მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: ქალების ისტორიული წარმატება

AutoSharing Option
ბრიტანულ ნოტინგემში მიმდინარე მშვილდოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენებმა ერთი მთავარი ამოცანა - ვაჟებში ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლეს, მაგრამ ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს ქალებმა - გუნდური პირველობის ფინალში გავიდნენ და 29 მაისს ოქროს მედლისთვის უკრაინას შეხვდებიან.

სამწუხაროდ, პირად პირველობაში კონტინენტის პირველობის პლეი ოფს ჩვენები ნაადრევად დაემშვიდობნენ.

ჩვენი ქალთა ნაკრები - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, იულია ლობჟანიძე და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე პლეი ოფში მეთორმეტე ნომრად შევიდა და ფინალში გააღწია, თუმცა საამისოდ ორჯერ დასჭირდა დამატებითი სერია.

თავდაპირველად ეს ძლიერ ბელორუსთან დასჭირდათ, სადაც ძირითადი დროც
ფრედ დასრულდა (4:4) და დამატებითი სერიაც (27:27), მაგრამ ჩვენებს ბოლო ისარი ცენტრთან უფრო ახლოს ჰქონდათ და მერვედფინალის საგზურიც ამის ხარჯზე მოიპოვეს. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა - მეტოქემ მოიგო პირველი სეტი - 54:51, მაგრამ ჩვენებმა ანგარიში მეორეში გაათანაბრეს: 56:47. ეს სეტი ბელორუსებს აშკარად ჩაუვარდათ და ეკატერინა ტიმოფევაამ... 4-იანშიც კი გაარტყა ერთი ისარი. სამაგიეროდ, მესამეში ზუსტად მოზიდეს მშვილდები და 55:49 მოგვიგეს, მაგრამ სიზუსტეში არც ჩვენები ჩამორჩნენ და საერთო ანგარიში ისევ გაათანაბრეს: 54:52.

საინტერესოა, რომ დამატებით სერიაში ბელორუსებმაც და ჩვენებმაც ყველა, ექვსივე ისარი 9-იანში მოარტყეს, თუმცა ჩვენების ბოლო ნასროლი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა - 5:4.

მერვედფინალში ქართულმა ტრიომ ასეთივე ანგარიშით და ასევე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ნატო ნასარიძის გაწვრთნილი თურქეთის ნაკრები.

უპირატესობა ამ შეხვედრაშიც ხელიდან ხელში გადადიოდა და მეტოქეებმა მონაცვლეობით მოიგეს ორ-ორი სეტი: 51:53; 53:52; 47:55; 55:50. დამატებით სერიაში ერთი ქულა დააკლდა და მორიგი ფრე აღინიშნებოდა, მაგრამ ჩვენებმა 28:27 მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

იქ მასპინძელი ბრიტანეთი გვერგო მეტოქედ, რომელმაც მანამ რუსეთი სეტის წაუგებლად გააგდო - 6:0. მაგრამ ჩვენებმა ყველაზე იოლად მათთან იმარჯვეს - 5:3, მხოლოდ მეორე სეტი ჩაატარეს სუსტად და 51:55 წააგეს. მესამე ფრედ დასრულდა - 53:53, პირველსა და მეოთხეში კი ჩვენებმა 56:51 და 53:40 იმარჯვეს.

ბოლო სერიაში სერიოზული მარცხი მოუვიდა ბრიტანელთა ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ წევრ ნაომი ფოლკარდს, ვისაც ცოტა დააკლდა, კინაღამ ფარს ააცილა ისარი და მხოლოდ 1 ქულა მიითვალა. თუმცა მას 10-იანიც რომ გაერტყა, ჩვენები მაინც იგებდნენ, რადგან წინა ისარი ამი ოლივერიმაც არაზუსტად ისროლა, 6-იანი მოინადავლა.

როგორც გითხარით, 29-ში ჩვენები ფინალში უკრაინას შეხვდებიან, რომლის შემადგენლობაშიც ამჯერად ანასტასია პავლოვა, ვერონიკა მარჩენკო და ლიდია სიჩენიკოვა გამოდიან.

თუმცა ნოტინგემის უნივერსიტეტის სასროლეთზე თავდაპირველად პირადი პირველობის მონაწილეები გავიდნენ, რომლებმაც ჯერ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფი დაასრულეს. იქ ქალებშიც და ვაჟებშიც მხოლოდ თითო ჩუბინი გვყავდა შემორჩენილი.

იმათგან უფრო წარმატებით ლაშა ფხაკაძემ იასპარეზა, ვინც გუშინწინდელ ორ მოგებას გუშინ კიდევ ერთი მიაყოლა - რუსი ალექსანდერ კოზინი 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. თუმცა ეს არ ყოფილა იოლი, რადგან რუსმა პირველი სეტი 28:27 მოიგო. ფხაკაძემ მყისვე გაათანაბრა საერთო ანგარიში, როცა მეორეში 29:28 იმარჯვა, მესამე ფრედ დასრულდა - 26:26, მეოთხეში კი ფხაკაძემ იმავე ანგარიშით იმარჯვა, რომლითაც მეორე მოიგო - 29:28. გადამწყვეტი, მეხუთე სეტიც ფრედ, 27:27 დასრულდა და საერთო ანგარიში 6:4 გახდა ფხაკაძის სასარგებლოდ.

მერვედფინალში ჩვენებური ტურნირის მთავარ ფავორიტს, საკვალიფიკაციო ეტაპის მომგებ ფრანგ ჟან-მიშელ ვალადონტს შეხვდა და 2:6 წააგო. ფხაკაძეს აქტივში ბოლო ორი სეტის ფრედ დასრულება თუ ჩაეთვლება (28:28; 27:27, თუმცა მესამე სერიაში პირველი ისარი 8-იანშიც გაარტყა), თორემ პირველი ორი წააგო: 27:28; 28:29.

თავს იმით თუ დავიმშვიდებთ, რომ ქართველი მომავალ ფინალისტთან დამარცხდა - ვალადონტმა მომდევნო წრეებშიც წარმატებით იასპარეზა და 29 მაისს ოქროს მედლისთვის იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე თურქი მატე გაზოზი იქნება. იმავე დღეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრიტანელი პატრიკ ჰისტონი და ფრანგი დანიელ ლუკასი იასპარეზებენ.

ქალთა ტურნირში გუშინ ხათუნა ნარიმანიძე გამოდიოდა, თუმცა პირველივე შეხვედრაში 2:6 წააგო ზემოხსენებულ უკრაინელ ანასტასია პავლოვასთან. ქართველმა ცუდად დაიწყო ასპარეზობა და თავიდან ორი სეტი 25:26 და 23:28 დათმო. მესამეში კი შეძლო მობილიზება და 28:26 მოიგო, მაგრამ მეოთხე ისევ ერთქულიანი დეფიციტით - 27:28 დათმო და ბრძოლასაც გამოეთიშა. დასანანია, რომ ეს სეტი ბოლო გასროლით წააგო.

პავლოვა ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც თანაგუნდელ მარჩენკოსთან დამარცხდა და 29-ში ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელ ლისა უნრუს შეხვდება, მთავარ ფინალში ჩემპიონობისთვის კი მარჩენკო და რუსი ტუიანა დაშიდორჯიევა ისვრიან. აღსანიშნავია, რომ ვალადონტის მსგავსად, დაშიდორჯიევაც შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულია.

საღამოს ნოტინგემში უკვე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი დაიწყო, სადაც ჩვენგან მხოლოდ ვაჟები გამოდიოდნენ, რადგან ქალებში გვაქვს გუნდური ლიცენზია. პირველი წრე ორმა ჩვენებურმა გადალახა: ფხაკაძემ და ვლადიმერ დოლიძემ.

ფხაკაძემ ხორვატ ალენ რემარს 7:3 მოუგო. ესეც დაძაბული პაექრობა გამოდგა და სამი სეტის შემდეგ საერთო ანგარიში თანაბარი იყო - 3:3. ფხაკაძემ ამის შემდეგ გატეხა მეტოქე და მომდევნო ორი სეტი 29:24; 26:25 მოუგო. ჩვენებური მომდევნო წრეშიც ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ ფინელ ანტტი ტეკონიემთან გადასროლაში 5:6 დამარცხდა. თუმცა მას მოგება დამატებით სერიაშიც შეეძლო - მინიმუმ, ფრედ დასრულებაც კი შემდეგ ეტაპზე გაიყვანდა.

დასაწყისში სამი სეტი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა - ჯერ ჩვენებურმა 29:25 მოიგო, მერე 26:28 დათმო, ამას კი 29:28 გამარჯვება მიაყოლა და საერთო ანგარიშშიც დაწინაურდა: 4:2. მეოთხე სეტი ფრედ დასრულდა, 29:29 და მეხუთეში ფხაკაძეს ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ ცუდად ისროლა და 26:30 წააგო. ამით საერთო ანგარიში გათანაბრდა და დამატებითი გასროლა დაინიშნა, სადაც ფხაკაძეს ცუდად არ უსვრია, მაგრამ ფინელი შეუდარებელი იყო: 10:9 მოიგო. ყურადღება მიაქციეთ - ფინელმა ბოლო ოთხი ისარი (სამი დამატებით სერიაში და ერთიც გადასროლაში) 10-იანში მოარტყა, რაც მის მტკიცე ნერვებზე მიუთითებს.

დოლიძემ პირველ წრეში ესტონელ იანუშ გროსს 6:4 მოუგო. ამ შეხვედრაში მის სასარგებლოდ ორი მომენტია აღსანიშნავი: ჯერ იყო და, პირველი წაგებული სეტი (27:29) იქვე ამოუქაჩა მეტოქეს (29:25), გამარჯვება კი ბოლო სეტში წარმატებით მოიპოვა. იქამდე ანგარიში 4:4 იყო, რადგან მესამე-მეოთხე სეტებიც მეტოქეებმა რიგრიგობით მოიგეს (28:26; 26:27), ბოლოს კი ქართველმა 28:27 იმარჯვა. სამწუხაროდ, მეორე წრეში ვერც დოლიძე ვერ გახდა ვერაფერს და სლოვენიელ გასპერ სტაჟართან 1:7 წააგო. ჩვენი მესამე მონაწილე ჯაბა მოსეშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ესტონელ მარტინ რისტთან: 2:6.

ამდენად, ბრიტანეთში ჩვენები ულიცენზიოდ დარჩნენ. ვაჟებს საგზურების მოპოვების ბოლო შანსად ივნისში ანტალიაში გასამართავი მსოფლიოს თასი რჩებათ, რომელიც ასევე სალიცენზიო სტატუსისა იქნება. ოღონდ, ახლანდელისგან განსხვავებით, იქ პირადთან ერთად საგზურები გუნდურშიც გაიცემა - პირველში ოთხი, მეორეში კი - სამი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული