ფორმულა 1: დიდი ცირკი ამერიკელებისაა

AutoSharing Option
გუშინ, ცნობილი გახდა ის, რაზეც ავტოსპორტის სამყაროში დიდი ხანია ლაპარაკობდნენ - ამერიკულმა კორპორაცია Liberty Media-მ დაადასტურა ფორმულა 1-ის აქციათა 18.7 პროცენტის შეძენა.

მანამდე, ყველაზე პრესტიჟული ავტოსერიის მფლობელი იყო საინვესტიციო ჯგუფი - CVC Capital Partners, რომელმაც უფლებები 2005 წელს შეიძინა.

Liberty Media შეიძენს აქციათა 100 პროცენტს, რომელიც Delta Topco-ს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი, აქამდე, ფორმულა 1-ის ეკონომიკას აკონტროლებდა. რაც შეეხება ჩემპიონატის აქციათა 18.7 პროცენტს, მასში ამერიკულმა კომპანიამ 746 მილიონი დოლარი გადაიხადა. გარიგება საბოლოოდ 2017 წლის პირველ კვარტალში დასრულდება, მანამდე კი CVC დარჩება
ფორმულა 1-ის უმსხვილეს აქციონერად. მას შემდეგ, რაც ყველა დოკუმენტი გაფორმდება, მთავარი აქციონერი უკვე Liberty Media იქნება პაკეტით - 35.5 პროცენტი. CVC-ს დარჩება 24.7 პროცენტი. Liberty Media-ს მთელი ეს გარიგება დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი უჯდება.

ფორმულა 1-ის დირექტორთა საბჭოს ახალი თავმჯდომარე გახდება ჩეიზ კერი, რომელიც ამ პოსტზე პიტერ ბრაბეკ-ლეტმატს შეცვლის. ბერნი ექლსტოუნი ისევ დარჩება ფორმულა 1-ის აღმასრულებელ დირექტორად. სხვათა შორის, 85 წლის ბრიტანელმა, რომელიც აქციათა 5.3 პროცენტს ფლობს, ამ გარიგებიდან 300 მილიონი ფუნტი მიიღო.

კომპანია Liberty Media უმსხვილესი გასართობი მედიაჰოლდინგია და მის შემადგენლობაში შედიან ისეთი კორპორაციები, როგორებიცა არიან - Discovery Channel და STARZ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული