სუპერლიგა. X ტური: ფაშაევის გმირობა ქუთაისში და "მგზავრები-არმიას" გამარჯვება ბათუმში

AutoSharing Option
სუპერლიგის მორიგი, მე-10 ტური საინტერესო მატჩებით დაიწყო. 2 შეხვედრა რეგიონებში გაიმართა - ქუთაისში სათამაშოდ "რუსთავი" ჩავიდა და დრამატულ, ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა, ხოლო ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუტაიდერმა "მგზავრები-არმიამ" ბათუმში იმარჯვა.

ქუთაისი - რუთავი 106:99
ქუთაისში ჯადოსნური ბოლო მეოთხედი იხილეს გულშემატკივრებმა, რისი მიზეზიც აზერბაიჯანელი ლეგიონერის, ზაურ ფაშაევის საოცარი თამაში იყო. რუსთაველები ბოლო პერიოდის წინ 11 ქულით იგებდნენ. თამაში რომ განახლდა, არაფერი მოასწავებდა, რომ სტუმრები დამარცხდებოდნენ - "რუსთავის" მოთამაშეები წარმატებით იხვეჭდნენ ქულებს და ხელჩასაჭიდ ლიდერობას ინარჩუნებდნენ.

ზაურ ფაშაევმა მე-3 სამქულიანიც რომ ჩააგდო, ვითარება დაიძაბა.
თამაშის დასრულებამდე 6 წუთი რჩებოდა და ქუთაისელთა ჩამორჩენა 6 ქულამდე შემცირდა. მომდევნო 1 წუთში აზერბაიჯანელმა უკანახაზელმა ზედიზედ კიდევ 2 სამიანი ჩააგდო, თუმცა რუსთაველთაგან აკაკი დვალიშვილი იხვეჭდა ქულებს და ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 5 ქულამდე შეიკვეცა - 85:89, დასრულებამდე 5 წუთით ადრე.

ფაშაევს სლოვენიელი ლეგიონერი მირზა სარალიაც შეეშველა, რომელმაც დასკვნით პერიოდში 10 ქულა ჩააგდო. სარალიამ სამქულიანი, ორიანი და საჯარიმოც რომ ჩააგდო, ანგარიში გათანაბრდა. ფაშაევს ბოლო მეოთხედში მე-6 სამქულიანი გოგა ცეკვავამ არ ჩააგდებინა, რომელმაც მოედნიდან გავარდნის ფასად მე-5 პერსონალური მიიღო, აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა კი სამივე საჯარიმო მიითვალა და "ქუთაისი" 94:91 დააწინაურა.

აზერბაიჯანელი და სლოვენიერი ლეგიონერის დიდებული თამაშით მოპოვებული ლიდერობა ქუთაისელებმა დარჩენილ 3 წუთში აღარ დათმეს და მიმდინარე სეზონში ალბათ ყველაზე გემრიელი გამარჯვება მოიპოვეს - 106:99.

ზაურ ფაშაევმა ბოლო მეოთხედში 20 (!) ქულა ჩააგდო, მთლიანობაში კი 26 დაუგროვდა. ბომბარდირი მირზა სარალია გახდა 29 ქულით. სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ანატოლი ბოისამ, რომელმაც 17 ქულა მიითვალა.. რუსთაველთაგან საუკეთესო აკაკი დვალიშვილმა 32 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ტერენ ოგლზბიმ კი სტუმრებს 24 ქულა და 10 პასი შეაწია.

ბათუმი - მგზავრები არმია 59:61
კიდევ უფრო დაძაბული მატჩი გაიმართა ბათუმში, სადაც ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფი, მიმდინარე სეზონში ერთადერთი გამარჯვების მომპოვებელი "მგზავრები-არმია" ჩავიდა და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. ამ მატჩში გამოჩნდა, თუ რამდენს ნიშნავს ბათუმელთათვის ბიჯეი იანგი. ამერიკელი არქიმექულე განაცხადში იყო, მაგრამ ავადმყოფობის გამო მოედანზე ვერ გავიდა.

სამაგიეროდ, ჯანზე იყო "მგზავრები-არმიას" ახალშენაძენი ადრიკ მაკკინლი, რომელმაც მთელი თამაშის მანძილზე საკუთარი მხრებით ათრია თავისი გუნდი და საბოლოოდ არმიელებს საამაყო გამარჯვება მოუტანა.

მთელი თამაში ქულა-ქულაში წარიმართა, ლიდერი 16-ჯერ შეიცვალა და ფრეც 16-ჯერ დაფიქსირდა. ყველაფერი ბოლო წამებზე გაირკვა. 1 ქულით დაწინაურებული "მგზავრები-არმიას" ერთ-ერთმა მერაბ ბოქოლიშვილმა საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე ორივე საჯარიმო ააცილა. ამით ბათუმელებმა ვერ ისარგებლეს - ნიკ კელოგმა სამქულიანი ააცილა და როცა ბურთი მაკკინლიმ მოხსნა, მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა: "ბათუმი" "მგზავრები-არმიასთან" შინ 59:61 დამარცხ0და.

19 ქულითა და 22 მოხსნით გამარჯვებაში ლომის წილი მაკკინლიმ დაიდო, ხოლო მერაბ ბოქოლიშვილის ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა. "ბათუმში" 16 ქულით ბომბარდირი ირაკლი მიქელაძე გახდა, 15 დააგროვა კელოგმა, ხოლო კრის ფელჩერის ანგარიშზე ორმაგი დუბლი - 10 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა.

სუპერლიგის მე-10 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 22 თებერვალს, თბილისში, სპორტკომპლექს "არენაში" გაიმართება.

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული