მურად ბურჯელალი ბრაიან ჰაბანას დაბრუნებას ითხოვს

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრები 24 აგვისტოს არგენტინის პროვინციულ ქალაქ მენდოსაში "პუმებს" დაუპირისპირდება.

ერთი კვირის წინათ, საკუთარ კედლებში მეტოქის დიდი ანგარიშით დამარცხების შემდეგ, "ბოკეს" თავკაცმა ჰეინკე მეიერმა გუნდის შემადგენლობა თითქმის უცვლელი დატოვა.

სამხრეთაფრიკელებს ამ მატჩში ცხრა ნომერი ფური დუ პრი დააკლდათ, რომელიც იაპონიაში, თავის კლუბში დაბრუნდა.

ჰეინკე მეიერმა ამ პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში პიტ ფან ზილი დააწინაურა, რომელიც პირველ მატჩში სათადარიგოთა შორის იყო. მის დუბლიორად "ბოკეს" თავკაცმა იანო ვერმაკი იხმო, რომლისთვისაც ეს შეხვედრა კარიერაში მეორე ტესტი იქნება ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

ამასთან ერთად, "იუბილარი"
სამხრეთ აფრიკის ნაკრებსაც ჰყავს. ბისმარკ დუ პლესი არგენტინასთან დაპირისპირებაში 50-ე კეპს მოიხვეჭს.

"ბისმარკ დუ პლესისთვის განსაკუთრებული დღე იქნება. ის 24-ე სამხრეთაფრიკელი მორაგბე გახდება, ვისაც ეროვნულ გუნდში 50-ზე მეტი კეპი მოუხვეჭავს.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ის "ბოკესთვის" ბოლომდე იხარჯებოდა და ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო შერკინების კვაჭი მსოფლიოში.

სინამდვილეში, ჩვენ ძალიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგან ერთბაშად ორი უმაღლესი დონის შერკინების კვაჭი გვყავს, ბისმარკ დუ პლესი და ადრიან სტრაუსი" - თქვა ჰეინკე მეიერმა.

ამასობაში "ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი ახლახან შეძენილი სამხრეთაფრიკელი გარემარბის, ბრაიან ჰაბანას კლუბში დაბრუნებას ითხოვს.

ტულონელებს 31 აგვისტოს მორიგი ტურის შეხვედრა აქვთ "გრენობლთან". "ბოკე" კი ამ დროს უქმობს.

ბურჯელალს იმედი აქვს, რომ მის მოთხოვნას გაითვალისწინებენ. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი ამ საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავს.

სამხრეთი აფრიკა
15. ვილი ლე რუ, 14. ბიორნ ბესონი, 13. ჯეი ჯეი ენგელბერხტი, 12. იან დე ფილიერსი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. რუან პინარი. 1. სტენდაი მთავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იანი დუ პლესი, 4. ებენ ესტებესი, 5. ივანდერ კრუხერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. ვილემ ალბერტსი, 8. დუეინ ვერმულენი.
16. ბისმარკ დუ პლესი, 17. ხუთრო სტენკამპი, 18, კონი ოოსტჰუიზენი, 19. ფლიპ ფან დერ მერვე, 20. სიია კოლისი, 21. იანო ვერმაკი, 22. პატრიკ ლამბიე, 23. იან სერფონტეინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული