NBA. პლეი ოფი: ფინალი თითქმის ცნობილია

AutoSharing Option
თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ წელს NBA-ის ფინალურ სერიაში "კლივლენდი" და "გოლდენ სტეიტი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ლიგის ისტორიაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომელიმე გუნდს 0:3-დან მოეგოს სერია. სწორედ ამ ანგარიშით იგებენ "კლივლენდი" და "გოლდენ სტეიტი" და საკალათბურთო სამყარო ლებრონ ჯეიმსისა და სტივენ კარის დუელის მოლოდინშია.

აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალური სერიის მესამე მატჩში "კავალიერზს" ისევ ვერ ეხმარებოდა კაირი ირვინგი, "ატლანტას" კი პლეი ოფის ბოლომდე გამოაკლდა მთავარი სნაიპერი კაილ კორვერი.

თავდაპირველად საკადრო პრობლემები "კლივლენდს" უფრო ეტყობოდა და ამის მიზეზი იყო პირველ მეოთხედში ლებრონის ტყორცნების
სტატისტიკა: 10-დან ნული - ასე ცუდად "მეფეს" მატჩი არასოდეს დაუწყია.

გასაკვირი არ არის, რომ სადებიუტო 12-წუთეულის შუაში მასპინძლებს მხოლოდ შვიდი ქულა ჰქონდათ, "ატლანტას" კი სულ ცოტა აკლდა ორნიშნა უპირატესობამდე. "კლივლენდმა" მეტოქეს უფრო წინ გასვლის საშუალება დელავედოვას, შამპერტისა და სმიტის ტრიოს აქტიურობის წყალობით არ მისცა.

მეორე მეოთხედში ლებრონმა თანდათან გაასწორა მიზანი და დროის ამ მონაკვეთში 10 ქულაც აიღო, მაგრამ "ატლანტა" თავისი საფირმო კომბინაციური თამაშით მაინც არ უშვებდა წინ მეტოქეს.

შესაძლოა, თამაშში გარდატეხა მაშინ მოხდა, როცა ტაიმის ბოლოს მსაჯს გაძევება გამოსტყუა ელ ჰორფორდმა, რომელმაც დელავედოვას უხეშობას რესტლინგის ილეთით უპასუხა. არადა, მანამდე "ატლანტას" ცენტრი ძალიან პროდუქტიული იყო - 19 წუთში 10-დან შვიდი ტყორცნა მოათავსა კალათში.

მეორე ტაიმში ჰორფორდის ნაცვლად მოთამაშე მაიკ მუსკალას დაცვაში არაფერი გამოსდიოდა და ჯეიმსაც გაილაღა. მატჩი ლებრონის შოუდ გადაიქცა. "მეფე" თითქმის ყველა შეტევას ზუსტად ასრულებდა ან პასების ურიგებდა პარტნიორებს.

მოკლედ, "კლივლენდმა" დიდი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ გადამწყვეტ გაქცევას მაინც ვერ ახერხებდა. თუმცა "ჰოქსს" წაგების სერიოზული საფრთხე მაინც დაემუქრა, როცა მეოთხე მეოთხედის სტარტზე "კავალერები" 10 ქულით გავიდნენ წინ.

ამ მომენტში თითქოს განწირულმა "ატლანტამ" დარჩენილი რეზერვები აამოქმედა. სტუმრები უკომპორმისოდ ებმებოდნენ ყველანაირ ორთაბრძოლაში და თამამად მიდიოდნენ მეტოქის ფარისკენ, რადგან გრძნობდნენ, რომ ამ მატჩის წაგება პრაქტიკულად სერიის წაგებას ნიშნავდა. ყველაზე მეტად ჯეფ ტიგი აქტიურობდა, რომელსაც პარტნიორებიც უბამდნენ მხარს.

"კლივლენდი" მეტოქის ამგვარი მონდომებით ოდნავ დაიბნა და მთლიანად ლებრონს მიენდო, რომელიც რითმიდან ამოვარდა. მან შორეული ტყორცნა ააცილა, შეტევაში აიღო ჯარიმა, ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და საფინალო სირენამდე 28 წამით ადრე, "მინუს ერთზე" ბურთი დაკარგა. ახალ უკვე "კავალიერზი" ჩანდა განწირული.

მაგრამ აქ თავისი როლი ითამაშა "კლივლენდის" დაცვამ, რომელმაც ძირითადი დროის ბოლო წუთზე ბურთი არ ჩააგდებინა "ჰოქსს" და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. თუმცა ტიგს შეეძლო გამარჯვება მოეტანა სტუმრებისთვის, მაგრამ სირენასთან ერთად ნასროლი სამქულიანი მიზანს აცდა.

ოვერტაიმი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. დაცვა შეტევას სჯობდა და ასეთი სიტუაციაში პირველ პლანზე გამოვიდა ინდივიდუალური გმირობები. 55 წამით ადრე ტიგმა მატჩში თავისი მესამე სამქულიანი ჩააგდო და "ჰოქსი" წინ გაიყვანა - 111:109. მაგრამ, ბოლო სიტყვა ისევ ლებრონს დარჩა.

კოჭლობით მოთამაშე "მეფემ" (დამატებით დროში ჯეიმსმა ერთ-ერთი შეჯახებისას ტრავმა მიიღო) ტიგს ვალი დაუბრუნა და კუთხიდან ჩააგდო სამქულიანი (112:111), შემდეგ კი გაამყარა უპირატესობა ტიგთან დაცვაში კარგი თამაშის შემდეგ განხორციელებული გარღვევით - 114:111. "ატლანტას" ისევ ჰქონდა გადამრჩენი ტყორცნის შანსი, მაგრამ მაკმა არაზუსტად ისროლა.

გუშინ, ლებრონი გახდა პირველი კალათბურთელი ისტორიაში, ვინც პლეი ოფში ასეთი სტატისტიკა დააფიქსირა: 37 ქულა, 18 მოხსნა, 13 პასი. ეს არის იმ კალათბურთელის ციფრები, რომელმაც მატჩი 10 აცილებით დაიწყო და ტრავმით დაასრულა. ეს არის ჯეიმსის მე-12 სამმაგი დუბლი პლეი ოფში (უფრო მეტი მეჯიქ ჯონსონს აქვს) და 75-ე მატჩი, როცა მინიმუმ 30 ქულა დააგროვა.

კლივლენდი-ატლანტა 114:111 (ო)
21:24, 27:25, 33:27, 23:28, 10:7
კ: ჯეიმსი (37+18 მოხსნა+13 პასი+3 ჩაჭრა), დელავედოვა (17), სმიტი (17+10 მოხსნა), შამპერტი (15+7 მოხსნა), ტომპსონი (10+7 მოხსნა).
ა: ტიგი (30+7 პასი+6 მოხსნა), მილსეპი (22+9 მოხსნა), ჰორფორდი (14), ბეიზმორი (14+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), მაკი (13), კეროლი (10).
სერია: 3-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული