სუპერლიგიდან ლიტვამდე - ინტერვიუ "აკადემიას" დირექტორ სოფო ხვედელიძესთან

AutoSharing Option
საკალათბურთო სუპერლიგაში წლეულს ყველა გუნდი მეტ-ნაკლებად თანაბარია, რაც პირდაპირ მოქმედებს მატჩების სანახაობრივ მხარეზე. როცა ბოლოადგილოსანი სტუმრად პირველადგილოსანს უგებს, უკვე ნათელია, რომ საქმე დაძაბულობასთან გვაქვს.

გავესაუბრეთ საკალათბურთო კლუბ აკადემიას დირექტორ სოფო ხვედელიძეს, რომელიც ახლახან ლიტვიდან დაბრუნდა.

საუბარი სუპერლიგური "აკადემიათი" დავიწყეთ.

- ჩვენი გუნდის სუპერლიგაში ჩართვა რომ გადაწყდა, ჩემპიონატი უკვე დაწყებული იყო. ამიტომ "აკადემიაში" ის კალათბურთელები შევკრიბეთ, რომლებიც იმ დროისთვის თავისუფლები იყვნენ. არც ამერიკელების არჩევა იყო იოლი, რადგან მათი ნაუცბათევად ჩამოყვანა ნამდვილად არ არის გამართლებული.

- ნელ-ნელა გუნდი ლეგიონერებითაც შეივსო...
- "აკადემიაში"
საბოლოოდ საინტერესო შემადგენლობა შეიკრიბა. მართალია, ჯერ მხოლოდ 2 მატჩის მოგება მოვახერხეთ, მაგრამ დავინახეთ, რომ ყველა მეტოქესთან თანაბრად შეგვიძლია ბრძოლა. მაგალითად, "დინამოსთან" ბოლო წამებზე აცილებული საჯარიმოებით წავაგეთ, "ქუთაისთან" ოვერტაიმში დავთმეთ, ბათუმში, ჩემპიონატის პირველადგილოსანთან გავიმარჯვეთ. აჭარულ მატჩში მთელი გუნდი ერთ მუშტად იყო შეკრული, დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა.

- მო ბრიგსმა ბათუმში 40 ქულა ჩააგდო...
- მომ აშკარად გაამართლა ჩვენი მოლოდინი. ძალიან კარგი კალათბურთელია და დიდ დახმარებას გვიწევს. ემერსონ მარეი მართალია, ქულებს უხვად არ აგროვებს, მაგრამ დაცვაშიც საიმედოა და, რაც მთავარია, გუნდური ტიპის კალათბურთელია. წინა ხაზში კი ბელარუსი ალექსანდრ კრისევიჩი ბევრს იბრძვის.

- შუა სეზონში გუნდი დატოვა დეანდრე მეისიმ. რა იყო ამის მიზეზი?
- მან გამთამაშებლის პრობლემა ვერ გადაგვიჭრა, ინდივიდუალური ტიპის კალათბურთელი იყო...

- მიმდინარე სეზონში რა არის "აკადემიას" მიზანი?
- როგორც აღვნიშნე, გუნდი რომ შეიკრიბა სეზონი დაწყებული იყო, ამიტომ საპლეიოფო კვარტეტში მოხვედრა გაგვიჭირდება. ჩვენი ამოცანა სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ამასთან უნდა აღვნიშნო, რომ სუპერლიგურ "აკადემიასთან" ჩვენი საკალათბურთო სკოლაა მიბმული, რომელიც დიდი ხანია გამართულად ფუნქციონირებს. პირველ გუნდში სწორედ "აკადემიას" ახალგაზრდული გუნდის არაერთი კალათბურთელი ირიცხება. მოზარდებისთვის უმაღლეს ლიგაში თამაში კარგი სტიმულია. ვინც თავს გამოიჩენს, სუპერლიგაში თამაშის შანსიც მიეცემა.

- საკალათბურთო აკადემიაში რამდენი ბავშვი ვარჯიშობს?
- სამასამდე. მხოლოდ 20-წლამდელთა ჩემპიონატში გამოგვყავს ერთი გუნდი, ყველა დანარჩენ ასაკში 2-2 გუნდით ვთამაშობთ.

სხვათა შორის, ამას წინათ, თბილისის 15-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში აკადემიის ორი გუნდი გავიდა. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი სკოლის აღზრდილები რეგულარულად თამაშობენ საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში.

- ახლახან დაბრუნდით ლიტვიდან. რა იყო საბონისის სკოლაში სტუმრობის მიზანი?
- არვიდას საბონისის აკადემიასთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს. ექსკლუზიურ უფლებას ვფლობთ და ყოველმხრივ დავეხმარებით მათ, ვისაც საბონისის აკადემიაში სურს ვარჯიშის გაგრძელება.

Sportall.Geსხვათა შორის, ჩვენგან ერთი ბავშვი უკვე თამაშობს ლიტვაში, საბონისის სკოლაში - ნიკა კუნჭულია.

ლიტვურ მხარესთან გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას პრაქტიკულ, თეორიულ საკითხებში, მოთამაშეთა და მწვრთნელთა გაცვლა-გამოცვლას და სხვა მრავალ საკითხს.

ლიტვაში სტუმრობის მიზეზი ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი იყო. იგი სხვადასხვა ასაკში ჩატარდა. ჩვენ გვყავდა 2004 წელს დაბადებულთა და კიდევ უმცროსთა გუნდი, ვასილ სომხიშვილის ხელმძღვანელობით.

- რა შეიძინეს მოზარდებმა ლიტვაში თამაშით?
- ბავშვებმაც დიდი გამოცდილება მიიღეს და მწვრთნელებმაც. მათ 4-მოედნიან მშვენიერ დარბაზში უწევდათ ვარჯიში. ნახეს როგორი მომზადებულები არიან მათი თანატოლები ფინეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან... როგორი დისციპლინაა იქაურ გუნდებში, რა არის საჭირო მათ დონემდე მისასვლელად...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული