ჟერარ ლოპესი - ავტოსპორტის დიდი კოლექციონერი

AutoSharing Option
ცნობილი ინვესტორი, ფონდ Genii Capital-ის დამაარსებელი და ფორმულა 1-ის გუნდ "ლოტუსის" თანამფლობელი ჟერარ ლოპესი - ევროპაში ლეგენდარული და ძვირფასი ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი კოლექციონერია. გერმანულმა Auto Motor und Sport-მა მოგვიყვა ლუქსემბურგელი ბიზნესმენის ჰობის შესახებ.

ჟერარ ლოპესის კერძო გარაჟი ლუქსემბურგში მდებარეობს და ეს არის ნამდვილი სამოთხე ავტომოყვარულებისთვის. გარედან ამ უბრალო გარაჟის შემხედვარე ვერავინ იფიქრებს, რომ შიგნით მრავალმილიონიანი ქონება ინახება.

შესასვლელთან დგას Shelby Cobra. "ნამდვილია?" - კითხულობს რეპორტიორი. სულელური შეკითხვაა, რადგან აქ ყველაფერი ნამდვილია, თანაც იდეალურ მდგომარეობაში, თითქოს ახლახანს ჩამოიყვანეს კონვეირიდან. Shelby Cobra-ზე
Avon-ის საბურავებიც კი სულ ახალივითაა, არადა, ძალიან ძველია.

"ყველა მანქანა გაგვყავს გზებზე", - ამბობს ლოპესი. მას ბევრი დრო არ აქვს, ამიტომაც რარიტეტების მოვლისთვის ორი ადამიანი ჰყავს დაქირავებული. "მათ შეუძლიათ რომელიმე მანქანა უქმეებზე გასეირნებისთვის გამოიყენონ", - იღიმის მილიონერი.

თუმცა ეს გარაჟი ერთადერთი არ არის. ლოპესს ფორმულა 1-ის მანქანების კოლექციას ენსტოუნში, "ლოტუსის" ბაზაზე ინახავს, საგზაო სუპერკარები კი რამდენიმე ადგილას მდებარეობს.

მანქანებისადმი სიყვარული დიდი ხნის წინ გაჩნდა, როცა ლოპესი სასწავლებლად აშშ-ში გაუმგზავრა. "მაშინ მხოლოდ ორ მანქანაზე ვოცნებობდი - Peugeot 205 GTI და Lamborghini Countach. პირველის შეძენა შემეძლო, მეორე კი აუცდენელ ოცნებას ჰგავდა". ახლა, Lamborghini Countach კოლექციის ცენტრში დგას, Peugeot 205 GTI კი რამდენიმეა - ოთხი თუ ხუთი, მათ შორის ერთი ბრონირებულ ვარიანტში.

კოლექციაში ბევრ მანქანას თავისი ისტორია აქვს. მაგალითად, ორიგინალური Mini ფილმიდან "ძარცვა იტალიურად" ან BMW M5 Touring, რომელიც სულ 15 ეკზემპლიარად გამოვიდა, ან 70-იანი წლების Renault Alpine A310, რომელსაც მხოლოდ 159 კილომეტრი აქვს გავლილი. "ხანდახან, ჩემი მანქანები იჯარით მიჰყავს "რენოს" თავისი ღონისძიებებისთვის, იმდენად კარგად არიან ისინი შენახული", - ამბობს ლოპესი. Ford GT40 ლე მანიდან, რომელიც 5-6 მილიონი ევრო ღირს, ყველაზე ძვირადღირებული მანქანაა კოლექციაში.

ავტოების საჭესთან თავად მფლობელიც ხშირად ჯდება, თანაც მხოლოდ ქუჩებში არ გადის სასეირნოდ - რამდენიმე წელი ჟერარ ლოპესი FIA GT3-ის სარბოლო სერიაში გამოდიოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული