ლებრონ ჯეიმსს გაუმართლა, ზაზა ფაჩულიას რომ გადაურჩა!

AutoSharing Option
ვიდეო
"მაიამი ჰიტი" აღმოსავლეთის კონფერენციაში მეორე ადგილზეა. შინ 19-იდან 17 მატჩი აქვს მოგებული. მაიამიში გამართულ შეხვედრაში ფლორიდელები "ატლანტასთანაც" ფავორიტებად ითვლებოდნენ, მით უმეტეს, რომ ჯორჯიელებს მთავარი მექულე ჯო ჯონსონი აკლდათ მუხლის ტრავმის გამო.

თუმცა მატჩი ისე წარიმართა, მოედანზე ფავორიტი არ გამოკვეთილა, რაც ატლანტელების, ჯოშ სმიტის (23 ქულა), ჯეფ ტიგის (16 ქულა) და ზაზა ფაჩულიას დამსახურებაა.

მართალია, ქართველი ცენტრი 10 ქულამდე ვერ ავიდა (9 ბალი, 10 მოხსნა), მაგრამ მწვრთნელს ყველაზე მეტად მისი დახმარება რომ დასჭირდა, სათამაშო დრომაც დაამტკიცა: ზაზამ ატლანტელთაგან ყველაზე მეტი, 42
წუთი ითამაშა. ცხადია, საკვანძო ეპიზოდებშიც მოედანზე იყო.

პირველ ტაიმში ლებრონ ჯეიმსისა და დუეინ უეიდის გუნდი მონდომებით ცდილობდა მატჩის სადავეების ხელში ჩაგდებას, მაგრამ 9 ქულაზე მეტით დაწინაურებას ვერ ახერხებდა. "ატლანტა" არათუ სხვაობას კვეცდა, წინაც გადიოდა. მესამე პერიოდში სტუმრებმა ზაზას ორქულიანის შემდეგ სულაც 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ლებრონის აფეთქების შემდეგ მაინც "მაიამიმ" გადაწონა - 66:65. სწორედ ამ მომენტში მოხდა ინციდენტი ფაჩულიასა და ჯეიმსს შორის, რაზეც ქვემოთ ვრცლად წაიკითხავთ.

ანგარიში მეოთხე პერიოდშიც აიწონა-დაიწონას პრინციპით მერყეობდა. სირენამდე 52 წამით ადრე ზაზამ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა და ჯარიმების ტყორცნის უფლება მოიპოვა. ერთი გამოიყენა და - 81:83 ("მაიამის" სასარგებლოდ). დარჩენილი მონაკვეთი ქულაუხვი გამოდგა: "ატლანტამ" 5 ჩააგდო, "მაიამიმ" - 6. ბოლო შეტევა ჯორჯიელებს დარჩათ - ჯანერო პარგომ შორეული სამქულიანი სტყორცნა და მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა. 89:86 "მაიამი ჰიტის" სასარგებლოდ.

31 ქულით მატჩის ბომბარდირი ლებრონ ჯეიმსი გახდა."ჰოქსი" მომდევნო თამაშს 9 მარტს დეტროიტში ჩაატარებს.

მაიამი-ატლანტა 89:86
ზაზა ფაჩულია: 42 წუთი, 9 ქულა (9/4 ორქულიანი, 2/1 საჯარიმო), 10 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა, 3 ფოლი, 3 შეცდომა.

* * *

"NBA-ში ყველაზე თავზეხელაღებული კალათბურთელის ჯილდო რომ არსებობდეს, ნამდვილად ზაზა ფაჩულია მოიპოვებდა.

ლებრონ ჯეიმსს გაუმართლა, რომ ფაჩულიასთან ჩხუბის შემდეგ თვალები სახეზე შერჩა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ლებრონი "ნიუ ორლეან სეინთსის" საფეხბურთო გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა," - დაწერა "მაიამი ჰერალდის" ჟურნალისტმა ჯოზეფ გუდმანმა თავის სვეტში.

ამერიკელი მიმომხილველის სიტყვები ცოტა გაბუქებულია, თუმცა ზაზა ფაჩულიამ და ლებრონ ჯეიმსმა "მაიამი"-"ატლანტას" მატჩისას მართლაც იჩხუბეს.

ბურთისთვის ბრძოლაში მაიამელმა ზაზა წააქცია და ზედ დაახტა. გაბრაზებულმა ფაჩულიამ კისერში ხელი მოჰკიდა, თუმცა ფლორიდელს თანაგუნდელი გამოექომაგა, ზაზას დასახმარებლად კი ჯოშ სმიტმა მოირბინა. ამასობაში გამშველებლებიც გამოჩნდნენ და სიტუაცია განიმუხტა.

ასე რომ, სიტყვა "თავზეხელაღებული" და ერთ-ერთი ყველაზე უხეში სპორტის, ამერიკული ფეხბურთის წარმომადგენელი "ნიუ ორლეან სეინთსის" ხსენება ჯოზეფ გუდმანის მხრიდან სტატიისთვის სიმძაფრის მიცემისთვის იყო ხსენებული. მსაჯებმა ზაზა ტექნიკური შენიშვნით დასაჯეს და შეხვედრაც ისევე საინტერესოდ გაგრძელდა, როგორც მანამდე მიმდინარეობდა.

ახლა ატლანტელ ჟურნალისტ მაიკლ კანინგემს მოვუსმინოთ: "ფაჩულია კვლავაც ამტკიცებს, რომ NBA-ს კოლიბრის ცენტრია - აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტ "მაიამისთან" ძლიერად ითამაშა. კარგი იქნებოდა, ქართველს ერთი ტყორცნით მეტი გამოეყენებინა და ორმაგი დუბლი შეესრულებინა, მაგრამ მან მაინც დიდი სამუშაო გასწია.

ძალისმიერი თამაშით მაიამელებს სერიოზული თავსატეხი გაუჩინა. არც მათ ლიერდ ლებრონ ჯეიმსს დაუთმო რამე, რომელსაც ნამდვილად არ სიამოვნებდა, რომ კალათისკენ გზას ზაზა უღობავდა. ასე მოხდა ჩხუბის მომენტშიც, რაზეც ფაჩულია შემდეგს ამბობს:

- ორივე იატაკზე აღმოვჩნდით. მეც ბურთისთვის ვიბრძოდი და ჯეიმსიც. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ამასობაში მსაჯებმაც დაუსტვინეს და...

ლებრონ ჯეიმსის კომენტარი ასეთი იყო:
- ფეხბურთის თამაშს დიდი ხანია შევეშვი, თუმცა სამაგისო მონაცემები ახლაც მაქვს...

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში ზაზა ფაჩულიამ სახელი კევინ გარნეტთან ჩხუბით გაითქვა. მან "ბოსტონელ" ვარსკვლავს უხეშობა არ აპატია. იყო კიდევ არაერთი მსგავსი შემთხვევა, რომლებზეც ზაზას არაერთხელ უთქვამს:

- თამაშის აგრესიული სტილის გამო ზოგჯერ მეტოქეებთან უსიამოვნებაც მომდის, მაგრამ მთავარია, რომ მოედანზე კი არ ვჩხუბობ, არამედ ვიბრძვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ზაზა ჟილკიანია!ისე ნბა-ში ერთ სეზონსაც ვერ ჩაამთავრებდა!
ასეა ეს
16:55 21-04-2015
0
ვიდეოო დადეეთ რაა
ilia
13:50 09-03-2012
0

სიახლეები პოპულარული