სოჭი 2014: ბიატლონი - სოჭს გმირი გამოუჩნდა

AutoSharing Option
რაც უნდა მოხდეს სოჭის ოლიმპიადის დარჩენილ დღეებში, ზამთრის წლევანდელ თამაშებს უკვე ჰყავს მთავარი გმირი. ეს არის ბელორუსი ბიატლონისტი დარია დომრაჩევა, რომელმაც ინდივიდუალური რბოლისა და გამოდევნების შემდეგ, 17 თებერვალს მას-სტარტიც მოიგო და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ 17 თებერვალს დისტანციაზე ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. პირველივე წრიდან ბელორუსმა "დომინატორმა" შეტევა დაიწყო, მეორე წრეზე დაშორდა პელოტონს, რითაც ჯგუფურ რბოლაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ დარიას კონკურენტი არ ჰყავდა. პირველ სამ სასროლეთზე მან თხუთმეტივე ტყვია მოახვედრა მიზანში. მართალია, მეოთხეზე
ერთი სროლა ააცილა, მაგრამ იგივე შეცდომა დაუშვა მისმა უახლოესმა მდევარმა, ჩეხმა გაბრიელა სოუკალოვამ, რაც მას ნიშნავდა, რომ ბელორუსს მესამე ოქროს ვერავინ წაართმევდა. სოუკალოვასთვის ვერცხლის მედალი სერიოზული წარმატება იყო, რადგან წინა ორ რბოლაში ჩეხი მეოთხე მიდიოდა ფინიშთან.

მესამე ადგილისთვის ბრძოლა წარმართეს ნორვეგიელმა ტირილ ეკჰოფმა და სათხილამურო რბოლის ყოფილმა წარმომადგენელმა, გერმანელმა ევი ზაჰენბაჰერ-შტელემ (ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სათხილამურო რბოლაში). მან სენსაცია შემოგვთავაზა, როცა ოცივე სროლა ზუსტად შეასრულა, მაგრამ სარბოლო ტემპი არ ეყო მესამე ადგილზე გასასვლელად. ბრინჯაო ეკჰოფმა მიიღო, ერთი აცილებული სროლის მიუხედავად.

ფინიშის შემდეგ გამოცხადდა, რომ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის გმირის წოდება მიანიჭა დომრაჩევას. გარდა ამისა, ეს ბრწყინვალე სპორტსმენი სამი ოქროს სანაცვლოდ 450 ათას დოლარს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული