მსოფლიო ოსტატი თბილისში ჩამოდის - ინტერვიუ გიორგი კვარაცხელიასთან

AutoSharing Option
საქართველომ მსოფლიო კარატეს სამყაროშიც გაითქვა სახელი და ამიტომაც ხშირად გვსტუმრობენ მაღალი რანგის ოსტატები. ამჯერად თბილისში გოჯუ რიუ კარატეს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი და შეფ-ინსტრუქტორი, მე-7 დანის მფლობელი ტეცუჯი ნაკამურა ჩამოდის.

სენსეი ტეცუჯი ნაკამურა უკვე მესამედ გვეწვევა. მისი სემინარები, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესოა თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით. შესაძლებელია ჩაიბაროს გამოცდები მაღალ დანებზე (შავი ქამრების) ხარისხებზე. ახლანდელი სემინარები განსხვავებული იქნება, როგორც პროფესიონალი კარატისტებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის.

სენსეის გაკვეთილებით სარგებლობა მსურველებს შეეძლებათ 4-6 ნოემბერს - გვითხრა საქართველოს გოჯუ რიუ კარატეს ფედერაციის ინსტრუქტორმა, მე-2 დანის მფლობელმა, მსოფლიო-ევროპის
არაერთგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა გიორგი კვარაცხელიამ.

- რას ნიშნავს ნაკამურას სემინარები კარატისტებისთვის და პირადად თქვენთვის?
- სენსეი ნაკამურა იაპონიაში ერთ-ერთი უძლიერესი ოსტატია. ატარებს სემინარებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მის სემინარებზე დასწრება ბევრის მომცემია თითოეული პროფესიონალისთვის და მოყვარულისთვის. მქონდა ბედნიერება, ორჯერ ვყოფილიყავი მის სემინარებზე. მისი ყოველი სიტყვა, მოძრაობა, საუბრები ჩემთვის პროფესიონალიზმისკენ სწრაფვისა და ოსტატობის დახვეწის გაკვეთილია.

- წლეულს საქართველომ გოჯუ რიუს ევროპის ჩემპიონატსაც უმასპინძლა ბათუმში და ახლა კიდევ სენსეი ნაკამურას მესამე სტუმრობა. რა დამსახურებისთვის ასეთი პატივი?
- საქართველოს კარატეს სკოლა და ფედერაცია ჩვენი სტილის მსოფლიო ფედერაციაში ერთ-ერთი ძლიერია, რასაც სპორტსმენები ადასტურებენ თავიანთი შედეგებით. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეული წარმატებების გამო გვხვდა წილად ასეთი დაფასება. სიამაყით უნდა ითქვას, რომ ჩვენ მიერ ჩატარებულმა ევროპის ჩემპიონატმა კონტაქტურ კარატეში საკმაოდ მაღალი შეფასებები დაიმსახურა ევროპა-მსოფლიო ფედერაციებისგან.

- უახლოესი გეგმებზე რას იტყვით?
- საქართველოს გოჯუ რიუ კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი სენსეი ლევან როგავა და მე ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ათი დღით იაპონიაში, კარატეს სამშობლოში, კუნძულ ოკინავაზე გამგზავრებას - მსოფლიოს ლეგენდარულ ოსტატთან, მეათე დანის მფლობელთან, შიხან მორიო ჰიგაონასთან. მასთან ვარჯიში კიდევ უფრო მეტს შეგვძენს და ოსტატობის ახალ, მაღალ საფეხურზე აგვიყვანს.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი,
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული