ბაგრატი-ბათუმი 16:21 - მოგება გამოცდილების ხარჯზე

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის დებიუტანტმა ქუთაისის "ბაგრატმა" "ბათუმს" დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად გამოცდილება არ ეყო. ზღვისპირელებთან დაპირისპირებაში, ფაქტობრივად, "ლელოსთან" მატჩის სცენარი განმეორდა, როცა ბექა სხულუხიას გაწვრთნილი გუნდი ელემენტარული შეცდომების გამო დაისაჯა და თანაბარ ბრძოლაში დასანანი მარცხი იწვნია.

შეხვედრა, როგორც უკვე ვთქვით, თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ, როცა თანაგუნდელებმა ზღვისპირელების მგეზავს,  თეიმურაზ სოხაძეს დასარტყმელი სივრცე გაუთავისუფლეს და მანაც საკმაოდ შორი დისტანციიდან არეკნი გაიტანა - 3:0.

მასპინძლებმა ანგარიში საპასუხო შეტევაშივე გაათანაბრეს, "ბაგრატმა" ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა და რეზო ჯინჭველაშვილმა შანსი
ხელიდან არ გაუშვა.

მატჩი ორმხრივი შეცდომებით განახლდა, შეტევების გაშლას ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა. ტაიმის შუაში კვლავ "ბათუმი" დაწინაურდა, როცა ბახვა კობახიძემ მოედნის ცენტრიდან საჯარიმო დარტყმა გაიტანა - 6:3.

მასპინძლებმა ტემპს მოუმატეს და უფრო მწვავედ შეუტიეს. ჯინჭველაშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ქუთაისელთა კაპიტანმა ლევან თხელიძემ სტუმრებს ხაზი გაუჭრა და "ბაგრატისთვის" საქართველოს ჩემპიონატში პირველი ლელო მიითვალა. ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:6.

ლელოს შემდეგ სტუმრებმა მწვავედ შეუტიეს და მეტოქე საკუთარ ლელოს ხაზთან ახლოს გამოკეტეს. ქუთაისელებმა იერიშების მოგერიება კი მოახერხეს, მაგრამ არბიტრმა გოგა ცირეკიძე გაასინბინა და კაცნაკლულნი დარჩნენ. ტაიმის ბოლო წუთზე "ბაგრატმა" შეტევა განიზრახა, მაგრამ სტუმრებისგან სწრაფი კონტრშეტევა მიიღო, რომელიც გიორგი ბებიაშვილმა დააგვირგვინა და ქუთაისურ გუნდს ლელო, ფაქტობრივად გასახდელში გააყოლა. სოხაძე გარდასახვისას ზუსტი იყო და პირველი ტაიმი ბათუმის მოგებით, 13:10 დასრულდა.

შეხვედრის განახლებისას სოხაძემ საჯარიმო დარტყმით სტუმართა უპირატესობა გაზარდა. ამის შემდეგ უპირატესობა ქუთაისელთა მხარეს გადავიდა. მათმა აქტიურობამ შედეგი გამოიღო, მასპინძლებმა ჯინჭველაშვილის საჯარიმო დარტყმებით ანგარიში გაათანაბრეს - 16:16.

"ბაგრატი" დარჩენილ დროშიც არ ჩამოუვარდებოდა მეტოქეს, მაგრამ ელემენტარული შეცდომის გამო კვლავ მდევრის როლში აღმოჩნდა. ქუთაისელებმა საკუთარ 22-მეტრიან ხაზთან ახლოს, მარჯვენა ფლანგზე დაკარგეს ბურთი, რომელიც შეცვლაზე შესულმა ზურა ერისთავმა იგდო ხელთ და ლელო გაიტანა. სოხაძემ მახვილი კუთხიდან გარდასახვა ვერ გამოიყენა - 21:16.

დარჩენილ დროში ბაგრატი" ბევრს ეცადა, მწვავედაც შეუტია, მაგრამ სტუმრებმა რიონისპირელები ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს და პირველ ტურში "აიასთან" მარცხის შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს ჩემპიონატი. დიდი 10. II ტური
ბაგრატი-ბათუმი 16:21
ბაგრატი (15-9) კვერნაძე, გოშაძე, ფრუიძე, თუთბერიძე, ბ.ტორაძე (ოდიშარია 71), ჯინჭველაშვილი, ლოსაბერიძე (საკანდელიძე 25); (1-8) ბოგვერაძე (ასათიანი 44), გ.კობახიძე (ხელაძე 70), დ.ჭელიძე (ბალანჩივაძე 70), კიკვაძე, არჩვაძე (ჩიქვინიძე 35), ცირეკიძე, გუდაძე, თხელიძე
ლ: თხელიძე. 3ს,გ: ჯინჭველაშვილი
სინბინი: გ.კობახიძე (36)
ბათუმი: (15-9) ბ.კობახიძე (ევგენიძე 38), მიმინოშვილი, გაბროშვილი, ნინიძე (გოგიტიძე 65), ბებიაშვილი, სოხაძე, შამულო (ზ.თუთბერიძე 41); (1-8) ხოჭოლავა (ერისთავი 39), მატკავა (თაგაური 50), პატარაია (კვანტიძე 57), ცხადაძე (ფუტკარაძე 41), მიქაძე, თხილაიშვილი, ალიქაძე, ამირანაშვილი
2ლ: ბებიაშვილი, ერისთავი. გ,ა: სოხაძე 2ს:კობახიძე, სოხაძე
მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი.

სხვა მატჩები
ჯიქი-აკადემია 29:0
ლოკომოტივი-არმია 13:19
ლელო-არმაზი 30:9
ყოჩები-აია 15:20

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ჯიქი 2 2 0 0 +48 10 2
2. ლელო 2 2 0 0 +27 10 2
3. აია 2 2 0 0 +12 8 0
4. ლოკომოტივი 2 1 0 1 +12 5 1
5. ბათუმი 2 1 0 1 -2 5 1
6. აკადემია 2 1 0 1 -11 4 0
7. არმია 2 1 0 1 -13 4 0
8. ბაგრატი 2 0 0 2 -11 2 2
9. ყოჩები 2 0 0 2 -23 1 1
10. არმაზი 2 0 0 2 -39 0 0

III ტური
არმაზი-ბაგრატი
ბათუმი-ყოჩები
აია-ჯიქი
აკადემია-ლოკომოტივი
არმია-ლელო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული