"ქუთაისმა" "დინამო" მესამე ცდაზე დაამარცხა

AutoSharing Option
"ქუთაისმა" "დინამო" დაამარცხა. სუპერლიგის ლიდერმა სეზონში მე-2 მარცხი განიცადა და ცხრილში რეგულარული ჩემპიონატის მოგება სათუო გაიხადა. არადა, დღეს რომ გაემარჯვა, დინამოელები პირველ ადგილს, ფაქტობრივად, ინაღდებდნენ.

"ქუთაისი" და "დინამო" ბოლო 2 კვირაში ერთმანეთს მესამედ შეხვდნენ. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა იმერული კლუბი თასის გათამაშებაში ორჯერ დაამარცხა და ფინალში გავიდა, სუპერლიგის მორიგ ტურში კი დაძაბულ მატჩში მარცხი განიცადა.

დინამოელები ალბათ ამ მატჩსაც მოიგებდნენ, რომ არა ქუთაისელთა გმირული თამაში. პირველი ტაიმი "დინამომ" 40:35 მოიგო და მესამე პერიოდის მე-5 წუთზე 50:41 დაწინაურდა. სწორედ აქ მოხდა
გარდატეხა, ოღონდ ეს ქუთაისელებმა შეძლეს. მოედნის ორივე ნაწილში შედეგიანი თამაშის წყალობით ქუთაისელებმა ჩამორჩენა გააბათილეს, შემდეგ კი დაწინაურდნენ კიდეც.

მესამე პერიოდის შემდეგ "ქუთაისი" 4 ქულით გალიდერდა, ბოლო პერიოდში კი ამ უპირატესობას ინარჩუნებდა და საფინალო სირენამდე 4,20 წუთით ადრე 66:58 დაწინაურდა. "დინამომ" დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე სხვაობის აღმოფხვრა მოახერხა და 3-წუთიანი მონაკვეთის 9:0 მოგების შემდეგ მეტოქეს გადაასწრო - 67:66 .

ქუთაისელები არ დაიბნენ და დარჩენილ დროში თამაშის გამოსწორება და გამარჯვებამდე მისვლა მოახერხეს. ბოლო წუთის გმირი გახდა აბდულაი ნდოე, რომელმაც 2 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, დაცვაში დინამოელ ილია ლონდარიძეს დაუფარა და იმერული კლუბის გამარჯვება უზრუნველყო. აღსანიშნავია ზაურ ფაშაევის ჩაჭრაც, რომელიც აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე მოახერხა, როცა მარკო პოპოვიჩის გვერდიდან შემოტანილი ბურთი ლონდარიძემდე არ მიუშვა.

საბოლოოდ 75:72 - "ქუთაისი" იმერეთში მნიშვნელოვანი გამარჯვებით ბრუნდება. მალხაზ კოხრეიძის გუნდი პირველობისთვის თუ ვერა, ცხრილში მეორე ადგილისთვის იბრძვის, რათა ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ჰქონდეს.

ქუთაისურ გუნდში საუკეთესო შედეგი ზაურ ფაშაევს ჰქონდა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა - 16 ქულა, 10 მოხსნა, 9 პასი. 15 ქულა ჰქონდა მირზა სარალიას, 13 მოხსნა, 8 მოხსნა და 8 დაფარება კი აბდულა ნდოემ მიითვალა. "დინამოში" 19 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა გარიკ შერმანს, ხოლო ილია ლონდარიძემ და მარკო პოპოვიჩმა შეხვედრა 13-13 ქულით დაასრულეს.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): 2 კვირაში "ქუთაისთან" ზედიზედ 3 თამაში ვითამაშეთ. მოგებული თამაშების შემდეგაც ვამბობდი და წინასამატჩო კომენტარის დროსაც აღვნიშნე, რომ ეს არ არის გუნდი, რომელსაც ადვილად მოუგებ, საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეა და ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. შეცდომები გვქონდა, თუმცა არ დავუკარგავ მეტოქეს კარგ თამაშს. საჭიროა სწორი დასკვნები გამოვიტანოთ, რეგულარულში მეორე წაგება ტრაგედია ნამდვილად არ არის. ხვალვე შევიკრიბებით და მოვემზადებით მომავალი თამაშისთვის.

მედეა მხეიძე ("ქუთაისის" მწვრთნელი): პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო "დინამოს", სამივე თამაში იყო დაძაბული და ძალიან კარგი იმ მხრივ, რომ ძლიერი გუნდების ერთმანეთთან თამაშისას მოთამაშეებიც და მწვრთნელებიც იხვეწებიან, თითოეული ასეთი თამაში კლასს გმატებს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ორი წაგების შემდეგ მაქსიმალურად შევეცადეთ ყურადღება გაგვემახვილებინა წინა თამაშებში დაშვებულ შეცდომებზე. მიუხედავად მოგებისა, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, უამრავი შეცდომა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მაღალი მოთამაშეები გვყავს, "დინამოს" მაინც ჰქონდა ფარზე უპირატესობა.

ბოლო ათწუთეულში მოხსნებმა, დაფარებებმა და სწრაფმა შეტევებმა განაპირობა ჩვენი წარმატება. მივულოცავ ჩვენს გუნდს და გულშემატკივარს. "დინამოსთან" ორი წაგების შემდეგ, იყო საუბრები იმაზე, თუ როგორი კლუბი ვართ, რისი ღირსი ვართ და ა.შ. ყველას მადლობას ვეტყვი როგორც კრიტიკისთვის, ისე კეთილი სიტყვებისთვის. ეს ყოველთვის გამოიღებს შედეგს.

წყარო: superleague.com

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული