სუპერლიგა განახლდა: "რუსთავმა" ბათუმში იმარჯვა

AutoSharing Option
თასის გათამაშებაში გამართული 2 მატჩის შემდეგ "ბათუმი" და "რუსთავი" სუპერლიგაშიც შეხვდნენ.

ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტური 20 მარტს სწორედ ამ გუნდების მატჩით გაიხსნა. ბათუმში ქვემოქართლური გუნდი ჩავიდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა სოლიდურად დაწინაურებას. თავიდან სტუმრები იგებდნენ. რუსთაველებმა საწყისი მეოთხედი 17:13 მოიგეს, თუმცა ეს ლიდერობა მეორე მეოთხედში გაანიავეს. "ბათუმმა" მეორე ათწუთეული 24:20 მოიგო და დიდ შესვენებაზე ფრე დაფიქსირდა - 37:37.

მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. ბათუმელები მცირედით ლიდერობდნენ, თუმცა სტუმრები არ რჩებოდნენ
და ბოლო წუთებზე დაწინაურდნენ კიდეც. გადამწყვეტ მომენტში უფრო მობილიზებულად რუსთაველებმა ითამაშეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ.

გამარჯვებულთაგან გამორჩეული სტატისტიკა ჰქონდა და გამარჯვებაშიც უდიდესი წილი დაიდო აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც 23 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა ლევან ცეკვავამ, ხოლო მიხეილ ჭოჭუამ თავი 16 ქულას მოუყარა.

დამარცხებულთაგან ბიჯეი იანგი გამოირჩა, რომელმაც "რუსთავთან" წინა 2 სათასო მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. იანგმა 27 ქულა მიითვალა, მეორე ამერიკელმა, ნიკ კელოგმა თავი 18 ქულასა და 11 მოხსნას მოუყარა. ბათუმელთა მესამე ამერიკელმა - კრის ფელჩერმა შეხვედრა 13 ქულითა და 18 მოხსნით დაასრულა.

სუპერლიგის მიმდინარე ტურის 3 მატჩი ხვალ, 21 მარტს თბილისში, სპორტკომპლექს "არენაში" გაიმართება.

ბათუმი - რუსთავი 79:83
13 24 22 20 
17 20 19 27

მატჩისშემდგომი კომენტარები

მიხეილ ბერუაშვილი, "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი:
- რთული, დაძაბული მატჩი გამოვიდა თავიდან ბოლომდე. ჩვენი გუნდის წევრებმა კარგად იმუშავეს დაცვაში. რაც ვარჯიშებზე დავგეგმეთ, თითქმის ყველაფერი შევასრულეთ, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ და ვულოცავ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. იმედი მაქვს, იმ ჩავარდნას, რომელიც ახლო წარსულში გვქონდა, თავს დავაღწევთ.

დავით უსტიაშვილი, "ბათუმის მთავარი მწვრთნელი:
- საინტერესო, დაძაბული მატჩი იყო. ორივე გუნდს შეეძლო მოგება და საბოლოოდ რუსთაველებმა იმარჯვეს. ჩვენ არ გაგვიმართლა, რისი მიზეზიც მოკლე სათადარიგოთა სკამიცაა. "რუსთავთან" და სუპერლიგის ლიდერებთან დარჩენილ ტურებში ჩამორჩენის შემცირება გამორიცულია. ჩვენ უფრო წინ უნდა ვიყუროთ და პლეი ოფისთვის მოვემზადოთ.

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული