ფულში გარდაქმნილი მედლები - ვინ რამდენი მიიღო სოჭში გამარჯვებისთვის

AutoSharing Option
ნორვეგიის ოლიმპიურ ნაკრებს სოჭის ოლიმპიადაზე ყველა პირველ ადგილს უწინასწარმეტყველებდა საერთო გუნდურ ჩათვლაში.

საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ ნორვეგია ზამთრის თამაშებზე ყველაზე უიღბლო ნაკრები იყო. სტატისტიკოსებმა დაითვალეს - "ვიკინგებს" ყველაზე ხშირად დააკლდათ ერთი ნაბიჯი პოდიუმამდე.

ნორვეგიელმა ოლიმპიელებმა 12 სხვადასხვა დისციპლინაში დაიკავეს მეოთხე ადგილი. ეს უფრო მეტია, ვიდრე ამ გუნდის მიერ სოჭში მოპოვებული ოქროს მედლების რიცხვი. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის ნაკრებმა ზამთრის თამაშებზე 11 ოქროს მედალი მოიპოვა და მეორე ადგილი დაიკავა.

ათი მეოთხეადგილოსანი ჰყავდა სოჭში გერმანიას. ეს გუნდი მედლების საერთო ჩათვლაში მეექვსე ადგილზე
გავიდა. 9-9 მეოთხე ადგილი ჰქონდათ რუსებსა და ამერიკელებს. შემდეგ მოდიან ჩინეთი (8), რომელიც საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდა და იტალია (7). ეს უკანასკნელი საერთო ცხრილში ტოპ-ოცეულშიც კი ვერ ვიხილეთ.

სოჭის ოლიმპიადაზე მედლების 98 კომპლექტი გათამაშდა. საერთო ჩათვლაში 13 ოქროს მედლით რუსეთის ნაკრებმა გაიმარჯვა.

* * *
ამასობაში, სტატისტიკოსებმა სოჭის ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების დოლარებში კონვერტაცია დაიწყეს, ანუ მათ გაარკვიეს იმ თანხების ოდენობა, რომელიც ოლიმპიადის საუკეთესო სპორტსმენებმა წარმატების სანაცვლოდ მიიღეს. მაგრამ, სანამ ამ ჩამონათვალზე გადავალთ, რამდენიმე საინტერესო ფაქტის შესახებ:

- ოქროს მედლისთვის ყველაზე მაღალი პრემია დაწესებული ჰქონდა აზერბაიჯანს - 510 ათასი დოლარი. თუმცა ამ ქვეყნის ვერც ერთმა სპორტსმენმა მოიგო თუნდაც ერთი მედალი.

- ყველაზე მოკრძალებულ თანხას ავსტრალიელი სპორტსმენებისთვის იყვნენ დაპირებულნი - 13 ათასი ოქროსთვის, 9 ათასი ვერცხლისთვის და 7 ათასი ბრინჯაოსთვის.

- შვედეთში, ნორვეგიაში, ბრიტანეთსა და ხორვატიაში მედლებისთვის პრემიალურები საერთოდ არ იყო დაწესებული.

ახლა კი გთავაზობთ იმ სპორტსმენების ჩამონათვალს, რომლებმაც ყველაზე მეტი გამოიმუშავეს სოჭში:

მარტინა საბლიკოვა (ჩეხეთი, ფიგურული სრიალი): ოქრო, ვერცხლი, 111 ათასი დოლარი;
ანდრის და იურის შიცსები (ლატვია, ციგაობა): ორი ბრინჯაო, 136 ათასი დოლარი;
ირენ ვიუსტი (ჰოლანდია, ციგურებით სირბილი): ორი ოქრო, სამი ვერცხლი, 140 ათასი დოლარი;
ანტონ კუშნირი, ალა ცუპერი (ბელორუსი, ფრისტაილი): ოქრო, 150 ათასი დოლარი;
სიმ-სოკ ჰი (კორეა, შორტ-ტრეკი): ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო, 150 ათასი დოლარი;
პაკ-სინ ჰი (კორეა, შორტ-ტრეკი): ორი ოქრო, ბრინჯაო, 160 ათასი დოლარი;
მარტინ ფურკადი (საფრანგეთი, ბიატლონი): ორი ოქრო, ვერცხლი, 165 ათასი დოლარი;
დარიო კოლონია (შვეიცარია, თხილამურებით სირბილი): ორი ოქრო, 178 ათასი დოლარი;
ვიტა სემერენკო (უკრაინა, ბიატლონი): ოქრო, ბრინჯაო, 180 ათასი დოლარი;
არიანა ფონტანა (იტალია, შორტ-ტრეკი): ერთი ვერცხლი, ორი ბრინჯაო, 236 ათასი დოლარი;
ვიქტორ ანი (რუსეთი, შორტ-ტრეკი): სამი ოქრო, ერთი ბრინჯაო, 395 ათასი დოლარი;
დარია დომრაჩევა (ბელორუსი, ბიატლონი): სამი ოქრო, 450 ათასი დოლარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული