როლან გაროსი. V დღე: სენსაცია და კინაღამ სენსაცია

AutoSharing Option
ქალებმა ტრადიციას არ უღალატეს და გუშინ ისევ ვიხილეთ ერთი მოულოდნელი შედეგი. ბრძოლას გამოეთიშა დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი. მან საათსა და 46 წუთში წააგო გერმანელ იულია გორგესთან, რომელსაც კარგა ხანია არ უჩვენებია მაღალი შედეგები. თუმცა ის ყველას ახსოვდა, რომ გორგესი ფავორიტების რისხვაა - მას აქამდე ხუთჯერ ჰყავდა დამარცხებული რეიტინგის ტოპ-ხუთეულის წევრები და გუშინ შეავსო კოლექცია.

გერმანელმა აგრესიული თამაშით აჯობა ვოზნიაცკის. გორგესმა ჯამში 39 "ვინერსი" შეასრულა და ორ სეტში მოამთავრა საქმე - 6:4, 7:6(4). იულიას შემდეგი მეტოქე ამერიკელი ირინა ფალკონი იქნება.

* * *
თუ მამაკაცთა ტურნირზე ყველა ელოდება რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის მეოთხედფინალს, ქალთა ბადეში ყველა ლაპარაკობდა მესამე რაუნდში სერენა უილიამსისა და ვიქტორია აზარენკას პოტენციური დაპირისპირების შესახებ და გუშინდელი გამარჯვებებით, ჩოგბურთელებმა მიაღწიეს ამ ეტაპამდე და შაბათს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ფავორიტი, რა თქმა უნდა, ამერიკელი იქნება, რომელიც ურთიერთშეხვედრებში 15:3-ს უგებს ბელორუსს, მაგრამ თუ უილიამსმა ისეთი თამაში აჩვენა, რაც გუშინ გერმანელი ანა-ლენა ფრიდსემის წინააღმდეგ ჰქონდა, ძალიან გაუჭირდება აზარენკას ძლევა.

უილიამსი მართლაც არ ჰგავდა საკუთარ თავს. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 52 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც ძალიან ბევრია ასეთი დონის მოთამაშისთვის. სერენა განსაკუთრებით ბევრს პირველ სეტში სცოდავდა და წააგო პარტია - 5:7. მეორე პარტიაში ამერიკელი რამდენჯერმე დაწინაურდა ბრეიკით, მაგრამ გერმანელი ახერხებდა პასუხის გაცემას, თუმცა ბოლოს უილიამსმა შეძლო მობილიზება და სეტებში ანგარიშის გათანაბრება. მესამე პარტიაში კი ადრეული ბრეიკით დაწინაურდა და მიმდინარე როლან გაროსს კიდევ ერთი სენსაცია ააცილა თავიდან.

რაც შეეხება აზარენკას, მან ძალიან დამაჯერებლად მოუგო ჩეხ ლუსი ჰრადეცკას - 6:2, 6:3 და წინ უილიამსთან მატჩი ელოდება.

* * *
სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია მარათონი როლან გაროსის ყოფილ ჩემპიონებს - ფრანჩესკა სკიავონესა და სვეტლანა კუზნეცოვას შორის. 2011 წელს ამ ჩოგბურთელებმა 4 საათი და 44 წუთი ითამაშეს ავსტრალიის ღია პირველობაზე და მაშინ იტალიელმა 6:4, 1:6, 16:14 მოიგო.

გუშინ ისტორია თითქმის განმეორდა. მატჩი სამი საათი და 49 წუთი გაგრძელდა და ისევ სკიავონემ მოიგო - 6:7(11), 7:5, 10:8. არადა, აპენინელი ძალიან ახლოს იყო მარცხთან - მესამე სეტში კუზნეცოვა ორჯერ აწვდიდა მატჩზე, ერთხელ მატჩბოლიც ჰქონდა, მაგრამ მაინც წააგო.

სხვათა შორის, ეს მატჩი ხანგრძლივობით მესამე იყო როლან გაროსის ისტორიაში.

ქალები
II წრე
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ანა-ლენა ფრიდსემი (გერ) 5:7, 6:3, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 27)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 6:2, 6:3; ცვეტანა პირონკოვა (ბულ)-დენისა ალერტოვა (ჩეხ) 6:3, 7:6(2); სლოუნ სტივენსი (აშშ)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 6:2, 6:4; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 10)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 4:6, 6:4, 6:4; სარა ერანი (იტა, 17)-კარინა ვიტჰოფტი (გერ) 6:3, 4:6, 6:2; ირინა ფალკონი (აშშ)-სესილ კარატანჩევა (ბულ) 3:6, 6:1, 6:2; იულია გორგესი (გერ)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 5) 6:4, 7:6(4); პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 4)-სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ) 6:7(4), 6:4, 6:2; ირინა-კამელია ბეგუ (რუმ, 30)-ანა კინიუხი (ხორ) 6:2, 6:0; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 23)-ტერეზა შმიტკოვა (ჩეხ) 6:2, 6:0; მედისონ კისი (აშშ, 16)-ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც) 6:0, 6:3; ანდრეა მიტუ (რუმ)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 12) 2:6, 7:6(5), 6:4; ფრანჩესკა სკიავონე (იტა)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 18) 6:7(11), 7:5, 10:8; ალისონ ვან უიტვანკი (ბელ)-ზარინა დიასი (ყაზ, 32) 0:6, 6:1, 6:4; კრისტინა მლადენოვიჩი (საფ)-დანკა კოვინიჩი (ჩერ) 6:3, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული