან. ამის შემდეგ, ფედერაციებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ სწორედ მათ
აქვთ პასუხისმგებლობა ამ სპორტსმენებზე.

ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია, რომელიც როდჩენკოვმა მოგვაწოდა, ამიტომაც, დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია სრულიად სანდოა და სიმართლეს შეესაბამება.

როდჩენკოვი მოწმის სტატუსით გადიოდა რუსი სპორტსმენების მონაწილეობით სადოპინგო მანიპულაციების საქმეში. მე პირადად ჩამოვართვი მას ინტერვიუ. დღეს მასთან არ მაქვს მუდმივი კონტაქტი.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ როდჩენკოვი აშშ-ის ტერიტორიაზე ცხოვრობს, მაგრამ ზუსტად სად იმყოფება - არავინ იცის. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მას ყველაფერი წესრიგში აქვს", - დაამატა მაკლარენმა.

* * *
ამასობაში, გერმანელი ჟურნალისტი ჰაიკო ზეპელტი ისევ საუბრობს რუსეთსა და დოპინგის თემაზე. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ გერმანელმა ჟურნალისტმა წამოაყენა პირველად ბრალდება რუსეთის წინააღმდეგ და ახლა, აგრძელებს ამ საქმეს. ზეპელტი გამოეხმაურა ჰაკერულ შეტევებს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს წინააღმდეგ.

"რუსეთმა დაიწყო სადოპინგო ომი. არ მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანამ აღიარა დოპინგის გამოყენების სახელმწიფო სისტემის არსებობა. რუსეთი მუდმივად ფაქტების იგნორირებით არის დაკავებული და სიმართლის დამალვას ცდილობს. მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ამ ქვეყანამ აღიდგინოს ნდობა საერთაშორისო სპორტში", - აღნიშნა ზეპელტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული