ბრაიან ჰაბანა: "ტულონში" დასასვენებლად არ ჩამოვსულვარ

AutoSharing Option
ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, "ჰაინეკენის თასის" გამარჯვებულის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონის" ბანაკს წლეულს გუნდში ჩარიცხული ბოლო ვარსკვლავიც ეწვია.

25 ივლისს ტულონში სამხრეთ აფრიკიდან "ბოკეს" გარემარბი ბრაიან ჰაბანა ჩავიდა.

ტულონელებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე ძვირფასი შენაძენია. შეგახსენებთ, რომ ჰაბანა 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

მან ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, წელიწადში 504 ათას ევროს აიღებს.

აღსანიშნავია, რომ მის გარდა, "ტულონის" მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა კიდევ ორი კაშკაშა ვარსკვლავი - ავსტრალიელი დრიუ მიტჩელი და
ახალზელანდიელი ალი ვილიამსი შეიძინა.

ცხადია, ჰაბანას საფრანგეთში ჩასვლა იქაურ მედიას ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია. სპორტულ გაზეთ "ეკიპთან" ინტერვიუში სამხრეთაფრიკელმა განაცხადა, რომ ტულონში სერიოზული მიზნებისთვის საბრძოლველად ჩავიდა.

"ტულონში დასასვენებლად არ ჩამოვსულვარ. ჩემი მიზანი არ არის, მხოლოდ მაღალი ხელფასი ავიღო და პენსიაზე ფინანსურად უზრუნველყოფილი გავიდე. ამ კლუბში თამაში იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდა დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლო, "ბოკეში" თამაში განვაგრძო და 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში ვიასპარეზო.

მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას. სტადიონების გუგუნი და სიმღერები საფრანგეთში რაგბის სპეციფიკურ პეწს სძენს, რაც აგრერიგად გვაკლია სამხრეთ აფრიკაში.

"ტულონის" მწვრთნელმა ბერნარ ლაპორტმა შესანიშნავი სტრატეგია შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც წარმატებების მიღწევა შეგვიძლია. მინდა, ამაში ჩემი წვლილიც შევიტანო.

ჩემმა მეგობარმა, ბაკის ბოთამ მითხრა, რომ გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, ვარსკვლავური ავადმყოფობა არავის სჭირს. მორაგბეები ერთ მუშტად, ერთი მიზნისთვის საბრძოლველად არიან შეკრულნი" - თქვა ბრაიან ჰაბანამ.

შეგახსენებთ, რომ მანამ, სანამ ბურჯელალი ჰაბანას შეიძენდა, მან კლუბში მისი თანამემამულეები - ბაკის ბოთა, ვიქტორ მეტფილდი და დენი როსუ მიიწვია.

"ბრაიან ჰაბანას "ტულონში" გადაყვანა ჯერ კიდევ ხუთი წლის წინათ მინდოდა. ყოველ წელიწადს ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს მის მენეჯერებთან. მახსოვს ბრაიანის მამასთან საუბარი 2008 წელს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში ვასპარეზობდით.

საბედნიეროდ, წლეულს შეთანხმება შევძელით. ის ტულონში ჩამოვიდა თავისი კარიერის იმ ეტაპზე, როცა სურს, თავისთვის რაღაც ახალი აღმოაჩინოს" - თქვა "ტულონის" პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული