დევისის თასის ამბები: დელ პოტრო ტოკიოს დააკლდება

AutoSharing Option
არგენტინელი ჩოგბურთელი ხუან მარტინ დელ პოტრო გამოტოვებს ტოკიოს ტურნირს, რომელიც მომავალ ორშაბათს უნდა დაიწყოს.

დელ პოტროს ამ ტურნირში მონაწილეობისთვის უაილდ-ქარდი ჰქონდა მიღებული, მაგრამ არგენტინელმა თავისი უარი იმით ახსნა, რომ სურს უკეთ მოემზადოს დევისის თასის ფინალისთვის, რომელშიც არგენტინა ხორვატიას შეხვდება.

სხვათა შორის, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა, რომ დევისის თასის ფინალი 25-27 ნოემბერს ზაგრებში გაიმართება. მატჩი ჩატარდება "ზაგრებ არენაზე", ხოლო კორტის საფარი ჰარდი იქნება.

* * *
დევისის თასის ფინალთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ხორვატიის ნაკრებს უბრუნდება 37 წლის
ვეტერანი ივო კარლოვიჩი. ის ამ ტურნირზე პირველად ითამაშებს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ბოლოს კარლოვიჩი დევისის თასზე 2012 წლის მიწურულს გამოჩნდა, როცა ხორვატია იაპონიის ნაკრებს ხვდებოდა.

შეგახსენებთ, რომ კარლოვიჩი ძალიან წარმატებულად ატარებს მიმდინარე სეზონის მეორე ნაწილს. ვეტერანი სამი ტურნირის ფინალში გავიდა და ორში - ნიუპორტსა და ლოს კობოსში მთავარი პრიზი მოიგო. ამ მომენტისთვის, ხორვატი მსოფლიოს მე-20 ჩოგანია კლასიფიკაციაში.

კარლოვიჩმა ხორვატების რიგებში უნდა შეცვალოს ბორნა ჩორიჩი, რომელსაც ტრავმა აწუხებს და, შესაძლოა, ვადაზე ადრე დაასრულოს სეზონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული