ქართველი ალპინისტები "მკვლელი მთის" დალაშქვრას აპირებენ

AutoSharing Option
ევერესტი, ლჰოცზე, დჰაულაგირი, ხან-თენგრი, კორჟენევსკაიას, ლენინის, კომუნიზმის, გამარჯვების პიკები, უშბა, ჩათინი, მყინვარწვერი - აი, არასრული სია იმ მწვერვალებისა, რომლებიც წლების განმავლობაში დაულაშქრავთ (ზოგიერთი - მრავალგზისაც) სახელოვან მთამსვლელებს, ორ-ორგზის "თოვლის ჯიქებს" - ბიძინა გუჯაბიძესა და აფი გიგანს პამირში, ტიან-შანზე, ჰიმალაებში, ჩინეთის მთიანეთში; ურთულესი სასიმაღლო, სასიმაღლო-ტექნიკური, ტექნიკური და თოვლიან-ყინულოვანი ასვლები განუხორციელებიათ კავკასიონზე, სხვაგანაც.

"თოვლის ჯიქები" ახალი ნახტომისთვის ემზადებიან -ათკაციანი საერთაშორისო ექსპედიციის (ხელმძღვანელი - უკრაინელი მესიმაღლე იგორ სვერგუნი) შემადგენლობაში პაკისტანში 8126 მ სიმაღლის მწვერვალის - ნანგა პარბატის დალაშქვრას აპირებენ.

ჩრდილო-დასავლეთი ჰიმალაის (ქაშმირის ჰიმალაი)
ამ ულამაზეს მთაზე პირველი ასვლა (ავსტრიელი ჰერმან ბული) 1953 წლის 3 ივლისს შესრულდა.

8-ათასიან მწვერვალებს შორის ნანგა პარბატი მე-9 სიმაღლის მთაა, რომელიც ალპინისტურ წრეებში "მკვლელი მთის" სახელითაა ცნობილი.

გასული საუკუნის 90-იანი წლების მონაცემებით, ალპინისტთა სიკვდილიანობის ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი სწორედ ამ მწვერვალზე მოდის და მსოფლიოს სამ ყველაზე რთულ მთას შორისაა დასახელებული.

1970 წელს ნანგა პარბატიდან დაშვებისას მსოფლიოში ცნობილი მთამსვლელის - რეინჰოლდ მესნერის ძმა გიუნტერ მესნერი დაიღუპა.

საერთაშორისო ექსპედიცია, რომლის შემადგენლობაში ქართველი ალპინისტებიც შედიან, ნანგა პარბატის დალაშქვრას დიამარის კედლით შეეცდება.

აღნიშნული მარშრუტი პირველად 1962 წელს გაიარეს და დღემდე სტანდარტულ-კლასიკურ (კომბინირებული თოვლიან-ყინულოვანი, კლდოვანი მონაკვეთებით) მარშრუტად მიიჩნევა.

ამ ლაშქრობასთან დაკავშირებით, 6 ივნისს ბიძინა გუჯაბიძემ და აფი გიგანმა პრესკონფერენცია გამართეს, 7 ივნისს, გამთენიისას კი ქართველი მთამსვლელები თბილისიდან გაემგზავრნენ. ექსპედიცია, სავარაუდოდ, ორ თვემდე გასტანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული