სოჭი 2014: სამთო თხილამურები - ლიგეტი გიგანტურის გიგანტია

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის ეტაპების მიმოხილვისას არაერთხელ დაგვიწერია, რომ, როცა გიგანტურ სლალომს ვახსენებთ, ვგულისხმობთ ამერიკელ ტედ ლიგეტის. მან უკვე დიდი ხანია შეაჩვია ყველა, რომ მისგან წარმატებებს, პირველ რიგში, ამ დისციპლინაში უნდა ველოდოთ. ამერიკელი გიგანტურ სლალომში მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი და ლიდერია და ამ სეზონში ხშირად ხდებოდა ისე, რომ კონკურენტებს თითქმის ორ წამს უგებდა.

გარდა ამისა, სოჭის ტრასა იდეალურად ერგებოდა ამერიკელს. მას უყვარს, როცა კარები საკმაოდ ფართოდ არის განთავსებული და ამასთან, დაღმართი არც ისე დამრეცია. ტედმა ფავორიტის სტატუსი პირველ ცდაზე დაამტკიცა. მან ფანტასტიკური
დაშვება აჩვენა და თითქმის გადაწყვიტა ოქროს მედლის ბედი.

რაც შეეხება მეორე დაშვებას, გიგანტური სლალომის ამ ნაწილმა ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში ჩაიარა. ამიტომაც ლიგეტიმ არ გარისკა, მეორე ცდაზე მხოლოდ მე-14 დრო აჩვენა, მაგრამ ესეც ეყო ოქროს მედლის მოსაპოვებლად. მან დაახლოებით ნახევარი წუთი მოუგო მთავარ კონკურენტებს - ფრანგებს სტივ მისილიესა და ალექსის პინტუროს. მათ ერთმანეთში გაინაწილეს ვერცხლი და ბრინჯაო.

ბევრს ელოდნენ სხვა ფავორიტებისგან, მაგალითად, ავსტრიელი მარსელ ჰირშერისგან, მაგრამ ის დისტანციას ვერ გაუმკლავდა და მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. ჩეხი ონდრჟეი ბანკი, რომელიც მეორე იყო პირველი ცდის შემდეგ, მეხუთე პოზიციამდე დაეშვა.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ გერმანელი ფელიქს ნოიროიტერი, რომელიც სოჭში გამგზავრებამდე მიუნხენის აეროპორტის გზაზე ავტოკატასტროფაში მოხვდა და გერმანიის ნაკრების ექიმები ეჭვობდნენ მის ოლიმპიადაზე გამოსვლას. მიუხედავად ამისა, ნოიროიტერი სტარტზე გავიდა და მერვე ადგილი დაიკავა. მისი მთავარი სტარტი შაბათს შედგება - სპეციალური სლალომი.

ტედ ლიგეტი
დაიბადა: 31 აგვისტო, 1984
სიმაღლე: 1.80 მ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - ტურინი 2006, კომბინაცია
ოქრო - სოჭი 2014, გიგანტური სლალომი
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი, ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორი; მსოფლიოს თასის ოთხგზის მფლობელი გიგანტურ სლალომში; 21 მოგება და 43 პოდიუმი მსოფლიოს თასის ეტაპებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული