შოტლანდიის ნაკრები ორი დებიუტანტითა და ძველი შიშებით

AutoSharing Option
შოტლანდიის ნაკრები ექვსი ერის გათამაშებაში "ხის კოვზის" მოპოვების ანუ ბოლო ადგილის დაკავების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია. ასე იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და, ალბათ, ახლაც ასე იქნება.

ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში "ნარშავებმა" ოთხ მატჩში მხოლოდ ოთხი ლელოს გატანა მოახერხეს. მათი ასეთი დაბალი შედეგიანობა გახდა სწორედ იმის მიზეზი, რომ სკოტებმა თავის ისტორიაში პირველად ვერ გადალახეს ჯგუფური ეტაპი და პლეი ოფის მიღმა დარჩნენ. მეტიც, ცოტა იღბალი და საკუთარ ძალებში რწმენა რომ ჰქონოდათ, "სკოტების" ძლევას საქართველოს ნაკრებიც შეძლებდა.

მიუხედავად ყველაფრისა, შოტლანდიის ნაკრების
ინგლისელ თავკაცს ენდი რობინსონს კონტრაქტი 2015 წლის ბოლომდე გაუგრძელეს. ანუ ინგლისში გასამართ მსოფლიოს თასზე "ნარშავებს" ისევ ის უხელმძღვანელებს და კარგი იქნება, თუ "სკოტები" ისევ ჩვენს ჯგუფში მოხვდებიან.

ექვსი ერის შარშანდელ გათამაშებაში შოტლანდიის ნაკრებმა ბოლო ადგილს თავი შინ იტალიის ეროვნული გუნდის ძლევის შედეგად დააღწია. ეს შოტლანდიელთა პირველი გამარჯვება იყო შინ, ექვსი ერის ბოლო ორ გათამაშებაში.

წლეულს რობინსონი ეცდება შოტლანდიური რაგბის ქომაგს შარშანდელი მსოფლიოს თასის გათამაშება დაავიწყოს. საამისოდ, "სკოტების" საკმაოდ ემოციურ თავკაცს გუნდის გადახალისება მოუწევს. თუმცა ლიდერები იგივენი იქნებიან. რობინსონის სამწყსოს მხოლოდ ერთი, კრის პატერსონი დააკლდება, რომელმაც ეროვნულ გუნდში 109 კეპი მოიხვეჭა და ერთი თვის წინ ბუცები ლურსმანზე დაკიდა.

"ნარშავები" პირველ შეხვედრას შაბათს, შინ "მერიფილდზე" გამართავენ ინგლისის ნაკრებთან. რობინსონს და კომპანიას სერიოზული გამომცდელი ჰყავს. ენდიმ 22-კაციანი რაზმი უკვე დაასახელა. მან მსოფლიოს თასზე ინგლისის ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემადგენლობაში რვა ცვლილება განახორციელა.

პატერსონის შესახებ უკვე ვთქვით, მას რორი ლამონტი შეცვლის. გარემარბის პოზიციაზე დებიუტი ექნება ედინბურგელ ლი ჯოუნზს, რომელმაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი "კელტთა" და "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში. გუნდში კიდევ ერთი დებიუტანტია, ჯოუნზის თანაკლუბელი, მესამეხაზელი დევიდ დენტონი.

მორკინალთა შორის "სკოტები" ყველაზე დიდ იმედებს მეორეხაზელ რიჩი გრეიზე ამყარებენ. მას ყველა მონაცემი აქვს მსოფლიოს დონის მორაგბედ რომ ჩამოყალიბდეს.

"დიდხანს ვაკვირდებოდი ლი ჯოუნზს და დავრწმუნდი, რომ მან დაიმსახურა პირველად მოირგოს ეროვნული ნაკრების კვართი. მან შესანიშნავად ითამაშა თავისი კლუბის შემადგენლობაში და მიხარია, რომ გარემარბის პოზიციაზე კონკურენცია გაიზარდა.

ახალ მოთამაშეებთან ერთად გუნდში ბევრი გამოცდილი მორაგბეა, რომლებმაც, წესით, უნდა შეძლონ ლიდერის მძიმე ტვირთის ზიდვა. წლეულს საერთაშორისო ასპარეზზე აუცილებლად უნდა მივაღწიოთ წარმატებას" - თქვა ენდი რობინსონმა.

შოტლანდია: 15. რორი ლამონტი, 14. ლი ჯოუნზი, 13. ნიკ დე ლუკა, 12. შონ ლამონტი, 11. მაქს ევანსი, 10. დენ პარქსი, 9. კრის კაზიტერი. 1. ალან იაკობსენი, 2. როს ფორდი, 3. ევან მურეი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯიმი ჰამილტონი, 6. ალასდაირ სტორკოში, 7. როს რენი, 8. დევიდ დენტონი.
16. სკოტ ლაუსონი, 17. გოფ კროსი, 18. ალისტერ კელოკი, 19. ჯონ ბარკლი, 20. მიკ ბლერი, 21. კრეიგ ლაიდლოუ, 22. გრემ მორისონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული