რაჟონ რონდო ჩიკაგოელი "ხარი" გახდა

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ რამდენიმე საინტერესო გარიგება განხორციელდა.

გამთამაშებელი რაჟონ რონდო, რომელიც პირველ ივლისს შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდა, კარიერას "ჩიკაგო ბულზში" გააგრძელებს.

მცველმა "ხარებთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ჯამში 28 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ადრე იტყობინებოდნენ, რომ "საკრამენტო" არ აპირებდა რონდოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას. გამთამაშებლის გადაბირებით, აგრეთვე, "ნიუ ორლეანი", "ბრუკლინი" და "ფილადელფია" იყვნენ დაინტერესებულნი.

გასულ რეგულარულ სეზონში 30 წლის რონდომ საშუალოდ 11.9 ქულა, 11.7 შედეგიანი პასი, 6.0 მოხსნა და 2.0 ჩაჭრა დააგროვა.

* * *
გუნდი შეიცვალა "იუტა ჯაზის" მცველმა
ტრეი ბერკმა. "ჯაზმენების" ხელმძღვანელობამ ეს კალათბურთელი "ვაშინგტონ უიზარდში" გაუშვა და მის ნაცვლად დრაფტის მეორე რაუნდში არჩევანის უფლება მიიღო.

"იუტამ" ბერკი 2013 წლის დრაფტზე მეცხრე ნომრად აირჩია. "ჯაზში" ახალი მთავარი მწვრთნელის ქუინ სნაიდერის მისვლის შემდეგ, მცველი როტაციიდან ამოვარდა და მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა. გასულ სეზონში ბერკის საშუალო სტატისტიკა 10.6 ქულა და 2.3 შედეგიანი პასი იყო.

* * *
ჩეხეთის ნაკრების გამთამაშებელი ტომაშ სატორანსკი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გადადის სათამაშოდ. 24 წლის მცველი კონტრაქტზე მოელაპარაკა "ვაშინგტონ უიზარდს". გარიგება სამწლიანია და მისი ღირებულება 9 მილიონ დოლარს შეადგენს.

სატორანსკი, რომელიც "ვაშინგტონმა" 2012 წლის დრაფტზე 32-ე ნომრად აიყვანა, გასულ სეზონში "ბარსელონაში" თამაშობდა და საშუალოდ მატჩში 9.6 ქულას, 4.3 შედეგიან გადაცემასა და 2.9 მოხსნას აგროვებდა.

სხვა გარიგებები
- გასული სეზონის საუკეთესო მეექვსე მოთამაშე ჯამალ კროუფორდი "ლოს ანჯელეს "კლიპერსში" გააგრძელებს გამოსვლას. მხარეებმა სამწლიან კონტრაქტზე მოილაპარაკეს, რომლის ღირებულებაა 42 მილიონი დოლარი.

- ექს-ვაშინგტონელი გარეტ ტემპლი "საკრამენტოსთან" სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ჯამში 24 მილიონ დოლარს მიიღებს.

- ცენტრი კაილ ოლდრიჩი სამწლიან და 22-მილიონიან კონტრაქტს მიიღებს "მინესოტასგან".

- "ვაშინგტონი" გაიფორმებს ფორვარდ ენდრიუ ნიკოლსონს. მხრეებმა შეათანხმეს ოთხწლიანი და 26-მილიონიანი ხელშეკრულების დეტალები.

- ფორვარდი დუაიტ პაუელი "დალას მავერიქსში" გააგრძელებს გამოსვლას. ამ კალათბურთელმა 37 მილიონ დოლარად ღირებული ოთხწლიანი კონტრაქტი მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული