ქართული კალათბურთის ანატომია - ნაწილი I

AutoSharing Option
- დღეს ყველას გვიხარია საქართველოს ნაკრების წარმატებები, რაც მრავალწლიანმა შრომამ მოიტანა, - ამბობს ზაზა ფაჩულია, - ამ გამარჯვებებისკენ ძირითადი ბირთვი 2004 წლიდან ერთად მოვდივართ, ერთად გავიზარდეთ და ჩვენი გუნდიც ისეთ სიმაღლემდე ავიდა, ევროპის ნებისმიერი ნაკრები სერიოზულ მოწინააღმდეგედ განგვიხილავს.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ კალათბურთი ჭადრაკი არ არის, 40-50 წლის ასაკშიც შეძლო თამაში, კალათბურთელის კარიერა ხანმოკლეა და 30 წელს რომ გადასცილდები, ნებისმიერ დროს შეიძლება ფეხსაცმლის თაროზე შემოდებაზე დაფიქრდე.

ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენმა თაობამ კიდევ დიდხანს ითამაშოს, მაგრამ ადრე თუ გვიან ერთმანეთის მიყოლებით
ყველას მოგვიწევს კარიერის დასრულება. ვინ შეგვცვლის ნაკრებში? არიან ახალგაზრდობაში კალათბურთელები, რომლებიც გუნდში ისე ჩაეწერებიან, ეროვნულ ნაკრებს თაობათა ცვლილებას არ დაატყობენ?

გავიხსენოთ, საიდან ვიწყებდით, რამდენი სირთულე გამოვიარეთ და ნამდვილად არ მინდა, ჩვენი შრომა ერთ მშვენიერ დღეს წყალში ჩაიყაროს. საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს ქართულ კალათბურთს, რომ ეროვნულმა ნაკრებმა მიღწეულის შენარჩუნება შეძლოს.

იცით, როდის მითხრა ეს ზაზა ფაჩულიამ? - 2009 წელს, როცა ექვსწლიანი წვალების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მეორე დივიზიონს თავი დააღწია და ელიტაში მოხვდა. 2009 წლიდან 2013-ის ევრობასკეტამდე რამდენი ახალგაზრდა ჩაეწერა ნაკრების ძირითად ბირთვში? ერთი! - თორნიკე შენგელია. შარშანდელ შესარჩევზე მეტი სათამაშო დრო ერგოთ დუდა სანაძესა და ბექა ბურჯანაძეს, მაგრამ მაინც ცოტაა...

ზაზა ფაჩულია მომავალ თაობაში სანაკრებო სახელებს რომ ვერ ხედავდა, ამიტომაც ამბობდა, ქართულ კალათბურთს მიხედვა ახლავე, 2009 წელს უნდაო? კარს მოგვადგა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს ნაკრების დამრტყმელი ძალა (ფაჩულია, სანიკიძე, მარკოიშვილი, ცინცაძე) 30 წელს მიტანებულ-გადაცილებული იქნება და მათ დღესვე სჭირდებათ კარგი კონკურენტები, ოღონდ 2-3 კაცი კი არა, 6-7!

დიაგნოზი
სიტუაციის გამოსასწორებლად, ქართული კალათბურთის გამოსაჯანმრთელებლად აუცილებელია ჯერ "ექოსკოპიის გადაღება", შემდეგ "დიაგნოზის დასმა" და შესაბამისი წამლის ძიება.

დიაგნოზი დაახლოებით ასეთია: გზების პირას ალვის ხეებს ხშირად აჭრიან ტოტებს და რჩება მხოლოდ კენწეროშეფოთლილი ხეები. ქართული კალათბურთიც ასეთია - გასხეპილი, მაგრამ წვერში ამწვანებული, თან ისე, რომ საქართველოს ნაკრების სიმწვანე ევროპაშიც კარგად ჩანს.

თავის დროზე რომ გვეზრუნა ტოტების შენარჩუნებაზე, დღეს ჯანმრთელი საკალათბურთო ხე გვექნებოდა. აი, რას იგულისხმება "ტოტებში":

კენწეროში მოქცეული ნაკრების ქვემოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი "ტოტია" ევროსარბიელი, რომელიც 2013 წელს მოჭრეს - მას მერე ევროტურნირებზე არც ერთ ქართულ გუნდს არ უთამაშია.
მეორე "ტოტია" საქართველოს ჩემპიონატი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებს სათანადოდ მომზადებული კალათბურთელები უნდა მიაწოდოს.

სუპერლიგის ქვემოთ აქამდე ახალგაზრდული პირველობა იყო. სწორედ 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან მიღებული რესურსით საზრდოობდა სუპერლიგა. თუმცა, წლეულს რიგით მეორე, სახელად A ლიგა შეიქმნა.

ხის კენწეროდან ქვემოთ რომ დავეშვებით ბავშვთა კალათბურთამდე მივალთ, რომელიც ნამდვილად არ ყვავის. აი, სწორედ ამიტომაა პრობლემები სანაკრებო რესურსთან დაკავშირებით, თორემ, საკალათბურთო ხეს ფესვები (ტრადიციები) რომ აქვს, ყველას კარგად მოეხსენება: საქართველოს შეუძლია ოლიმპიური, ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონებით მოიწონოს თავი, ისევე როგორც 1962 წელს მოგებული ჩემპიონთა თასით.

ევროპის მიღმა
ახლა, თითო "ტოტზე" ცალ-ცალკე შევჩერდეთ, დავიხმაროთ საკალათბურთო სპეციალისტები და მათთან ერთად გავარკვიოთ, რა გავლენას ახდენს ევროპის საკლუბო კალათბურთთან მოწყვეტა, რატომ ვერ იღებს სუპერლიგა სათანადო შევსებას 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან და რა პრობლემები აფერხებს ნიჭიერი ჭაბუკების სრულყოფილად აღზრდას.

ვლადიმერ ბოისა ამჟამად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია, წლების განმავლობაში კი სლოვენიის "ოლიმპიას" მაისურით ევროლიგაზე თამაშობდა. მასზე უკეთ ვერავინ გვესაუბრება კლუბის ევროსარბიელზე გამოსვლის მნიშვნელობაზე.

- სლოვენიური "ოლიმპია" წლების განმავლობაში ევროლიგაზე ასპარეზობდა. ეს შეჯიბრება ევროპის საკლუბო კალათბურთში უპირველესია. მასში "ბარსელონა", "რეალი", "მაქაბი" და სხვა გრანდები თამაშობენ და შესანიშნავ ინდიკატორად გამოდგება იმის დასანახად, რა დონეზეა შენი კალათბურთი.

ამასთან, ევროპის წამყვან გუნდებთან რეგულარულად თამაშით სანაკრებო კანდიდატებს გამოცდილება ემატებათ, მათთვის თვალსაჩინო ხდება ის კომპონენტები, რომლებზეც სამუშაო აქვთ. და კიდევ ერთი: ევროლიგისა თუ ევროთასის მატჩებზე დასწრებით სხვადასხვა ასაკის მწვრთნელები ბევრს სწავლობენ, ბავშვებს კი უფრო და უფრო ემატებათ სურვილი, კალათბურთელებად ჩამოყალიბდნენ და მათაც ევროპული დონის გუნდში, სლოვენიის შემთხვევაში "ოლიმპიაში" ითამაშონ.

საქართველო კი ყოველივე ამას მოკლებულია. ხუთწლიანი ევროშესვენების შემდეგ, 2007 წელს, რუსთავის "ენერჯი" ევროჩელენჯზე "ამსტერდამს" რომ შეხვდა, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ქართველები ევროპულ კალათბურთს (რომელიც ამერიკელებითაა გაჟღენთილი) სისწრაფეშიც ჩამოვრჩებით და გაბარიტებშიც - რა დასამალია, არ გვიყვარს ტრენაჟორები.

თუმცა საქართველოს ჩემპიონატში გარკვეულ დონეზე სათამაშოდ ხომ სულაც არ არის საჭირო კუნთების მასის გაორმაგება. საქართველოში სისწრაფე და ინტენსიურობაც ევროთასების მატჩებთან შედარებით ნაკლებია და მშვიდი ვარჯიშების ხარჯზეც იოლად შეიძლება სუპერლიგის ლიდერთა შორის ადგილის შენარჩუნება.

...და ტაქტიკა? ამას წინათ საქართველოს ჩემპიონატის წამყვანი გუნდების თამაშს ზურაბ სამხარაძესთან (ზაზა ფაჩულიას, მანუჩარ მარკოიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის მწვრთნელი) ერთად ვადევნებდი თვალს.

საუბარი ტაქტიკაზე ჩამოვარდა და გადავწყვიტეთ დავკვირვებოდით, რამდენი კომბინაცია განხორციელდებოდა თავიდან ბოლომდე. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი - არც ერთი!

მრავალ მიზეზთა შორის ერთ-ერთი მთავარია, კალათბურთელის არასწორი აღზრდა (რაზეც მომავალში დავკონკრეტდებით).

ევროჩელენჯიც ვახსენეთ და ევროლიგაც. სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის კლუბები რეგულარულად ასპარეზობენ ევროლიგაზე. მართალია, "რეალს" ცსკა-ს თუ "ბარსელონას" ჩემპიონობაში ვერ ეცილებიან, მაგრამ, რაც მთავარია, კალათბურთელები იზრდებიან, მათი ნიჭი კი შეუმჩნეველი არ რჩება და კარიერას ზოგი ევროგრანდში აგრძელებს, ზოგი - NBA-ში. შემდეგ, ჩადიან ნაკრებში და ისეთ "ვეშაპებს" ამარცხებენ, როგორებიცაა რუსეთი, იტალია, ესპანეთი...

არც ხორვატიაა საქართველოზე დიდი, არც სლოვენია, მაგრამ თითო გუნდის ევროლიგაზე გაყვანას ახერხებენ და რესურსს ბოლომდე იყენებენ. საქართველოში კი ევროლიგას ხმამაღლაც ვერ ვახსენებთ, რადგან ამ შეჯიბრებაში თამაშისთვის ფულს ვერავინ იმეტებს (რაც არ აქვს, რა გაიმეტოს), მაგრამ ადრე თუ გვიან უნდა მივხვდეთ, რომ კალათბურთში, ფეხბურთსა და რაგბიში სანაკრებო წარმატებები თუ გვინდა, ჩემპიონთა თასზე (კალათბურთის შემთხვევაში ევროლიგაზე) გუნდი აუცილებლად უნდა გვყავდეს!

ახლა აღარ დავიწყებთ მსჯელობას, ეს კერძო ბიზნესმენის საქმეა თუ მთავრობის. ყველამ, ვისაც სპორტი უყვარს და საქართველოს ნაკრების მატჩებს ლოჟიდან მიადევნებს თვალს, იმაზეც უნდა იფიქროს, როგორ შეუძლია ნაკრების დახმარება. თუმცა მხოლოდ ფიქრიც არ შველის საქმეს.

ევროლიგაში პირდაპირ არავინ მიგვიღებს, მასზე ქვემოთ კიდევ ორი შეჯიბრებაა - ევროთასი და ევროჩელენჯი. ევროთასს ვინ ჩივის, 2012-13 წლების სეზონის შემდეგ არც ევროჩელენჯზე გამოსულა რომელიმე ქართული გუნდი. ასე "ვვითარდებით" საკალათბურთო ევროპისგან იზოლირებულად.

- მოვა ზაფხული და იტყვიან - შიდა ჩემპიონატის წევრები ნაკრების ლეგიონერებს სათანადოდ ვერ ეხმარებიანო, - ამბობს ბექა წივწივაძე, - მეც ვიცი, რომ ღირსეულ კონკურენციას ვერ გავუწევ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ბრალია? წლიდან წლამდე ერთ ქვაბში ვიხარშებით, ერთი და იმავე სახეების წინააღმდეგ გვიწევს თამაში. ეს მაშინ, როცა თუნდაც უნგრეთსა და რუმინეთს ევროსარბიელზე ყოველწლიურად 3-4 გუნდი გაჰყავთ. თუნდაც ევროჩელენჯში თამაში ნებისმიერისთვის დიდი გამოცდილებაა, განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა, რადგან უშუალოდ მატჩებისას ხედავ, რა გიკლია საშუალო-ევროპულ დონემდე, რაში ხარ ძლიერი და რა ნაბიჯები გჭირდება საიმისოდ, რომ ახალ სიმაღლეზე ახვიდე.

ვთქვათ, საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ამით რა მომემატება? მედალი? არც ტიტული მინდა და არც თასი, საკუთარ პროგრესზე კიდევ მეტი მინდა ვიზრუნო. მაგრამ ამის საშუალება არ არსებობს - თითქოს ტრადიციად იქცა საქართველოს ჩემპიონი გუნდის დაშლა-დასუსტება. ნაცვლად იმისა, გამარჯვებული ევროპაში გავიდეს, ბიუჯეტი უმცირდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
qutaiseli-ს მე ქუთაისი მხოლოდ იმიტო ვახსენე რო ამხელა კალათბურთელების გამზრდელ ქალაქს ნორმალური იატაკი უნდა ქონოდა სპორტის სასახლეში და არა სტიაშკაზე გადაფარებული ლინენიუმი... მე მწვრთნელების დაბალ დონეში ვხედავ პრობლემას და არა საქართველოს ქალაქებში, მაღალი დონის მწვრთნელი ნებისმიერ ქალაქში გაზრდის ბავშვს და დაბალი დონის ვერსად... მწვრთნელებს 1კვირიანი სემინარები კიარა მინიმუმ 2-3 თვიანი ჭირდებათ ყოველ წელს ოღონდ უცხოელებისგან...
reji
12:34 16-03-2015
0
rejiდა რომელ ქალაქსაყავს ერთი გაზრდილი კალათბურთელი გაზრდილი და ჩამოყალიბებული კალათბურთელად და არა ისე ლამის სოსკიანები რომ წავიდენ საქართველოდან და აღიზარდენ ევროპაში და არც ქუთაისია გამონაკლისი ღმერთმოცემული სატელიტიც მქონდა და ყველა ჩვენი დღევანდელი ლეგიონერის გზა მეტნაკლებად ცნობილია ჩემთვის ასე რო რასაც კალათბურთელად აღზრდა და ჩამოყალიბება ქვია ვერცეთი ქალაქი ვერ დაიკვეხნის.ერთი შერმანდინია და ისიც ყველამ ვიცით ვისი შრომის ნაყოფიც არის ლამის გადაყვა ის კაცი ამის გამოზრდას იმდენი ზდია.შენგელია კიდე მთლიანად მამამისის დამსახურებაა ასე რო ქალაქები აქ არაფერ შუაშია არარის კალათბურთის სკოლები არარიან ნორმალური მწვრთნელები და კალათბურთელი საიდან გაიზრდება.ციდან ხოარ ჩამოფრინდება.
qutaiseli
19:58 15-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული