ქუთაისი-ბათუმი 73:74 - კიდევ ერთი ვნებათაღელვა ქუთაისში

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის XIII ტურის შეხვედრაში "ქუთაისმა" "ბათუმს" უმასპინძლა. ლიდერთა დაპირისპირება საინტერესო და კარგი საცქერი გამოდგა, მაგრამ შეხვედრამ ინციდენტის გარეშე არ ჩაიარა.

"ქუთაისმა", რომელიც 9 ქულით იგებდა, უპირატესობა ბოლო წამებზე გაფლანგა. მატჩის დამთავრებამდე 24 წამი იყო დარჩენილი, როცა ლეჟავამ ორქულიანით ანგარიში გაათანაბრა - 73:73. ქუთაისელებმა შეტევა კარგად ვერ განავითარეს, შემდეგ კი უკანასკნელ წამზე დაჯარიმდნენ. მიქელაძემ პირველი საჯარიმო ზუსტად ისროლა, მეორე კი შეგნებულად გააფუჭა და დროც ამოიწურა.

მატჩის ბოლო წამებზე განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილო გულშემატკივრები მსაჯებს შემოსწყრნენ. ფანებს ვალში არც ზაზა მაჩალაძე
დაურჩა და დაძაბული ვითარება მატჩის შემდეგაც შენარჩუნდა. ვითარება კალათბურთელებისა და ფედერაციის ხელმძღვანელების ჩარევის შედეგად განიმუხტა.

მანამდე კი ძალიან საინტერესო თამაში იყო. სტუმრებმა შეხვედრა რიხიანად დაიწყეს, ნიკა რამიშვილმა ზედიზედ სამი სამქულიანი ჩააგდო და ზღვისპირელები 9:0 დააწინაურა.

რიჩარდ მათიაშვილისა და გოგა ცეკვავას კარგი თამაშის წყალობით ქუთაისელებმა ცოტა ხანში წინ გასვლა მოახერხეს - 13:11. შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდა. სამწამიან ზონაში კარგი იყო რიჩარდ მათიაშვილი, რომელმაც პირველ პერიოდში 12 ქულა ჩააგდო. კარგად ჩაერთო თამაშში ამერიკელი ბრიტონი, თუმცა, მათი გარჯის მიუხედავად, "ქუთაისმა" უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო, ბათუმელები უფრო გუნდურად მოქმედებდნენ და პერიმეტრიდანაც კარგად ისროდნენ. ბოლო წამზე მაისურაძის მიერ ჩაგდებული სამიანის შემდეგ სტუმრებმა პირველი მეოთხედი 8 ქულით მოიგეს - 21:29

მასპინძლებმა მეორე პერიოდი უფრო ენერგიულად დაიწყეს. კარგად ათამაშდა გიგი ბარბაქაძე, რომელმაც გუნდს საჭირო ქულები მოუპოვა, ბრიტონმა კი ეფექტური სლემ დანქით ანგარიში გაათანაბრა - 33:33.

რამიშვილმა კიდევ ერთი სამქულიანით ცოტა ხნით კი შეაჩერა ქუთაისელთა აღმაფრენა, მაგრამ მასპინძლებს ტემპი არ დაუგდიათ და ძირითადად, მათიაშვილის შედეგიანი თამაშის წყალობით დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 43:40. მესამე მეოთხედის საწყისი წუთები ორივე გუნდმა მძიმედ ჩაატარა.

შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდა. ძირითადად, წინ "ბათუმი" იყო, მაგრამ ბოლოს ისევ "ქუთაისმა" იძალა. მათმა ამერიკელმა ლეგიონერმა ბრიტონმა მასპინძლები წინ გაიყვანა, მაგრამ რამიშვილმა ბოლო წამზე სამქულიანით გაათანაბრა ანგარიში - 57:57.

გადამწყვეტი მეოთხედი ქუთაისელთა აქტიურობით დაიწყეს. თუ იქამდე რიონისპირელებს 9-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჰქონდათ ჩაგდებული, ეს კომპონენტი გააუმჯობესეს, ცეკვავამ და ფაშაევმა შორიდან კარგად ისროლეს და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანეს.

მასპინძლები მალე 9 ქულითაც დაწინაურდნენ - 71:62, მაგრამ დავით უსტიაშვილის შეგირდები ბრძოლას განაგრძობდნენ. დაცვაში მათი ეფექტური თამაშის შედეგად, სხვაობა თანდათან შემცირდა. ბოლო წამები ძალიან დაძაბული და ემოციებით დატვირთული გამოდგა, ბათუმმა მცირეოდენი სასწაული მოახდინა და მასპინძლებს ბოლო წამებზე საოცარი თამაში შემოუტრიალა.

გამარჯვებულთა რიგებში 18 ქულითა და 9 მოხსნით აკაკი დვალიშვილი გახლდათ. 17 ქულა ჩააგდო რამიშვილმა. ქუთაისელთაგან ორმაგი დუბლი გაიფორმეს ცეკვავამ და ბექაურმა. ყველაზე მეტი ქულა (20) კი საკუთარ გუნდს მათიაშვილმა შესძინა.

სუპერლიგა. XIII ტური
ქუთაისი-ბათუმი 73:74
21:29, 22:11, 14:17, 16:17
ქუთაისი: ფაშაევი (7ქ, 8პ.), ცეკვავა (13ქ.10პ.), ბოისა (2ქ), ბექაური (10ქ.15მ.), მათიაშვილი (20ქ.), ქადარია, ბრიტონი (12ქ.), დ.ბარბაქაძე, გ.ბარბაქაძე (9ქ.)
მწვრთნელი:კ.ტუღუში
ბათუმი: ლეჟავა(3ქ.6პ.), სტეფანიშინი (8ქ.9მ.6პ.), რამიშვილი (17ქ.), ხრისტოვი (8ქ.6მ.), თენიეშვილი, მიქელაძე (8ქ.7პ.), რევაზაშვილი (6ქ), მაისურაძე (6ქ)
მწვრთნელი: დ.უსტიაშვილი
მსაჯები: ზ.მაჩალაძე, მ.კუპატაძე,დ.ბერეკაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული