სოჭი 2014: დოპინგი - სუფთა ოლიმპიადა არ გამოვიდა

AutoSharing Option
ოლიმპიური თამაშების ბოლო ორ დღეს რამდენიმე სპორტსმენის დადებითი დოპინგ-სინჯის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა.

პირველი, ვინც ტესტი ჩააგდო, ცნობილი გერმანელი ბიატლონისტი ევი ზაჰენბაჰერ-შტელე იყო, რომელიც ადრე თხილამურებით რბოლაში გამოდიოდა და ამ სახეობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ზაჰენბაჰერმა დოპინგ-ტესტი მას-სტარტის შემდეგ გაიარა და A და B სინჯმა დაადასტურა მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის - მეთილჰექსანამინის კვალი. ამ პრეპარატის მიღება მხოლოდ ტურნირის დროს არის აკრძალული.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გააუქმა გერმანელის ყველა შედეგი სოჭის ოლიმპიადაზე, ჩამოართვა მას პირადი ლიცენზია და აკრედიტაცია, ხოლო გერმანიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა
ზაჰენბაჰერი ნაკრებიდან გარიცხა და სასწრაფოდ შინ გაამგზავრა. ახლა სანქციას ვეტერანი სპორტსმენის წინააღმდეგ ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირი გამოიტანს.

* * *
მორიგი სპორტსმენი, რომელიც აკრძალული პრეპარატის მიღებაში ამხილეს, უკრაინელი მოთხილამურე მარინ ლისოგორი იყო. მას მაღალ შედეგს უწინასწარმეტყველებდნენ 30 კილომეტრზე, მაგრამ სტარტზე გასვლა ვერ შეძლო.

დოპინგი, რომელიც ლისოგორმა გამოიყენა, ტრიმეტაზიდინი იყო. ის 2014 წლის პირველი იანვრიდან შეიტანეს აკრძალული პრეპარატების სიაში. სადისციპლინო კომისიის სხდომაზე ლისოგორმა ახსნა, რომ სამედიცინო პრეპარატი პრედუქტალი გამოიყენა და არ იცოდა, რომ მის შემადგენლობაში აკრძალული კომპონენტი შედიოდა.

ვადაზე ადრე მოუწია ოლიმპიადის დატოვება ლატვიელ ჰოკეისტს, ვიტალი პავლოვს. მანაც იგივე პრეპარატი გამოიყენა, რაც ევი ზაჰენბაჰერ-შტელემ - მეთილჰექსანამინი. დადებითი დოპინგ-სინჯი მან კანადასთან მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ ჩააბარა.

* * *
ასევე დაატოვებინეს ოლიმპიადა იტალიელ ბობსლეისტს, ვილიამ ფრულანის და ავსტრიელ მოთხილამურეს, იოჰანეს დიურს. ამ უკანასკნელმა ერითროპოეტინი გამოიყენა. დოპინგზე ჩავარდნილ სპორტსმენებს შორის მას სოჭში წარმატების ყველაზე მაღალი შანსი ჰქონდა. წელს, ტურ დე სკის კომერციულ სერიაში მესამე ადგილი დაიკავა, სოჭში სკიატლონის რბოლაში მერვე ადგილზე მივიდა ფინიშთან და 50 კილომეტრზე ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა, მაგრამ, ამის ნაცვლად, დიურმა დოპინგის მიღება აღიარა და შინ გაემგზავრა. ამიტომაც B სინჯის გახსნა საჭირო აღარ გახდა.

ავსტრია, დოპინგი და ზამთრის ოლიმპიადა - გრძელი ისტორიაა. რვა წლის წინ, ტურინის თამაშებზე იტალიის პოლიციამ გაჩხრიკა ავსტრიელი მოთხილამურეებისა და ბიატლონისტების ნომრები და იქ აკრძალული პრეპარატები და შესაბამისი სამედიცინო ტექნიკა აღმოაჩინა. ამას მოჰყვა გრანდიოზული სკანდალი, დისკვალიფიკაცია, სასამართლო პროცესები და ოლიმპიური თამაშებიდან გაძევება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული