სტარტზე ჩაძინებული ჰემილტონი და მხოლოდ ორი ქულა

AutoSharing Option
იტალიის გრანპრიმ მთლიანად "მერსედესის" დომინირებით ჩაიარა. გერმანულმა საჯინიბომ სამივე ვარჯიში მოიგო, ხოლო კვალიფიკაციაზე ყველას აჯობა ლუის ჰემილტონმა, რომელმაც სეზონში მეშვიდე პოული მოიპოვა.

მან მთელი ნახევარი წამით აჯობა თანაგუნდელ ნიკო როსბერგს. სასტარტო ბილიკზე მეორე რიგი "ფერარის" პილოტებმა დაიკავეს, მესამეზე იდგნენ - ვალტერი ბოტასი და დანიელ რიკარდო, მეოთხეზე - მაქს ფერსტაპენი და სერხიო პერესი...

სასტარტო ნიშანზე ბრწყინვალე რეაქცია ჰქონდა ნიკო როსბერგს, რომელმაც მოახერხა სებასტიან ფეტელთან გამკლავება, სამაგიეროდ, მთლიანად ჩააგდო სტარტი ლუის ჰემილტონმა და ის პირველ მოსახვევში მხოლოდ მეექვსე შევიდა - როსბერგის გარდა,
ჩემპიონატის ლიდერს გაუსწრო ორივე "ფერარიმ", ვალტერი ბოტასმა და დანიელ რიკარდომ.

რბოლის საწყის წრეებზე ფეტელი ცდილობდა ბრძოლა მოეხვია თავს როსბერგისთვის, მაგრამ უკვე მესამე წრეზე გერმანელებს შორის სხვაობა თითქმის ორი წამი იყო. ჰემილტონმა რიკარდოს გაუსწრო, მაგრამ ბოტასის უკან ჩამოტოვება გაჭირდა და ბრიტანელი დიდი ხანი დარჩა მეხუთე პოზიციაზე, რითაც ყოველ წრეზე როსბერგთან ნახევარ წამს კარგავდა.

მეცხრე წრისთვის ჰემილტონი დაეწია ბოტასს და სასტარტო სწორ მონაკვეთზე შეძლო ფინელის გასწრება. ამან ლუისი მეოთხე პოზიციაზე გადაიყვანა, მაგრამ როსბერგთან ჩამორჩენა უკვე 12 წამს უდრიდა. თავის მხრივ, ნიკო სულ უფრო შორდებოდა ფეტელს და მას თითქმის ექვს წამს უგებდა. კიდევ სამი წამით უკან იყო კიმი რაიკონენი.

12 წრის შემდეგ დაიწყო პიტსტოპების პირველი სერია. ყველაზე გვიან ბოქსებში "მერსედესის" პილოტები შევიდნენ, რადგან უკვე გაცვეთილი "სოფტებითაც" კი ისინი იმ პილოტების ტემპით მოძრაობდნენ, რომლებსაც ახალი საბურავები ჰქონდათ. როსბერგი და ჰემილტონი "მედიუმით" დაბრუნდნენ ტრასაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი აღარ აპირებდნენ ბოქსებში შესვლას. ნიკო, რომელსაც დიდი უპირატესობა ჰქონდა, ისევ პირველი იყო პიტსტოპის შემდეგ, ჰემილტონი მეოთხე დაბრუნდა ტრასაზე ფეტელისა და რაიკონენის უკან.

ბრიტანელმა ინჟინრებს ჰკითხა - რა ტიპის საბურავებით მოძრაობდნენ "ფერარის" წევრები, რაზეც მას უპასუხეს, რომ ფეტელსა და რაიკონენს ისევ მოუწევდათ ბოქსებში შესვლა, რადგან "სუპერსოფტი" ფინიშამდე ვერ გაძლებდა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ლუისმა ტემპი გაზარდა და რბოლის რეკორდი დაამყარა. "ფერარის" პილოტები მხოლოდ სამი წამით იყვნენ წინ.

საბოლოოდ, ჰემილტონმა იოლად დაიბრუნა მეორე ადგილი. მეორე პიტსტოპის შემდეგ, ფეტელი 20 წამით ჩამორჩებოდა ლუისს, რაიკონენი - 25 წამით. ასე რომ, ფინიშამდე 17 წრით ადრე, პირველი ორი ადგილის ბედი გარკვეული იყო - "მერსედესი" მორიგ დუბლს იზეიმებდა. ასევე ეჭვს არ იწვევდა გამარჯვებულის ვინაობა, რადგან ნაკლებად წარმოსადგენი იყო, რომ როსბერგი 11-წამიან უპირატესობას გაფლანგავდა.

როსბერგმა პირველად მოიგო იტალიის გრანპრი. ეს იყო მისი მეშვიდე გამარჯვება მიმდინარე სეზონში და ამ მაჩვენებლით უგებს თანაგუნდელს - 7:6, მაგრამ ჰემილტონი ქულით არის წინ გენერალურ კლასიფიკაციაში, თუმცა, ეს უპირატესობა მიზერულია - მხოლოდ ორი ქულა.

პოდიუმის მესამე საფეხურზე სებასტიან ფეტელი ავიდა. მესამე ადგილი - მაქსიმუმი იყო, რისი იმედიც შეიძლებოდა "ფერარის" ამ რბოლაში ჰქონოდა. კიმი რაიკონენის მეოთხე ადგილმა კი "სკუდერია" "რედ ბულთან" მიაახლოვა კონსტრუქტორთა თასის ჩათვლაში. ავსტრიულ და იტალიურ გუნდებს შორის მესამე ადგილისთვის ბრძოლა ძალიან დაიძაბა - "რედ ბული" მხოლოდ 11 ქულით არის წინ.

ჩემპიონატის შემდეგი ეტაპი - სინგაპურის ღამის რბოლა ორი კვირის შემდეგ გაიმართება.

რბოლის შემდეგ
ნიკო როსბერი: "გამარჯვების საფუძველი გახდა სტარტი - დასაწყისი კარგი გამომივიდა და ამან გადაწყვიტა რბოლის ბედი. კარგია, რომ ზედიზედ ორი გამარჯვების მოპოვება შევძელი. ბრძოლა ლუის ჰემილტონთან გრძელდება. დარჩენილი ეტაპები ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას!"

ლუის ჰემილტონი: "რადიოთი გამოვაცხადე, რომ ეს ჩემი შეცდომა იყო, რათა ინჟინრები დამემშვიდებინა. ვიცოდი, რომ ძალიან ინერვიულებდნენ. სინამდვილეში, არ ვიცი რა მოხდა სტარტზე, მაგრამ შევეცდები მიზეზებში გავერკვე. ყველაფერი ზუსტად ისევე გავაკეთე, როგორც ადრე, თუმცა მანქანა გვიან დაიძრა ადგილიდან.

წინა რბოლასთან შედარებით, ამჯერად, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ეტაპის ბედი სტარტზე გადაწყდა, რის შემდეგაც, მხოლოდ მეორე ადგილის იმედი უნდა მქონოდა. ნიკომ საჭირო ჰანდიკაპი შექმნა, კომფორტულად ლიდერობდა და სიტუაციას აკონტროლებდა".

იტალიის გრანპრი (53 წრე, 306.720 კმ)
1(2). ნიკო როსბერგი (გერ) Mercedes 1:17.28,089 25
2(1). ლუის ჰემილტონი (ბრიტ) Mercedes +15,070 18
3(3). სებასტიან ფეტელი (გერ) Ferrari +20,990 15
4(4). კიმი რაიკონენი (ფინ) Ferrari +27,561 12
5(6). დანიელ რიკარდო (ავსტრა) Red Bull +45,295 10
6(5). ვალტერი ბოტასი (ფინ) Williams +51,015 8
7(7). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ) Red Bull +54,236 6
8(8). სერხიო პერესი (მექ) Force India +1.04,954 4
9(11). ფელიპე მასა (ბრა) Williams +1.05,617 2
10(9). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ) Force India +1.18,656 1

11(17). რომენი გროსჟანი (საფ) Haas 1 წრე
12(14). ჯენსონ ბატონი (ბრიტ) McLaren 1 წრე
13(10). ესტებან გუტიერესი (მექ) Haas 1 წრე
14(12). ფერნანდო ალონსო (ესპ) McLaren 1 წრე
15(15). კარლოს საინსი (ესპ) Toro Rosso 1 წრე
16(19). მარკუს ერიქსონი (შვედ) Sauber 1 წრე
17(21). კევინ მაგნუსენი (დან) Renault 1 წრე
18(22). ესტებან ოკონი (საფ) Manor 2 წრე

ფინიშზე ვერ მივიდნენ
19(16). დანიილ კვიატი (რუს) Toro Rosso 36 წრე
20(13). პასკალ ვერლიაინი (გერ) Manor 26 წრე
21(20). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ) Renault 7 წრე
22(18). ფელიპე ნასრი (ბრა) Sauber 6 წრე

საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი 250 (6)
2. ნიკო როსბერგი 248 (7)
3. დანიელ რიკარდო 161
4. სებასტიან ფეტელი 143
5. კიმი რაიკონენი 136
6. მაქს ფერსტაპენი 121 (1)
7. ვალტერი ბოტასი 70
8. სერხიო პერესი 62
9. ნიკო ჰიულკენბერგი 46
10. ფელიპე მასა 41

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი 498
2. რედ ბული 290
3. ფერარი 279
4. უილიამსი 111
5. ფორს ინდია 108
6. მაკლარენი 48
7. ტორო როსო 45
8. ჰაასი 28
9. რენო 6
10. მანორი 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული