ხელბურთელთა ჩემპიონატი: დღე პირველი "არენაში"

AutoSharing Option
10 ოქტომბერს სასპორტო კომპლექს "არენაში" დაიწყო ხელბურთელ ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც რვა გუნდი მონაწილეობს.

სასტარტო პაექრობებში აღმოსავლეთისა და დასავლეთის ზონის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ სტუ-ს პირველ ტაიმში მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს სამტრედიელებმა - მხოლოდ ორი ბურთით წააგეს. შესვენების შემდეგ სტუდენტებმა იძალეს და გათამაშების ცხრილში პირველი გამარჯვება (41:34) ჩაიწერეს.

შარშანდელი პირველობის ვერცხლისპრიზიორი ბათუმი შესვენებამდე თბილისის "პეგასს" სამი ბურთით უგებდა - 15:12. მეორე ტაიმში უპირატესობა 10 ბურთამდე აიყვანა - 41:31.

ზღვისპირელთაგან საუკეთესო იყო ნიკოლოზ ჯორბენაძე, რომელმაც 16-ჯერ აიღო მეტოქის კარი და
ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

1998-99 წლებში დაბადებულთა ნაკრების წევრებმა, რომლებიც 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის სპეციალური პროგრამით ემზადებიან, არაფერი დაუთმეს თბილისის "იმედს", თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ - 30:35.

ქუთაისელებმა თელაველებს აჯობეს - 30:26.

11 ოქტომბერს, მეორე ტურში ითამაშებენ: თელავი - ბათუმი, სამტრედია - იმედი, პეგასი - ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები - სტუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული