ფორმულა 1. კანადის გრანპრის შედეგები: "ფერარის" შეცდომა

AutoSharing Option
ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ "ფერარის" ბანაკში საბოტაჟის მიზნით, "მერსედესის" აგენტები შევიდნენ.

მონრეალში "სკუდერიამ" გამარჯვება დაკარგა სებასტიან ფეტელის ბრწყინვალე სტარტისა და დამაჯერებელი ლიდერობის შემდეგ: საბურავების ცვეთის შიშით, "ფერარის" ტაქტიკოსებმა ფეტელსა და კიმი რაიკონენს ბოქსებში ზედმეტი შესვლა დაუგეგმეს და ამით პილოტებს რბოლა გაუფუჭეს. არასწორი სტრატეგიის გამო, ფეტელი დიდი ხანი და წარუმატებლად მისდევდა ჰემილტონს, რაიკონენი კი TOP10-ის შუაში ჩაიკარგა.

ჰემილტონმა რითმი დაიჭირა
მსოფლიოს ჩემპიონატზე ლიდერობისთვის ბრძოლაში ინიციატივა მდევრის მხარეს გადავიდა - ლუის ჰემილტონმა ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო და ნიკო როსბერგთან სხვაობა ცხრა ქულამდე შეამცირა.
სამგზის ჩემპიონი შეიძლება გავაკრიტიკოთ მხოლოდ არაიდეალური სტარტისთვის, სხვა მხრივ, მისთვის გრანპრიმ ბრწყინვალედ ჩაიარა: მან შეავიწროვა პარტნიორი პირველ მოსახვევში, "ფერარის" მოულოდნელი საჩუქრის შემდეგ კი უშეცდომოდ პილოტირებდა ფინიშამდე.

ნიკო როსბერგისთვის კი ეს რბოლა ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო წელს: სტარტზე მოვლენების შემდეგ, გერმანელი ჩამორჩა და დაკარგული პოზიციების სწრაფად დაბრუნება ვერ შეძლო - გაუჭირდა "ფორს ინდიასა" და "უილიამსის" გასწრება. გარდა ამისა, საბურავი გამოვიდა მწყობრიდან და დაუგეგმავი პიტსტოპი დასჭირდა. სულ ბოლოს კი შეცდომა დაუშვა მაქს ფერსტაპენის გასწრებისას.

თუ როსბერგი ქულების დაკარგვას ასეთი ტემპით გააგრძელებს, უკვე მომდევნო კვირას, ბაქოში ის პირად პირველობაში ლიდერობას დათმობს.

შთამბეჭდავი ფერსტაპენი
ჯერჯერობით, ჰოლანდიელის გამოსვლა "რედ ბულში" არასტაბილურია - ესპანეთში სენსაციურ გამარჯვებას მოჰყვა ჩავარდნა მონაკოში, მაგრამ კანადაში მაქსი ისევ კარგი იყო: შესანიშნავად აიღო სტარტი და ისევ გამოავლინა ხასიათი, როცა გადაწყვიტა თანაგუნდელი დანიელ რიკარდო არ გაეშვა წინ, "რედ ბულის" ბოქსებიდან გარკვეული მინიშნებების მიუხედავად. როგორც აღმოჩნდა, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო - მალე ავსტრალიელი ჩამორჩა, ხოლო თინეიჯერ პილოტს მესამე ადგილის შენარჩუნება შეეძლო, რომ არა უეცარი პრობლემები საბურავების ცვეთასთან დაკავშირებით.

ფერსტაპენს ბოქსებში მეორედ შესვლა მოუწია, რამაც გაანადგურა "რედ ბულის" შანსები პოდიუმზე. მაგრამ მაქსმა სამეულში მოხვედრის მიუხედავადაც მოგვხიბლა - მთელი რბოლა ჰოლანდიელი გამოცდილი პილოტივით დამაჯერებლად მოძრაობდა, რბოლის ბოლოს კი შესანიშნავად იცავდა თავს როსბერგის შეტევებისგან და ერთხელაც არ დაუშვია შეცდომა "მერსედესის" პილოტის ზეწოლისას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული