უელსის ნაკრებმა ირლანდიას გამარჯვება ხელიდან გამოსტაცა

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშების პირველი ტურის საუკეთესო მატჩი დუბლინში გაიმართა, სადაც უშეღავათო და ძალიან ლამაზ ბრძოლაში უელსის ნაკრებმა ირლანდიის ეროვნულ გუნდს გამარჯვება ხელიდან მატჩის ბოლო წუთებზე გამოსტაცა.

ირლანდიელები, რომლებმაც პირველი ტაიმი 10:5 მოიგეს, მატჩის 67-ე წუთისთვის "წითელ ურჩხულებს" ექვსი ქულის სხვაობით 21:15-ს უგებდნენ. სტუმრებმა 75-ე წუთზე ანგარიშში მინიმუმამდე შემცირება შეძლეს. ლელო ლეგენდარული შეინ ვილიამსის შემცვლელმა, გარემარბმა ჯორჯ ნორსმა გაიტანა - 20:21. თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი ფულბეკმა ლი ჰალპფენიმ საჯარიმოთი სტუმრებს გაამარჯვებინა - 23:21.

"ჩვენ ძალიან გაგვიმართლა. მიმაჩნია, რომ უელსის
ნაკრებმა თავისი შესაძლებლობების 70% გამოამჟღავნა. მაგრამ სტუმრად, უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლის პირობებში, თანაც მატჩის მიწურულს კაცნაკლულებმა, გუნდის მოთამაშეებმა ურყევი ნებისყოფა გამოიჩინეს.

სამწუხარო იყო სინბინი, რომელიც უდისციპლინობის გამო დავიმსახურეთ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ციხიდან გავიქეცით.

ჩვენ პირველი ნახევარი ახალზელანდიაშიც დავთმეთ სამოას ნაკრებთან მატჩში, მაგრამ ისევე როგორც მაშინ, ახლაც დიდი მოთმინებისა და დავალების ზედმიწევნით შესრულების წყალობით, ექვსი ერის წლევანდელ გათამშებაში სტარტზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ.

აღფრთოვანებული ვარ შეინ ვილიამსის შემცვლელი ჯორჯ ნორსის თამაშით. ის მსოფლიოს დონის მორაგბეა. "სამყურებთან" თამშმა გვიჩვენა, რომ მას დიდი პოტენციალი გააჩნია.

სამწუხაროა, მაგრამ მომდევნო შეხვედრის გამართვამ შინ შოტლანდიის ნაკრებთან, შესაძლოა მეორეხაზელის, ბრედლი დევისის გარეშე მოგვიწიოს. რადგან, სავარაუდოდ, მის საქციელს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს.

ჩვენ ვნახეთ ვიდეოფირზე ის მომენტი, როც დევისმა მეტოქეს ბინძურად ეთამაშა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის არაფრით განსხვავდებოდა იმ ინცინდენტისგან, რომელიც მსოფლიოს თასზე საფრანგეთთან ნახევარფინალში მოხდა. მაშინ სემ ვერბარტონს წითელი ბარათი უჩვენეს. ამჟამად კი არბიტრი მხოლოდ ყვითელს დაყაბულდა, არადა დარღვევა აბსოლუტურად იდენტური იყო. ერთი სიტყვით, დროა მსაჯებმა ამა თუ იმ ეპიზოდის სხვადასხვაგვარად განსჯა დაასრულონ." - თქვა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა.

გუნდის კაპიტანი სემ ვერბარტონი მეორე ტაიმს სათადარიგოთა სკამიდან უყურებდა, ვინაიდან ფეხი დაიშავა და შესაცვლელი შეიქნა.

ცხადია, ბრედლი დევისის საქციელიც არ გამოპარვია:

"პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთი გაჭირვებით დავდიოდი. ფეხი საშინლად მტკიოდა. ექიმები 24 საათის განმავლობაში მეტყვიან რამდენად სერიოზულია ტრვმა. თამაშს მეორე ტაიმში სათადარიგოთა სკამიდან ვუყურე და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დიდი ხანია ასეთი დინამიკური, ლამაზი ორთაბრძოლა არ მინახავს. ძალიან ვინერვიულე. მიხარია, რომ ყველაფერი ჩვენთვის კარგად დამთავრდა.

იმან, რაც ბრედლი დევისმა გააკეთა, მსოფლიოს თასის ნახევარფინალი გამახსენა. ამან ძალაინ ცუდ ხასიათზე დამაყენა. ხომ შეიძლებიოდა, მსაჯს ჩემთვისაც ყვითელი ბარათი ეჩვენებინა?" - იკითხა უელსის ნაკრების კაპიტანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული