იოახიმ ლიოვი: ცივსისხლიანობა გვაკლია

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდოდა, ამაში ეჭვი არავის შეჰპარვია, მაგრამ მაინც: ირლანდიასთან გამარჯვებით ბუნდესგუნდმა ეს მისია ოფიციალურად დაასრულა და ახლა გაცილებით დიდი მისიისთვის უნდა მოემზადოს - საფეხბურთო გერმანია და ფანობა ბუნდესგუნდს მსოფლიოს ჩემპიონობას სთხოვს.

კვირას, "ბილდში" გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც 53 წლის იოგი სწორედ მომავალ მუნდიალზე და ბუნდესგუნდის ავ-კარგზე საუბრობს.

- ჰერ ლიოვ, ირლანდიის დამარცხებით (3:0), გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად გაიფორმა და როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფეხბურთელებმა მთელი ღამე იზეიმეს. თქვენ რომელ
საათზე დაიძინეთ?
- ჰო, ასეა. ზეიმის საფუძველი ნამდვილად ჰქონდათ და არაფერი დავუშალე. მე როდის დავწექი, ზუსტად არ მახსოვს. მგონი, დაახლოებით 2 საათი იყო.

- ასე ადრე?
- თამაშის შემდეგ დაძინება ისედაც მიჭირს ხოლმე. შუაღამისას რამდენჯერმე მეღვიძება და ფიქრები არ მაძინებს ხოლმე. გერმანიის ნაკრების თამაშის შემდეგ ტკბილად დაძინებას მხოლოდ დილით ვახერხებ. არ მიყვარს, როცა მეორე დღეს გამოუძინებელი ვარ და ამიტომაც დავწექი საკმაოდ ადრე. თუმცა ღამის 2 საათი ადრე ნამდვილად არაა...

- შუაღამისას როცა გეღვიძებათ, რაზე ფიქრობთ ხოლმე?
- ირლანდიასთან თამაშის შემდეგაც რამდენჯერმე გამეღვიძა. კიოლნში ყოველთვის შესანიშნავი საფეხბურთო განწყობაა ხოლმე და გამონაკლისი არც ეს მატჩი იყო. ემოციურად იმანაც დამტვირთა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური გავინაღდეთ. ღამე კი იმაზე ვფიქრობდი, თუ რა კარგი განცდაა, როცა მომდევნო მატჩს ყოველგვარი წნეხის გარეშე ხვდები. ყველამ ვიცით, რომ შვედეთში იოლი მატჩი არ გველის და კარგია, რომ მუნდიალზე თამაში უკვე გარანტირებული გვაქვს.

- ბრაზილიური ალკოჰოლური სასმელი კაიპირნია არ მიირთვით?
- არა... მართალია, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლამ ყველანი ძალიან გაგვახარა, მაგრამ ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, რომ კაიპირინია დამელია. მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება სავალდებულო იყო, ეგ სასმელი კი გაისად უნდა მივირთვათ.

- ირლანდიასთან მატჩის შემდეგ შეგირდები ორი დღით დაასვენეთ...
- ჰო, ეს სპონტანური გადაწყვეტილება იყო. ერთი მხრივ, წარმატებული საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ბიჭებმა დასვენება ნამდვილად დაიმსახურეს, მეორე მხრივ კი, კონცენტრაცია შვედეთთან მატჩისთვისაც გვჭირდება. ფაქტია, რომ ბიჭებს განტვირთვა სჭირდებოდათ. ფეხბურთელებს ვუთხარი, გენდობით და იმედი მაქვს, რომ დისციპლინას არ დაარღვევთ და ორშაბათს ვარჯიშზე ყველანი კარგ ფორმაში იქნებით-მეთქი. ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც იქნება.

- შვედეთთან პირველ შეხვედრაში ისეთი შედეგი დაფიქსირდა, რომელიც მუნდიალის არა მარტო ამ საკვალიფიკაციო ეტაპიდან გვემახსოვრება, არამედ, ფაქტობრივად, არასდროს დაგვავიწყდება. გულახდილად გვითხარით, იმ 4:4-ის შემდეგ ხომ არ შეგეშინდათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება გაგიჭირდებოდათ?
- დასამალი არაფერია: ძალიან დიდხანს ვწუხდი და ვფიქრობდი იმაზე, თუ რა დაგვემართა შვედებთან. 4:0-ს ვიგებდით და მატჩი 4:4 დამთავრდა - გერმანიის ნაკრებს ასეთი რამ ხომ არასდროს დამართნია. ორი აზრი არ არსებობს: ეს ჩვენი მხრიდან ამ ციკლის ყველაზე ცუდი თამაში იყო, მაგრამ ეჭვი მართლა არასდროს შემპარვია იმაში, რომ შეიძლებოდა მუნდიალის საგზური ვერ მოგვეპოვებინა.

გერმანიის ნაკრები იმდენად ძლიერი გუნდია, რომ ასეთი რამ გამორიცხული იყო. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ნაკრები 4:0-ს ძალიან დიდხანს აღარ გაანიავებს...

- სად ხედავთ ბუნდესგუნდის სისუსტეებს და რა მხრივ გაქვთ სამუშაო?
- ჩვენთვის ორი თემაა წინა პლანზე. პირველ რიგში, დაცვა უნდა გაძლიერდეს. არ იფიქროთ, რომ როცა ამას ვამბობ, მხოლოდ მცველებს ვგულისხმობ - ეს არა მარტო უკანახაზელებს, არამედ მთელ გუნდს და ყველა რგოლის წარმომადგენელს ეხება, რადგან როცა მეტოქე გვიტევს, დაცვითი ფუნქციებით თავდამსხმელები და შემტევი ნახევარმცველებიც არიან დაკავებულნი. ყველა ფეხბურთელი ყველა მატჩში ბოლომდე უნდა დაიხარჯოს, მეტოქე მის ნახევარზეც წნეხის ქვეშ უნდა მოვაქციოთ.

- რაც შეეხება მეორე თემას?
- სამუშაო შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაშიც ბევრი გვაქვს. ბოლო გახსნა, ბოლო პასი და მეტოქის საჯარიმოში ხვრელების ძებნა - აი, ეს არის მეორე მთავარი თემა, რაზეც მსოფლიოს ჩემპიონატამდე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ უნდა შევძლოთ და ისიც უნდა მოვახერხოთ, რომ ერთი შანსიც გვეყოს გოლის გასატანად - მეტოქის კართან ცივსისხლიანობა ჯერ კიდევ გვაკლია.

- ხოსეპ გვარდიოლას ხელში "ბაიერნი" სულ სხვანაირად, პეპისეულად ათამაშდა. გერმანიის ნაკრები, ძირითადად, "ბაიერნის" ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული. გვარდიოლას ფენომენი ბუნდესგუნდზე გავლენას მოახდენს?
- ჩემი და პეპის საფეხბურთო ფილოსოფიები ერთმანეთისგან ძლიერ როდი განსხვავდება. მისი სისტემაც ბურთის ფლობაზეა დამყარებული და ჩემიც, მასაც შეტევა უყვარს და მეც, დაცვაზე ზრუნვა მასაც შეტევით ესმის და მეც. სხვათა შორის, ამ მხრივ იდენტურია დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთიც. იურგენ კლოპის, პეპ გვარდიოლას და ჩემი ფილოსოფიები ერთმანეთს ჰგავს.

- მატს ჰუმელსის სათადარიგოთა სკამზე დასმა არ გაგიჭირდათ?
- მინდა ვთქვა, რომ მატსთან ძალიან კარგი, ძველებურად ჯანსაღი ურთიერთობა მაქვს. ამ დღეებში მას რამდენჯერმე ვესაუბრე და ვუთხარი, ეს შენს კარიერაში პირველი ისეთი პერიოდია, როცა საქმეები მთლად კარგად არ მიგდის და სწორედ ახლა უნდა გამაგრდე-მეთქი. ჩემთვის მისი სკამზე დასმა, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მან ზუსტად იცის, რაში უნდა გამოსწორდეს და რაზე უნდა იმუშაოს.

ჰუმელსი პერ მერტეზაკერისა და ჟერომ ბოატენგისგან მხოლოდ ნიუანსებით განსხვავდება. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან სამივე უმაღლესი დონის მცველია, ასეთ დონეზე კი განსხვავება ყოველთვის მხოლოდ ნიუანსებშუა. მატსი ბრწყინვალე ცენტრალური მცველია და კარგია, რომ თვითკრიტიკულიცაა.

- თუმცა ამ ბოლო დროს შეცდომებს აღარ უშვებს...
- ჰუმელსი სასტარტო შემადგენლობიდან იმიტომ კი არ ამოვაგდე, რომ შეცდომები დაუშვა, არამედ იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში მერტეზაკერისა და ბოატენგის ტანდემზე შევაჩერე არჩევანი. ჰუმელსი ისეთი ცენტრალური მცველია, რომელსაც შეტევაში ჩართვა ძალიან უყვარს და ამას უმეტესად შესანიშნავად ახერხებს ხოლმე, მაგრამ ხანდახან მწვრთნელს უსაფრთხოების მეტი გარანტია სჭირდება...

- გერმანიის საფეხბურთო კავშირთან ახალ კონტრაქტს როდის გააფორმებთ?
- პრეზიდენტ ვოლფგანგ ნირსბახს და გენერალურ მდივან ჰელმუტ ზანდროკს ახლო მომავალში კიდევ ერთხელ შევხვდები. შესაძლოა, ეს 24 ოქტომბრამდეც კი მოხდეს.

- ნოემბერში ორი საინტერესო ამხანაგური მატჩი გაქვთ იტალიასა და ინგლისთან. ამ შეხვედრებში დორტმუნდის "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერს ხომ არ გამოიძახებთ?
- მოვიფიქრებ... იტალიასა და ინგლისთან ტესტ-მატჩებში მართლაც მინდა, რომ 2-3 ფეხბურთელს შანსი მივცე. ვაიდენფელერს დიდი ხანია ვაკვირდებით, რადგან დიდი ხანია, უმაღლეს დონეზე თამაშობს. შესაბამისად, ამ მატჩებისთვის მასზეც ვიფიქრებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული